qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
25

რატომ უწოდებენ მღვდელს “მამაოს”

 

 დიაკონი ანდრია კურაევი

 

 

ფსიქოლოგიურად გასაგებია პროტესტანტი მქადაგებლების სურვილი ამხილონ მართლმადიდებლები რაც შეიძლება მეტ ცოდვაში და ბიბლიური წესების დარღვევაში. ფსიქოლოგიურად ეს გასაგებია – თუმცა ქრისტიანულად გამართლებული როდია მუდამ სხვისი ცოდვილობის ძიებაში იყო და მაქსიმალურად ნეგატიურად ახსნა სხვა ქრისტიანების “გაუგებარი” ქცევები.

ამ საყვედურებს შორის ერთი მართლაც ყველაზე უცნაურია – ესაა მართლმადიდებლების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი მღვდლებს “მამაოს” უწოდებენ და ამით თითქოს ეწინააღმდეგებიან მაცხოვრის საყოველთაოდ ცნობილ სიტყვებს:” ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ – ზეციერი” (მათე 23, 9).
როგორც ხატების თაყვანისცემის შემთხვევაში, პროტესტანტები მართლმადიდებლებს ქვასავით ესვრიან იმ ბიბლიურ ციტატას, რომელიც მათვე ამხელს. თუკი მართლაც ისინი მოწოდებული არიან სიტყვასიტყვით გაიგონ და მიიღონ ძველი აღთქმა გამოსახულებებზე, მაშინ ჯერ უნდა გაანადგურონ თავიანთი მრავალრიცხოვანი ილუსტრირებული გამოცემა და ყველა ფოტოალბომი, და მხოლოდ ამის შემდეგ გაახვიონ კრიტიკის ქარ-ცეცხლში მართლმადიდებლური ხატები.თუკი ისინი მართლაც ასე დარწმუნებული არიან, რომ არავის და არასოდეს შეიძლება ვუწოდოთ მამა, მაშინ დაიწყონ რელიგიურ-ენობრივი რეფორმა საკუთარი სახლებიდან და აუკრძალონ თავიანთ შვილებს მშობელს “მამა” დაუძახონ. და თუკი თვით პროტესტანტების ლიდერი მიმართავს საკუთარ მამას “მამა”, თუკი თავის ქადაგებაში იყენებს ისეთ პასაჟებს , როგორიცაა “..როგორც მამაჩემი მასწავლიდა”.., თუკი ის მოუწოდებს საკუთარ მრევლს ზედმიწევნით შეასრულოს ბიბლიური მცნება “ პატივი ეც მამასა და დედასა შენსა” – მაშინ გაცილებით მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მართლმადიდებელთა კრიტიკისას.თუ ოჯახში მიმართვას “მამა” აქვს არსებობის უფლება, მაშინ რაში არიან დამნაშავენი მართლმადიდებლები, თუკი ისინი ეკლესიას ერთ მთლიან ოჯახად აღიქვამენ და ოჯახურ, საალერსო სიტყვებს (“მამილო” “დედილო” ,”ძმაო”) საკუთარი ბინის მიღმაც იყენებენ? პროტესტანტების ასეთი შეხედულებები არც მოციქულებთან გვხვდება და არც თვით ქრისტესთან.სიტყვას “მამა” და მიმართვას “მამაო” ისინი მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში არ იყენებენ. მაგალითად, ქრისტეს იგავში მდიდარსა და ლაზარეზე მდიდარი თხოვს აბრაამს:’ მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე…მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო!” (ლუკა, 16, 24-25). როგორც ვხედავთ, აბრაამისათვის უცხო არაა ასეთი მიმართვა და შესაბამისად პასუხობს კიდეც, მოიაზრებს რა თავის ურთიერთობას შორეულ შთამომავალთან ტერმინით “მამა-შვილი”. ქრისტეს იგავში უძღები შვილის შესახებ , ვაჟი მიმართავს მიწიერ მამას : “მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენს წინაშე. ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე” (ლუკა, 15, 21). არსაიდან ჩანს, რომ ამ ორივე შემთხვევაში მაცხოვარი განსჯიდეს შვილებს იმის გამო, რომ ისინი წინაპრებს უწოდებენ “მამას”. მართალია, ორივე შვილი “ცოდვილი” იყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ მამას “მამა” უწოდეს.აი, ჩვენი მაცხოვრის მეტად მნიშვნელოვანი სიტყვები :”არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი , ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა,და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლე” (მარკ. 10, 29-30).

ელენე რერიხის “ეზოთერული” განმარტების მიხედვით, ამ ტექსტში ქრისტეს მხედველობაში აქვს რეინკარნაციის პრინციპი:” როგორ შეიძლება ახლა ,ამ დროში გყავდეს მეტი დედა, მამა და ა.შ., თუკი არ არსებობს გარდასახვის კანონი? სწორედ აქ არის ხაზგასმული აწმყო დროის წინააღმდეგობრიობა, არსებობა მუდმივ დევნაში, საუკუნო ცხოვრებისაკენ სწრაფვა” I

თუკი პროტესტანტებს არ სურთ ოკულტისტობა, ანუ თუ მათ არ სურთ დაეთანხმონ ე. რერიხს, მაშინ უნდა აღიარონ, რომ ეს ევანგელისტური ტექსტი მოგვითხრობს არა მრავალ ხელახლა დაბადებაზე, არამედ პირველქრისტიანული თემის ცხოვრების რეალიების შესახებ.

ადამიანს, რომელმაც მიატოვა სახლი, ოჯახი ქრისტეს გულისათვის, ნებისმიერ სხვა ქრისტიანულ სახლში როგორც ახლობელს, ისე ხვდებოდნენ, ხოლო მსოფლიოში ქრისტიანობის გავრცელებისდა მიხედვით – ნებისმიერ სხვა ქალაქშიც.

ნებისმიერი მოძღვარი, რომელიც ადამიანების სულებში ქრისტეს სიყვარულს აღვივებდა, მორწმუნეთათვის სულიერ მამადაც იქცეოდა. ყველა მოციქული მამა იყო ყოველი ქრისტიანისათვის, და ყველა ქრისტიანი ერთმანეთისათვის და-ძმა იყო. და აიშეკითხვა პროტესტანტებს: მაშ როგორღა შესრულდება ქრისტეს აღთქმა, რომ ქრისტიანს ბევრი მამა ეყოლება – თუკი ვერავის ვუწოდებთ ამ სიტყვას?

ალბათ , მოციქულებიც , ასე ერთაზროვნად არ აღიქვამდნენ ქრისტეს მცნებას – “არავის უწოდოთ მამა გარდა მამისა თქვენისა, რომელიც ზეცაშია”, როგორც ახლანდელი “ევანგელისტები”. სიყვარული არ ცნობს კანონს.
ნახეთ ,როგორ მიმართავს იოანე მოციქული თავის მოწაფეებს :”შვილებო”. ალბათ , საპასუხო სიტყვაც შესაბამისი იქნებოდა. მათე მოციქულმა თავისი სახარება მას შემდეგ დაწერა, რაც უფლისაგან გაიგონა მკაცრი სიტყვები:” არავის უწოდოთ მამა მიწაზე’, და, მიუხედავად ამისა, იგი წერს, რომ ქრისტე შეხვდა იაკობსა და იოანეს “ნავში მათ მამასთან, ზებედესთან, ერთად” (მათე, 4,21). მოციქული სტეფანე ქადაგებს სინედრიონის წინაშე:” ძმებო და მამანო! მისმინეთ” (საქ. 7,2).

იგივე მიმართვა გვხვდება პავლე მოციქულთანაც (საქმ.22,1). და იოანე მოციქულიც იყენებს მას:” გწერთ მამანო” (1 იონ. 2,13). მოციქული პეტრე ასევე ცნობს სხვა მამებს, გარდა ზეციურისა :” აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა” (საქმ. 3,13), “ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო” (საქმ. 5,30). გავიხსენოთ აგრეთვე პავლე მოციქულის დარიგება :”თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს”( ეფ, 6.4), ცხადი გახდება, რომ მოციქულთა აღქმით მადლმოსილი მამაშვილობა, ღვთისშვილობა, რაც ჭეშმარიტმა ძემან ღვთისამ გვიბოძა, არ აუქმებს მიწიერ ნათესაობრივ კავშირს, არც ხორციელსა და არც სულიერს. “აბრაამი ყველა მორწმუნის მამად იქცა” – წერს პავლე მოციქული (რომ. 4, 11), შეახსენებს რა ყველას, რომ ხორციელად შეიძლება არც წარმოსდგები ებრაელი ხალხისაგან, მაგრამ იმ სულიერი აღთქმების მემკვიდრე კი ხარ , ოდესღაც აბრაამს რომ მიეცა. “ყველა მორწმუნისათვის” აბრაამი – “მამაა”: არა მხოლოდ ებრაელებისათვის, რომლებიც მისგან ხორციელად წარმოსდგნენ, არამედ მათთვისაც, ვინც სულის ძახილით მივიდა ბიბლიურ რელიგიასთან.

თუკი ნათქვამია, რომ მეტად უნდა გვეშინოდეს მათი, ვისაც შეუძლია სული მოკლას, ვიდრე მათი, ვინც სხეულს კლავს (მათე, 10,28), მაშინ, შესაბამისად, უფრო მეტი პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც ჩემი სულიერი ცხოვრების სათავესთან დგას, ვიდრე იმას, ვისი მადლიერიც უნდა ვიყო ჩემი ხორციელად ცხოვრებისათვის. და თუკი პატივს ვცემ იმას, ვინც ნაკლებადღირებული ძღვენი მომართვა და პატივისცემით ვუწოდებ მამას, მაშინ რატომღა არ შეიძლება ამ სიტყვის გამოყენება იმის მიმართ, ვინც სულიერი ცხოვრება მომანიჭა, სულიერად დამბადა, ესეც ხომ ადამიანის გარეშე არ ხდება ( რადგანაც “როგორ მოუხმონ მას,ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?“ (რომ.10,14).

ამიტომაც წერს პავლე მოციქული:” რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით “(1 კორ. 4,15). და პირდაპირ განმარტავს, რომ სწორედ ამიტომ გახდა ის მამა მორწმუნეთათვის:” ვინაიდან თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არ გყავთ” (კორ.4.15). და სრულიად კონკრეტულ ადამიანზე ონისიმოსზე, პავლე ამბობს : ”რომელიც ვშვი მე ჩემს ბორკილებში” (ფლმ.10). ბუნებრივია, რომ პავლე მოციქულის მოწაფეები აღიქვამდნენ მას მამად : ტიმოთე, “როგორც შვილი მამას, ისე მემსახურებოდა სახარებაში”(ფილ.2,22). ხალხის დახმარებით ადამიანი მორწმუნეთა წრეში შედის, მოდის ეკლესიაში. შედეგად, ეკლესიის დანახვა – ნიშნავს ნახო ის ადამიანები, რომლებზეც ძალაა ღვთისა..

ძველმონაზვნური აფორიზმი ამბობს, რომ არავინ არასდროს გახდებოდა მონაზონი, ერთხელ მაინც სხვა ადამიანში მარადიული ცხოვრების ნათება რომ არ დაენახა. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული:”ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში გამოისახება ქრისტე” ( გალ. 4,19); “ ამიტომაც შეგაგონებთ თქვენ, მომბაძეთ მე” (1კორ.4,16). და ასე გრძელდება საუკუნეები.

დამრიგებლები ერთმანეთისაგან იბადებიან, და ინარჩუნებენ იმ სახეს სულიერი მოწყობილობისა, რომელიც პირველად ტრადიციის შემქმნელმა გამოავლინა. აი, ერთერთი მტკიცებულება “მამაოსთან” შეხვედრისა: “როდესაც ლოცვას მოვრჩი, მამაომ დამლოცა და დაიწყო საუბარი, მთელი გულისყურით ვუსმენდი, მაგრამ არა სიტყვებს, არამედ იმ ახალსა და საოცარს, რაც იბადებოდა ჩემს სულში მისი თანდასწრებით, რაც მაახლებდა, ამაღორძინებდა, მაძლიერებდა” II

დაბადება თავისთავად არ ხდება, “ისე,უბრალოდ”. და ,არც ისაა შემთხვევითი, რომ ქრისტიანულ ლიტერატურაში დროდადრო გამოსჭვივის აღსარება:” ჩვენ ვიტანჯებოდით, როცა მონანიებით გშობდით, ჩვენ გშობეთ შენ დიდი მოთმინებით, ძლიერი ტკივილითა და ყოველდღიური ცრემლით, თუმცა შენ არაფერი იცოდი ამის შესახებ. მოდი აქ, შვილო ჩემო, ღმერთთან მიგიყვან”. ამას წერს სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი თავის სულიერ შვილს. მკრეხელობაა თუ არა, ასეთ მოძღვარს “მამაო” უწოდო ?

პროტესტანტები კრძალავენ თავიანთ მღვდელს ამ სიტყვით მიმართონ. რა ვუყოთ – “მათ ალბათ არასდროს თავის ცხოვრებაში არ უნახავთ ადამიანები, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით, არავინ აჩვენა მათ ცოცხალ სუნთქვაში, თუ რა არის წმინდა ეკლესია, თავი არ მიუდვიათ მკერდზე, რომელზეც ძველი ეპიტრაქილის სიცივეს შეიგრძნობდნენ, არავის უთქვამს მათთვის :”ჩემო საყვარელო შვილო” – ეს ცეცხლოვანი სიტყვები, რომელთაგან ყოველგვარი ურწმუნოება დნება, და რაც ყველაზე საოცარია, ყველა ცოდვა’. III

პროტესტანტებს არც მოძღვარი ჰყავთ, არც მღვდელი. ალბათ ამიტომაც არ იციან, რა მტანჯველი და სასიხარულო კავშირი მყარდება სულიერ მასწავლებელსა და მოწაფეს შორის – ისეთი კავშირი, რომ სხვა სიტყვებით ვერც კი გადმოსცემ თუ არა – “მამა” და “შვილი”! მათ ეგზიუპერის სიტყვებიც კი არ ესმით :”იცი რა, ადამიანი ძალიან დიდხანს იბადება ამ ქვეყანაზე”…

პავლე მოციქული საუბრობს სულიერ მამობაზე პირველ საუკუნეში; ნეტარი სიმეონი – მეათეში. მაგრამ მეცხრამეტეშიც ვხედავთ სულიერი სიყვარულის იგივე ნაყოფს :”იყავი დედა, და არა მამა შენი მოძმეებისათვის,- ურჩევს სერაფიმ საროველი ახლადდანიშნულ იღუმენს ასე რომ, არ არსებობს არანაირი მკვრეხელობა, თუკი მღვდელს “მამაოს” ვუწოდებთ. IV

ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ მისი ცხოვრების ერთადერთი წყარო ღმერთშია. აქაც იგივეა, რაც ხატთან მიმართებაში: უნდა ეთაყვანო და ემსახურო მხოლოდ ერთიან ღმერთს.

მაგრამ შესაძლებელია და აუცილებელია სცე პატივი იმასაც, ვისი მეშვეობითაც ვიგებთ ღმერთზე და ცხოვრების საჩუქარს ვიღებთ. “ერთიან ღმერთს ეც თაყვანი”, მაგრამ ამავე დროს “ პატივი ეც მამასა და დედასა შენსა”, და, რაღა თქმა უნდა, სულიერ ნათესაობასაც ნუ დაივიწყებ. მაგრამ რას ნიშნავს მართლმადიდებლობისათვის ქრისტეს სიტყვები “ ნურავის უწოდებთ მამას’?

გარეგნულზე არ საუბრობს ქრისტე, არამედ შინაგანზე. ის ჰკიცხავს არა თვით მიმართვას, არამედ სულის იმ შინაგან მდგომარეობას, რაც გამოიხატება ასეთ მიმართვაში.
ჰკიცხავს არა იმას, ვინც ამბობს “მამა”, არამედ, ვინც ასეთ მიმართვას ითხოვს საკუთარი თავისადმი. არსებობს პატივმოყვარეობის ცოდვა, არის ვნებამორეული სწრაფვა კრებებზე თავმჯდომარეობისაკენ და პატივისცემის ნიშნებისაკენ – აი, სწორედ ამას ჰკიცხავს ქრისტე. გავიხსენოთ კონტექსტი:’ მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნიყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ; იფართოვებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს…უყვართ სათავეში ჯდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში. და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ “რაბი!:”თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის , ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ – ზეციერი. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ – ქრისტე. უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება” (მათე, 2, 5 – 12).

ის კი არითვლება დანაშაულად, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში მართლაც არიან წინამძღვრები და მოწაფეები, არა ის, რომ ნებისმიერ კრებაზე მართლაც არის და უნდა იყოს კიდეც უფროსი და ისინიც, ვინც მას პირველობა დაუთმო, მაგრამ გაკიცხვას ექვემდებარება ამაო სიამაყისადმი ლტოლვა, პატივმოყვარეობა, საკუთარი თავისადმი პირმოთნე პატივისცემა, როგორც “მოძღვრისადმი”, “მასწავლებლისადმი”, “უხუცესისა” და “მამაოსადმი”.

გაკიცხულია ადამიანის სწრაფვა გახდეს “მასწავლებელი”, “წინამძღვარი”, “დიდი”, სწრაფვა საკუთარი თავის აღმატებისაკენ. ეს უბრალოდ სასულიერო პირთა ცოდვა კი არა, ეს გაცილებით ფართოდ გავრცელებული ცოდვაა.

წარმოიდგინეთ მოხუცი ქალი მრევლიდან, რომელიც ავტორიტეტულად უხსნის ეკლესიაში შესულ გოგონას, თუ როგორ დაანთოს სანთელი, და როგორ არ უნდა გააკეთოს ეს, ხშირად მასში ამაყი ფარისევლობა გამოსჭვივის, თუმცა საკუთარ თავს არც “მამაოს” უწოდებს და არც “მასწავლებელს”. ახალგაზრდა პროტესტანტების გულში კი განა არ იძვრის რაღაც ამის მსგავსი, როდესაც ახალმოსულს ესაუბრებიან:” აი, მე უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ჩვენს შესანიშნავ თემში ვიმყოფები, და უკვე ყველაფერი ვიცი, უკვე ყოველკვირეულ საღვთისმეტყველო სემინარშიც მივიღე მონაწილეობა, შენ კი ჯერ არ იცი, რამდენი წიგნი შედის წმინდა წერილში. მაგრამ არა უშავს, მოდი და ყველაფერს შეგასწავლი!’

საბოლოოდ, მართლაც ეს ტექსტი სწორედ ჩვენ გვამხელს. მართლაც, ამ სიტყვების თანახმად არ ვცხოვრობთ, ჩვენ – ზოგადად ქრისტიანები და არა მხოლოდ მართლმადიდებლები.

სად არის ის კონფესია, სადაც ყოველი მსახურის მიერ არა საჩვენებლად, არამედ გულწრფელად და დაუღალავად სრულდება ქრისტეს ანდერძი :” უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება” (მათე .23, 11-12)?

სახარებაში არის სიტყვები, ნესტარივით რომ ერჭობა ქრისტიანის გულში. ისინი საშუალებას არ იძლევიან სახარება უპირატესობისა და თვითკმაყოფილების გრძნობით იკითხო :”აი, ჩვენ ფარისევლები და მწიგნობრები როდი ვართ; ჩვენ ქრისტე შევიცანით, ვირწმუნეთ მისი, მივიღეთ მისი სწავლება და ზედმიწევნით ვასრულებთ მას”.დიახ, დიახ, ფარისეველთა ეს გამოააშკარავება ჩვენ, მართლმადიდებლებსაც, გვეკუთვნის, მაგრამ სინდისს იმით კი არ გვიწვავს, რომ მიმართვა “მამაო” დამკვიდრდა ჩვენში, არამედ რაღაც უფრო ყოვლისმომცველით,სი ღრმისეულით, მნიშვნელოვანით…

სემინარიაში დლით ყოველი ლოცვისას კითხულობდნენ ნაწყვეტს სახარებიდან. და მახსოვს, რა საოცარი სიჩუმე ჩამოწვა დარბაზში, როდესაც ერთხელ მღვდელმა წაიკითხა სწორედ ეს ნაწყვეტი :”ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო!”…(მათე,23, 14).

სახარება – ეს მარტო დამამშვიდებელი წიგნი როდია, ან მხოლოდ გულის ამაჩუყებელი, ან მხოლოდ ალერსიანი. მისი შოლტები და ეკლის გვირგვინები – ყველასთვისაა, და არა მხოლოდ უძველესი პალესტინის მცხოვრებთათვის.

ქრისტეს სიტყვებში ფარისეველთა წინააღმდეგ ვერ იპოვით იმათ გაკიცხვას,ვინც მორჩილებით თვლის მოყვასს თავისზე უმაღლესად, და თუკი პროტესტანტებს სურთ ებრძოლონ ფარისევლობის შინაგან, სულიერ ავადმყოფობას გარეგნული ენობრივი რეფორმის სახით, თუკი ისინი ცდილობენ, თავი დააღწიონ პატივმოყვარეობასა და სიამაყეს სულიერი გამოცდით ლექსიკონიდან თითო-ოროლა სიტყვის ამოღებით, მაშინ დაე თანამიმდევრული იყვნენ და თავის სემინარიებში გააუქმონ პროფესორის ტიტულები,რადგანაც “პროფესორი” ხომ იგივეა, რაც” მასწავლებელი”. ვერავის აიძულებ ამა თუ იმ ადამიანს მიმართოს სიტყვით “მამა”. მართლმადიდებლობაში მიმართვა მღვდლისადმი “მამაო” სულაც არ გახლავთ საეკლესიო დისციპლინისა ან სჯულის სწავლების მოთხოვნა. ესაა წესდებისგარეშე, არაკანონიკური, მაგრამ სწორედაც რომ ოჯახური, ინტიმური მიმართვა.

არსებობს სიტყვები, არსებობს მიმართვები, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ახლო ნათესავებს შორის. და თუკი უცხო ადამიანი, შემთხვევით ყური რომ მოჰკრა საუბარს, თავის ნაცნობებს მოსთხოვს, ერთმანეთს არა შინაური სახელებით მიმართონ, არამედ სახელითა და მამის სახელით, საკუთარ თავს არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაიყენებს.

ვერავის აუკრძალავ სიყვარულის გამოვლენას. ვერ აუკრძალავ ძმას ძმა უწოდოს, და სულიერ მამას კი – მამაო. (1)

1.შევნიშნავ აგრეთვე, რომ მიმართვა მღვდლისადმი “წმინდა მამაო” არაა მიღებული მართლმადიდებლობაში. მისი გამოყენება მართლმადიდებლების მიერ აღიქმება, როგორც არასეკლესიური.- ა.კ.

აქედანვე გამომდინარეობს ისიც, რომ მღვდელმა საკუთარ თავს არ უნდა უწოდოს მამაო. მხოლოდ წოდებრივი ეთიკის დაცემით შეიძლება აიხსნას ის, რომ დღესდღეობით ზოგიერთი მღვდელი წარსდგება თქვენს წინაშე არა როგორც “მღვდელი ალექსანდრე”, არამედ “მამა ალექსანდრე”. ოდესღაც მორჩილებაში ვიყავი მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორის მდივანთან. მისაღებში შემოვიდა სტუდენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მღვდლის წოდებაში აიყვანეს, წარადგინა საკუთარი თავი (“მე, მამა იოანე ივანოვი მეოთხე კლასიდან”) და განაცხადა, რომ მეუფე რექტორთან სურდა შეხვედრა. რექტორის კაბინეტში შესვლისას გადავეცი მისი თხოვნა:”მოვიდა მამა იოანე ივანოვი მეოთხე კლასიდან და სურს თქვენთან შეხვედრა”. მეუფის რეაქცია მოულოდნელი იყო: მკითხა – პირადად ივანოვი წარსდგა ასე, თუ მე ვუწოდებ ასე. მე ვუპასუხე, რომ სიტყვასიტყვით გადავეცი , ის რაც მისაღებში მითხრეს. მაშინ მეუფემ ისეთი რამ თქვა, რაც სამუდამოდ დამამახსოვრდა :”წადით და გადაეცით მას, რომ თავის მრევლში, თავის სულიერ შვილებთან ის “მამა” იქნება, მე კი სულ რაღაც სამი დღეა მღვდლად დავასხი ხელი და უკვე ჩემი მამობა მოუნდა?! ჯერ ისწავლოს წარდგომა, როგორც საჭიროა და მერე მოვიდეს!” ასე რომ,მიმართვა “მამაო” – ეს შეცნობის ერთგვარი შედეგია.

შესაძლებელია კი, რომ ღვთისმსახურს სხვაგვარად მივმართოთ?არის ოფიციალური მიმართვა: “თქვენო უწმინდესობავ” (დიაკონს, მღვდელს, იერომონაზონს) და “თქვენო მაღალუწმინდესობავ” (იღუმენს,პროტოიერეის, არქიმანდრიტს). პრინციპში, შესაძლებელია საერო წესითაც კი მივმართოთ – სახელითა და მამის სახელით,მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ასეთი მიმართვა მღვდლის გულში ხინჯს დატოვებს.

რატომ ხდება ეს, ნათლად ჩანს შემთხვევიდან, რომელზეც თავის მემუარებში მოგვითხრო ბ.ნ. ლოსკი, ცნობილი რუსი ფილოსოფოსის ვაჟი. ნ.ო. ლოსკის-ისევე როგორც ბევრ სხვა პეტერბურგელ ინტელიგენტს , ჩვევად ჰქონდა მიემართა სასულიერო პირისადმი სახელითა და მამის სახელით. ეს ჩვევა მან უკუაგდო და სხვასაც კიცხავდა მას შემდეგ, რაც 1924 წელს უწოდა “სერგეი ნიკოლოზის ძე” პრაღაში ჩასულ რევოლუციამდელ კოლეგას, რომელიც სასულიერო პირი გამხდარიყო. ეს პიროვნება სერგეი ბულგაკოვის მამის იდეოლოგიური თანამებრძოლიც გახლდათ. სწორედ მისგან გაიგო, რომ ასეთ მიმართვას მღვდელი ღვთის რისხვად იღებს რწმენის დაგვიანებით მიღებისათვის”

გარდა ამისა, სასულიერო პირებს, რომელთაც მსახურების გამოცდილება საბჭოთა პერიოდში მიიღეს, სახელითა და მამის სახელით მიმართვა გამოძახებებისა და დაკითხვების დროს ახსენებს.

ჩეკისტები და სხვა საბჭოთა მოხელეები ამ მიმართვით ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ყველა საეკლესიო მიმართვა და მონაზვნური სახელი მათთვის არ არსებობს. და ამიტომაც, ხაზგასმით ეძახდნენ ღვთისმსახურებს (პატრიარქების გამოკლებით) მხოლოდ საერო სახელებs (რაც ვაღიარებით, წინწასული ნაბიჯი იყო ომისწინა წლებთან შედარებით, როდესაც ხელისუფალთა მიმართვა ღვთისმსახურებისადმი ვარირებდა დიაპაზონით “მოქალაქევ”ანდა “პატიმარო”.

ამიტომაც როდესაც მღვდელს საერო წესით მიმართავ, თითქოს ხაზს უსვამ დისტანციას თქვენს შორის და აშკარად არ გსურს მოსაუბრეში იმის დანახვა, რასაც იგი საკუთარ ცხოვრებასა და მსახურებაში უმნიშვნელოვანესად თვლის.

ამითვე აიხსნება მიტროპოლიტ პიტირიმის გამომწვევ-მახვილგონივრული პასუხი ბარათზე “როგორ მოგმართოთ?”, რომელიც მეუფემ მიიღო 1988 წელს საბჭოთა ინტელიგენციისა და ეკლესიის წარმომადგენელთა ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე (როგორც მახსოვს, ეს იყო ლიტერატორის ცენტრალურ სახლში). წაიკითხა რა ეს ბარათი, მეუფემ გაიღიმა და უპასუხა:” სულ უბრალოდ, მიწოდეთ თქვენო მაღალუსამღვდელოესობავ!”

ასე რომ ,თუკი ადამიანს არა აქვს განსაკუთრებული მიზეზი ხაზი გაუსვას საკუთარ არაეკლესიურობას, მაშინ უმჯობესია არ გამოიყენოს მსგავსი მიმართვები, რომელთაც ღვთისმსახურებისათვის აქვთ საერო -ანუ პროფანური, დამამდაბლებელი ნიშან-თვისება.

როდესაც მეკითხებიან როგორ მოგმართოთო, ვპასუხობ:” ზოგადად მომმართავენ მამა ანდრია, უფრო ოფიციალურად – მამა დიაკვანო. ისე, ანდრეი ვიაჩესლავის ძე ვარ. მომმართეთ, როგორც თქვენთვის მოსახერხებელია”. უკანასკნელ ფრაზას ვამატებ, რათა დაძაბულობის გრძნობა მოვუხსნა ხალხს, რომლებიც გაცილებით უფროსი არიან ჩემზე. აქ ხომ საქმე მარტო პიროვნების, ადამიანის პატივისცემაში როდია, ესაა დამოკიდებულება შენს წოდებასთან, იმ მსახურებასთან, რომელსაც ადამიანმა თავი მიუძღვნა.

ისე კი ეს ეთიკეტის საქმე უფროა, ვიდრე დოგმის. თუ მას გამოიყენებ საძმოსა და ეკლესიისაგან გამოყოფის მიზნით – ეს იმას ნიშნავს, რომ პავლე მოციქულის სიტყვები მხოლოდ გონებაში გაქვს და არა გულში, სიტყვები იმათ ურთიერთობაზე, ვინც მარხვას იცავს და ვინც არ იცავს (2)…

თანაც წმინდა ენობრივი თვალსაზრისით უნდა განვასხვავოთ სახელწოდება და მიმართვა, ეს – სიტყვათა სხვადასხვა კლასია. სახარებაში გვთხოვენ არ ვუწოდოთ მამა არავის მიწაზე (თანაც ცხადია, რომ რეალურ მამაზე ეს არ ვრცელდება), ანუ მამის უფლება არავის მივანიჭოთ,- ეს უფლებები კი იმ დროის აღმოსავლეთში ძალიან ფართო გაგებისა იყო.
—————————————————————————-
2,“საჭმელი არ მიგაახლოვებთ თქვენ ღმერთთან; ვინაიდან, თუ ვჭამთ, ვერაფერს ვიმატებთ, და თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება. მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის, ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას კერპთშესაწირავების საჭმელად? და შენი ცოდნის მეოხებით დაიღუპება შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე. და, ამრიგად, შესცოდავთ რა ძმების მიმართ და დააჭრილობებთ მათ უძლურ სინდისს, თქვენ ქრისტეს მიმართ შესცოდავთ. ამიტომ, თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, უკუნისამდე არ ვჭამ ხორცს, რათა არ ვაცდუნო ჩემი ძმა (1 კორ. 8, 8-13).

მიმართვა ნათესაობრივი კავშირის აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენებით ყველა ენაში ჩვეულებრივი ამბავია:ჩვენ უბრალოდ განვსაზღვრავთ ასაკობრივ მიმართებას მოსაუბრესთან, და, – თითქმის შეუმჩნევლად – მისდამი ჩვენს დამოკიდებულებას.

მართლაც, რომელი მიმართვაა უფრო ზრდილობიანი – “მამა” თუ “ბიძავ”? “დედილო” თუ “ქალო”?უკეთესი არაა, ვიცხოვროთ საზოგადოებაში, სადაც ბიჭს უწოდებენ “შვილო” და არა “ბიჭო”?

ნორმალური ენობრივი საშუალების გამოყენებას ნორმალურ მართლმადიდებლებს ცოდვად ვერ ჩაუთვლი. და თუკი ჩვენს მღვდლებს პატივს ვცემთ და შესატყვისად მივმართავთ კიდეც – ეს ჩვენი უფლებაა. სახარებას ეს უფლება ჩვენთვის არ ჩამოურთმევია.

I რერიხი ე., 1992, ტ.1. გვ.225
Ii მღვდელი ალექსი მეჩინი. მოგონებები, ქადაგებანი. წერილები. პარიზი,1989,გვ.57
Iii ფუდელი ს.ი. ეკლესიის კართან, გვ.375.
Iv საროვის უდაბნოს ბერის, იერობერის, უდაბნოს მკვიდრისა და დაყუდებულის, სერაფიმის ცხოვრება , გვ.189
V ლოსკი ბ.ნ. ჩვენი ოჯახი არეულობის ხანაში 1914-1922//წარსული. ისტორიული ალმანახი. მე-11.მ. სპბ. 1992, გვ.194

ავტორი: ანდრეი კურაევი