qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
4

ადამიანი – ხორცით დაწერილი ქრისტეს ხატი

 

 

“თუკი სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ მათ ისე, როგორც თავად ღმერთს და ნუ მოითხოვთ სიყვარულისთვის სიყვარულს, თავმდაბლობისთვის – შექებას, სამსახურისთვის – მადლიერებას.”

ს.ა. ნილუსი

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

(ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი):

“მოყვასის სიყვარულის კარგად გაგებისათვის ადამიანის შესახებ მოძღვრება გაცნობიერებული უნდა გვქონდეს. ვინ არის ადამიანი? ქრისტიანებმა ვიცით, რომ ადამიანი ღვთის ხატია, რაც ქრისტიანისთვის მაცხოვრისა და ადამიანის, როგორც ქრისტეს ხატის სიყვარულს გულისხმობს.

წმიდა სერაფიმ საროველი ყოველი ადამიანის წინაშე ასე იქცეოდა. თქვენ რომ აქ სერაფიმ საროველი დაგხვედროდათ, მუხლს მოგიდრეკდათ, ხელზე გეამბორებოდათ და გეტყოდათ: “საყვარელნო, ქრისტე აღდგა…!” მე არ მაქვს ის სულიერება, სამწუხაროდ, რაც წმ. სერაფიმეს ჰქონდა, ღმერთმა მე და ყველა ჩვენგანს მოგვანიჭოს. აქ კარგად ჩანს, რას ნიშნავს წმიდანისთვის ადამიანი. მორწმუნე ადამიანი ქრისტეს ხატს რომ ხედავს, თაყვანს სცემს, ეამბორება და ამით საღებავს კი არ ეამბორება, არამედ ქრისტეს. ადამიანი ხორცით დაწერილი ქრისტეს ხატია და შეუძლებელია ქრისტეს სიყვარულისაკენ ისწრაფვოდე და მოყვასისკენ – არა. უფალი ამასაც ამბობს: ღვთის სიყვარული მთავარი მცნებაა და მსგავსი ამისი – გიყვარდეს მოყვასი შენიო…

ქრისტიანული განმარტებით, მოყვასში მხოლოდ ოჯახის წევრები არ შედიან. მოყვასში აბსოლუტურად ყველა ადამიანი იგულისხმება, მათშორის – მტერიც, ამ სიტყვის ღრმა გაგებით, რადგან ყოველი ადამიანი ქრისტეს ხატია.
ყველას გვინახავს ჩვილი ბავშვი. ის იმდენად უსუსურია, რომ გული გეკუმშება. რა შეიძლება გააკეთოს ამ ბავშვმა ისეთი, რომ შენ გაგაბრაზოს? ჩვილი ბავშვი ისეთს ვერაფერს მოიმოქმედებს, რომ გული გეტკინოს. მე ვსვამ კითხვას: ღმერთისათვის განა თითოეული ადამიანი ჩვილი ბავშვი არ არის? უფალი კი ჩვილ ბავშვზე ვერასდროს გაბრაზდება.

ბასილი დიდი საოცარ რამეს ამბობს: როდესაც ადამიანი სცოდავს, ღმერთი იმწამსვე პატიობს. სამართლებრივად არ ელოდება მის სასჯელს, არც მის რაიმე ქმედებას, უფლის მამობრივი გული იმწამსვე პატიობს, უბრალოდ, ადამიანის ცხონებისათვის ეს საკმარისი არაა, ეს უკვე სხვა თემაა.

თუ გახსოვთ ღვთისმშობლის მიძინების ხატი? გარდაცვალებულია ღვთისმშობელი, მისი სხეული დასვენებულია და უკან მაცხოვარია, რომელმაც წმიდა ქალწულის სული მიიღო, ღვთისმშობელი, როგოც ჩვილი ბავშვი, სახვევებშია გახვეული, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ღვთისმშობლის პიროვნულ და სულიერ უმანკოებას. ყველა ადამიანიც არსობრივად ასეთია, შეიძლება თავის ცხოვრების წესით არა, მაგრამ არსით იგივეა. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რაც ჩვენ გაგვიადვილებს მოყვასის სიყვარულს.

მოყვასის სიყვარული – ეს არის ნიშანი იმის, რომ ქრისტიანი ხარ. როდესაც უფალი ამბობს: მიუტევე, მამაო, გვასწავლის, რომ ეს უნდა შევძლოთ, ეს უნდა იყოს ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საქმე. სიყვარულის გარეშე ადამიანი პიროვნულად არ ვითარდება”.

ქეთი ჭელიძე