qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
7

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

  სიტყვა თქმული ქუთაისს ხარების დღესა

დღეს, მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო, ჩვენ ვახსენებთ დიდსა და ფრიად შესანიშნავსა სასწაულსა, ესე იგი გაბრიელ მთავარ-ანგელოზისაგან ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისადმი ხარებასა. რას გვასწავლის ჩვენ დღესასწაული ესე? ვითარი სწავლა და დარიგება შეგვიძლიან მივიღოთ ჩვენ მისგან?

პირველად ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ ღმერთსა, შემოქმედსა და კეთილის მყოფელსა ჩვენსა, რომელმან დღეს დასდვა დასაწყისი აღსრულებისა აღთქმათა მათ, რომელთა ეტყოდა იგი მამათ-მთავართა პირითა წინასწარმეტყველთასა. დღეს გამოაჩინა ღმერთმან უმაღლესი თვისი განგებულება კაცობრივისა ნათესავისათვის! ღმერთმან აღუთქვა ოდესმე წინაპართა ჩვენთა მოვლინება მხსნელისა, რომელი აღადგინებს დაცემულსა ბუნებასა კაცისასა; წინასწარმეტყველნი მრავალ გზის განიმეორებენ აღთქმასა ამას ღვთისასა, და აჰა ესერა დღეს მთავარ-ანგელოზი გაბრიელ ახარებს ყოვლად წმიდასა მარიამს, რომელ იგი ჰშობს მესსიას, ემმანუილს, რომელი აღასრულებს ყოველსა განგებულებასა ღვთისასა კაცობრიობისა ნათესავისათვის. როგორ არ უნდა გვიხაროდეს, ვინაიდგან ჩვენთვის იყო ყოველი ესე განგებულება, ჩვენისა ცხოვრებისა და ბედნიერებისათვის!

მეორედ, მივაქციოთ ჰაზრი და გონება ჩვენი ყოვლად წმიდისა ქალწულისადმი, რომელმან მიიღო ხარება მთავარანგელოზისაგან. ვიფიქროთ, ვინ იყო ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი? რისთვის მიიღო მან ესოდენი მადლი? რისთვის იქმნა იგი ერთი მხოლოდ რჩეული ყოვლისა კაცობრივისა ნათესავისაგან? არ შეგვიძლია ჩვენ ვპოვოთ რაიმე მაგალითი და სწავლა ცხოვრებასა შინა მისსა აღსაშენებლად ჩვენდა? შეგვიძლია და ვალიც გვაქვს ხშირად წარმოვიდგენდეთ ცხოვრებასა მისსა და ყოველთა სათნოებათა და თვისებათა მისთა! უმეტესად ქალნი ხშირად უნდა ფიქრობდენ ყოვლად წმიდა ღვთისმშობელზედ და ყოველთა შინა გარემოებათა და შემთხვევათა ეძიებდენ მაგალითსა და სწავლასა ღვთის-მშობლის ცხოვრებაში. ჭეშმარიტად, ცხოვრება ყოვლად წმიდისა ღვთის-მშობლისა არის უმჯობესი მაგალითი ყოვლისა ქრისტიანე ქალისათვის. ქალწულნი ნახვენ მას შინა სახესა და მაგალითსა გამოუთქმელისა სულიერისა და ხორციელისა სიწმინდისასა. თუმცა იგი იყო სულიერად და ხორციელად შემკული ყოვლითა ღირსებითა და მშვენიერებითა, გარნა ამასთანავე იყო მშვიდ, მდაბალ, წყნარ! აჰა დიდი და აღმაშენებელი მაგალითი ყოველთა ქალწულთათვის. ხშირად ვხედავთ და ვიცით, რომელ ზოგნი ქალწულნი, უკეთუ მათ მისცა ღმერთმან მშვენიერება სულიერი და ხორციელი, იქმნებიან გულ-მაღალ. მათ უნდა იფიქრონ ყოველთვის: ვინ იყო უმშვენიერეს და უდიდეს მარიამისა, და ამასთანავე ვინ იყომცა უწყნარეს და უმშვიდეს მისსა!

გარნა არა მხოლოდ ქალწულნი, არამედ დედანიცა თანამდებ არიან ხშირად განიხილონ და იფიქრონ, ვითარი დედა იყო ყოვლად წმიდა ღვთის-მშობელი. ყოვლად წმიდასა მარიამს, ოდეს მან ჰშვა იესო მაცხოვარი, სხვა რაიმე აღარ ახსოვდა, მხოლოდ თვისი ძე: იგი აღარა სცხოვრებდა თავისა თვისისათვის, არამედ ყოველი ცხოვრება მისი იყო ძესა შინა მისსა. ესრეთვე უნდა იქცეოდენ ყოველნი კეთილნი დედანი! მათ თავის თავი უნდა დაივიწყონ, და ახსოვდეთ გაზრდა და ბედნიერება თვისთა ძეთა. ხოლო გსურსა, ჰოი ქალო! შეიტყო, თუ ვითარი მინდობილება და სასოება უნდა ჰქონდეს ყოველსა ქალსა ღვთის განგებულებაზე! წარმოიდგინე ცხადად მთა გოლგოთისა, ჯვარი მას ზედა, იესო გაკრული ჯვარსა ზედა შორის ავაზაკთა, და დედა მისი მარიამ მდგომარე წინაშე მისსა! რას ფიქრობდა მაშინ იგი, რას გრძნობდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ვერც წარმოიდგენ ცხადად მდგომარეობასა მისსა. მე სწორედ ვიცი, რომელ შენ, ანუ სხვა რომელიმე დედა, ვერ მოითმენდით, უკეთუ ძე თქვენი საყვარელი შთავარდნილ იყო ესრეთსა ვნებასა შინა. გარნა ყოვლად წმიდამან ღვთის-მშობელმან მოითმინა; რისთვის? ანუ როგორ? მისთვის, რომელ ჰქონდა მას რწმენა, იცოდა განგებულება ღვთისა; ესრეთ იყო თქმული წინასწარმეტყველთაგან და ესრეთ აღსრულდა. შენც ესრეთ მოიქეცი, ოდეს ძე შენი საყვარელი, ანუ სხვა ვინმე ნათესავი  ანუ თვითონ შენც შთავარდე ჭირსა და უბედურებასა შინა მოითმინე სულგრძელად; იფიქრე და დარწმუნდი, რომელ ყოველივე, რაიცა შეგემთხვევა, ღვთისაგან არის; განგებულება ღვთისა არა დაუტევებს არცა ერთსა კაცსა.

სახარებასა შინა თქმულ არს ყოვლად წმიდა ღვთის-მშობელზედ: ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ესე ყოველნი სიტყვანი გულსა თვისსა, ესე იგი ყოვლად წმიდასა ღვთის-მშობელსა ჰქონდა ის ჩვეულება, რომელ მარადის ფიქრობდა და განიზრახვიდა ყოველთა გარემოებათა და შემთხვევათა ცხოვრებისა თვისისათა; იგი ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის განავრცელებდა ჰაზრსა და ცნობასა თვისსა; ესეც არის ერთი დიდი მაგალითი ყოველთა კაცთა და განსაკუთრებით ქალთა-თვის; ესენიცა მარადის უნდა ფიქრობდენ და განიზრახვიდენ ყოველთა საქმეთა, მარადის უნდა ეძიებდენ და ჭკუითა თვისითა გამოირჩევდენ უმჯობესსა და განეშორებოდენ ყოველსა ცუდსა. მაგალითად ვიტყვი, რომელ ახლანდელსა დროებასა შინა და აქ ამ ჩვენ ქვეყანაში არის ერთი საქმე, რომლისათვის მრავალი უნდა იფიქრონ და არჩიონ ყოველთა ქალთა და კაცთაცა. რა, ანუ რომელი საქმე? ვიცით ჩვენ, რომელ ყოველსა ხალხსა და ქვეყანასა ჰქონან თვისნი ჩვეულებანი და თვისი სახე ცხოვრებისა და ყოფაქცევისა. ესეცა ვიცით, რომელ ჩვეულებათა, უმეტესად ძველთა, ჰქონან თვისი მნიშვნელობა და ძალი. ჩვენცა ძველთა მცხოვრებთა ამ ქვეყანისათა, გვქონდა და გვქონან რომელნიმე განმასხვავებელნი ჩვეულებანი; გარნა აწ შემოდიან რომელნიმე ახალნი ჩვეულებანი და განსხვავებული სახე ცხოვრებისა. აწ არ უნდა ვიფიქროთა? რომელნი ახალნი ჩვეულებანი მივიღოთ და რომელნი ძველ ჩვეულებათაგანიცა მტკიცედ დავიმარხოთ? ნუ თუ ძველნი ჩვეულებანი ისრე ადვილად არიან გამოსაცვლელნი, როგორც ძველი ტანსაცმელი! არ ვიცი ფიქრობთა თქვენ ამაზე? გარნა უკეთუ გსურსთ ჩემი შეიტყოთ ამ საგანზე ჰაზრი, მე ვგონებ, რომელ არიან რომელნიმე ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა ადვილად დასავიწყებელნი, და არიან სხვანი ჩვეულებანი ძველნი, რომელნი არ უნდა დავივიწყოთ არაოდეს. ვსთქვათ: ეს გრძელი და მრავალ-ფერი ტირილი რომ ვიცით მიცვალებულთა ზედა, თუ დავივიწყებთ და გარდავეჩვევით არ მოგვაკლდება არაფერი. და კიდეც მრავალთა ეჭვი შეუვიდა გულსა შინა, კარგი არის, თუ ავი, ეს ჩვეულება. გარნა არიან ზოგნი ჩვეულებანი, ახლად-შემოსრულნი, რომელთა, უკეთუ მივიღებთ, მოგვეცემა დიდი სარგებლობა და არიანცა სხვანი ჩვეულებანი ახალნი, რომელნი და განაშოროს ჩვენგან ღმერთმან. ხოლო თუ რომელნი, სახელდობ, არიან მისაღებელნი ჩვეულებანი და რომელნი არა მისაღებელნი, ამაზე განგრძელებისათვის სიტყვისა, აღარ ვიტყვი მე აწ, არამედ გირჩევთ ძმანო და დანო, იფიქროთ თქვენვე და მით დაემსგავსოთ ყოვლად წმიდასა, რომელი, ვითარცა ვჰსთქვით, მარადის ფიქრობდა და განიზრახვიდა ყოვლისა საქმისათვის. ამინ.

წყარო :ortodoxy.ge