qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
34

მაცხოვრის სიტყვა ჯვრიდან


ავტორი: ვასილი ეგზემპლიარსკი
თარგმნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ

( ნაწილი II )

„მწყურის!“ (იოან. 19,28)

ჯვარზე ვნებისას უფალს დამოძღვრისა და ნუგეშინისცემის გარეშე არავინ დაუტოვებია. გოლგოთისკენ აღმავალ გზაზე ასწავლიდა და ანუგეშებდა მათ, ვისაც სურდა და შეეძლო მისთვის მოსმენა. ხოლო ვისაც არ სურდა და არ შეეძლო, ვინც გაბოროტებული და შემცდარი იყო, მათთვის ლოცულობდა. შეიწყნარა უფალმა მის მარჯვნივ ჯვარცმული მოკვდავი. მისცა უკანასკნელი დარიგება დედას და საყვარელ მოწაფეს.

აღსრულდა რა ყოველივე, უფალმა წარმოთქვა: „მწყურის!“ (იოან. 19,28).

ეს ტანჯული ადამიანის სიტყვაა დავითის ფსალმუნებში. „მწყურის“, ანუ ძლიერ ვიტანჯებიო – გვეუბნება უფალი. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჯვარცმის თანამდევ ტანჯვათაგან ერთერთი ყველაზე საშინელია წყურვილის დაუოკებელი გრძნობა.

სწყუროდა უფალს. კაცობრივად იტანჯებოდა წყურვილით და ითხოვდა წყალს ადამიანებისგან.

ძლიერი, მაგრამ ამაყი ბუნების ადამიანი ისე დაითმენდა ტანჯვას, ისე გავიდოდა ამსოფლიდან, სიტყვის ღირსადაც არ ჩათვლიდა ამქვეყნის უბადრუკ, მოღალატე და მისთვის საძულველ არარაობებს; მაგრამ მაცხოვარი სხვაგვარად მოიქცა, რამეთუ იგი სრული გულწრფელობა და სიყვარულია. არავინ სძულს.

სახარებაში, უფლის უკანასკნელ სიტყვებს შორის რომ არ ყოფილიყო სიტყვა„მწყურის“, ადამიანები ვერასდროს დარწმუნდებოდნენ, რომ უფალმა არ უარყო მისი უარმყოფელნი. გაბოროტებულ და გულქვა ჯალათებისაგან სიყვარულსა და თანაგრძნობას ელოდა… არ მალავდა ტკივილებს, რამეთუ უყვარდა ისინი და სწყუროდა საპასუხო გრძნობა.

მძიმე სანახავი იყო უფლის წამება. თვით გულქვა მეომრის გულიც კი ჯვარცმულისადმი სიყვარულმა აღავსო. წყურვილით იტანჯებოდა ის, ვინც თავად არწყულებდა დამაშვრალთ და ეს განსაკუთრებით მძიმე სახილველი იყო მორწმუნეთათვის. მაგრამ მაცხოვრის წყურვილი და ადამიანთათვის დათმენილი გამოუთქმელი ტანჯვანი – მარადმდინარე ცხოველმყოფელი წყარო შეიქმნა მთელი კაცობრიობისათვის, როგორც ქრისტეს მორწმუნეთათვის, ისე სიყვარულისა და სიმართლის მაძიებელთათვის.

ისტორიაში წამიც არ ყოფილა, რომ კაცობრიობის წინაშე არ მდგარიყო საშინელი პრობლემა – სამყაროში ბოროტების, უსამართლობის და ტანჯვის შესახებ.

ადამიანის ცხოვრებაში ტანჯვის საზრისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია იობის წიგნში. მისი გადაწყვეტისას უარყოფს რა სხვადასხვა გზებს, საბოლოოდ ქედს იხრის ყოვლადძლიერი და ყოვლადბრძენი ღმრთის იდუმალი ნების წინაშე და აკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს, რომელსაც წარმატებით შეუძლია გადაჭრას ადამიანის ცხოვრების საიდუმლოება, დაამშვიდოს მისი სული.

ეს რწმენის გზაა.

მორწმუნე ემორჩილება განგებას, ცხოვრებას იღებს განსაცდელებითა და სიხარულით. სხვა გზა არ არსებობს. არც გოლგოთას გადაუხვევია ამ გზიდან. პირიქით, უფრო დიდ რწმენას და უმეტეს მორჩილებას ავლენს ღმრთის იდუმალინების წინაშე. საერთოდ, რწმენის გარეშე განა აზრი აქვს სიცოცხლეს; ხოლო ცოცხალი, ყოვლადძლიერი და ყოვლადბრძენი ღმრთისადმი რწმენა გამართლებას აძლევს ჩვენს ცხოვრებას – თუმცა, ერთგვარი შეუსაბამობაცაა – ყოვლადნეტარი ღმერთი და მისი საყვარელი ქმნილება – ტანჯული ადამიანი.

მხოლოდ გოლგოთის შემდეგ გახდა შესაძლებელი სიხარულით, სიყვარულით და თავისუფლებით აღსავსე სარწმუნოებრივი თაყვანისცემა ღმრთისა; ღმრთისა, რომელმაც ისე შეიყვარა ეს სოფელი, რომ ძე თვისი მხოლოდშობილი მისცა მის გადასარჩენად. ხოლო ქრისტეს შემდეგ, მისი გზით მავალნი, სიხარულით აღტაცებულნი შესცქეროდნენ ჯვარს და მზად იყვნენ უფლისათვის, რწმენისათვის კოცონზე დასაწვავად, მხეცთაგან დასაგლეჯად; ითმენდნენ შიმშილს, ყოველგვარ გაჭირვებას და ყოველივეს აღასრულებდნენ არა დრტვინვით, არამედ სიხარულით, რამეთუ უფალ იესუს სახელისთვის ტანჯვის ღირსნი გახდნენ.

საერთოდ, ტანჯვისადმი ქრისტეანთა დამოკიდებულება ყოველთვის ამგვარია და საფუძველს გოლგოთიდან იღებს. განკაცებულ ღმერთს ადამიანთათვის არ მიუცია მიწიერი დიდება. მორწმუნენი არ გაუთავისუფლებია მიწიერი ცხოვრებისეული შეჭირვებისაგან. უფალმა მოწაფეებს სხვა ტვირთიც მისცა, ტვირთი სიყვარულისა, პასუხისმგებლობისა სხვათა გაჭირვებასა და ცოდვებზე. თავისი მიმდევრები ვალდებულჰყო ქრისტემ ჯვრის ტვირთვისა, რათა ებრძოლონ და დაამარცხონ ბოროტება! და ცათა სასუფევლისკენ მიმავალ ძნელ და ვიწრო გზაზე ქრისტემ მორწმუნეებს ამა სოფლის მძლეველი ძალა – რწმენა მიანიჭა, რომელიც ნაღველს სიხარულად აქცევს, ხოლო მძიმე ტვირთს ამსუბუქებს.

ნიცშე ვერ ჩასწვდა გოლგოთის არსს. ფიქრობდა, რომ ჯვარცმული ღმერთისადმი რწმენა ქრისტეს მიმდევრებში ტანჯვის გაფეტიშებას წარმოშობს. მაგრამ ქრისტემ ჯვრიდან ტანჯვის კულტი კი არა, მასზე გამარჯვება გვიქადაგა. განა ქრისტე ამაყობდა ჯვარცმით? არა, იგი წუხდა და წუხდა არა ტანჯვის, არამედ ცოდვებში ჩავარდნილი კაცობრიობის გამო. ამგვარი წუხილი კი სხვების მოყვარეთა ხვედრია, და რაც უფრო დიდია ეს სიყვარული – დიდია წუხილიც. არა ტანჯვათა გასამრავლებლად მოვიდა ქრისტე დედამიწაზე, არამედ რათა ადამიანებს„ცხოვრებაჲ აქუნდეთ და უმეტესი აქუნდეთ“. რათა მათი სიხარული სრულყოფილი იყოს. ტანჯვა ქრისტიანთათვის იმიტომ კი არ არის სიხარული, რომ იგი საღვთოა, არამედ იმიტომ, რომ იგი სამყაროს ბოროტებისა და ვნებათაგან განთავისუფლების გზაა, სხვათა ბედნიერებისათვის თავგანწირვის საშუალებაა.

 „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო,
რაჲსათვის დამიტევე მე?“ (მათე 27,46)

სამი საათი ტანჯვის. გამოუთქმელი ტანჯვის სამი საათი. მიყუჩდნენ მტრები, დაიქანცნენ მცველნი, უსიტყვოდ იტანჯებოდნენ მეგობრები. ცა ჩამობნელდა, განილეოდა სიცოცხლე, უტანჯველი ადგილი აღარ იპოვებოდა ჯვარცმულის სხეულზე.

უფლის მიწიერი ცხოვრება ადამიანებისადმი სიყვარულით იყო გამსჭვალული. მათ კი უარყვეს, ჯვარს აცვეს. „ერო ჩემო, რა შეგაწუხენ თქუენ, ანუ რა განგარისხენ თქუენ, ბრმანი თქუენნი განვანათლენ, კეთროვანნი განვსწმიდენ, და განრღვეულნი ცხედარსა ზედა მდებარე აღუადგინენ, მანანასა მის წილ მომიპყრობთ მე ნაღველსა, და წყლისა მის წილ ძმარსა, სიყვარულისა წილ ჯუარსა ზედა მე დამმსჭუალავთ…“ (ტრიოდიონი, დიდ პარასკევს ცისკრად. აღსავალი 12).

ამგვარად გადმოგვცემს ეკლესია უფლის სიტყვას. ალბათ, იგივე კითხვები და აზრები აწუხებდათ სინდისდამძიმებულ იუდეველებს, როცა სირცხვილეულნი, მკერდში მჯიღის ცემით გოლგოთიდან ბრუნდებოდნენ.

უფალმა ყველას მიუტევა. მტრებსაც. მაგრამ ეს სოფელი მარტოოდენ პატიებას არ საჭიროებდა. ქრისტეს მიწიერი ცხოვრება განილეოდა. თავისი საქმე ვინმესთვის უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ვისთვის? რჩეულმა ერმა ჯვარს აცვა მესია. თავისიანებმა არ მიიღეს უფალი. უახლოესი მეგობრებიც შემოეფანტნენ. ჯვართან მხოლოდ რამდენიმე ახლობელი დარჩა, გარდაცვალების ჟამს ყველა ადამიანთან რომ რჩებიან. „შეწუხებულ არს სული ჩემი, ვიდრე სიკუდილამდე; დაადგერით აქა და იღვიძებდით ჩემ თანა“ – სთხოვდა უფალი უახლოეს მოწაფეებს გეთსიმანიის ბაღში, მაგრამ მათ თხოვნა ვერ შეუსრულეს… იტანჯებოდა მაცხოვარი მარტოობისაგან, გამცემლობისგან, ამ სოფელში ბოროტის ზეობისგან. „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე?“ – ასე ლოცულობდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი და ამგვარადვე შეჰღაღადა ჯვარცმულმა ძემ კაცისამ ზეციურ მამას მთელი კაცობრიობის სახელით, რომელთა საუკეთესო წარმომადგენლებს – სიმართლის მაძიებელთ და ღმრთისმოყვარეთ ყოველთვის ტანჯავდათ კითხვები, თუ რატომ მიეცა დედამიწა უსჯულოებს; რატომ იდევნებიან მართალნი; რატომ აფარებენ უდაბნოებსა დაქვაბებს თავს ისინი, რომელთა ღირსიც არაა მთელი ქვეყანა; რატომ არიან აღზევებულნი ბოროტის მქმნელნი და რატომ ზეიმობენ უსამართლონი?

უწინ მამამ პასუხად მოსცა ძეს: „ვადიდე და კუალადცა ვადიდო“ (იოან. 12,28). ხოლო ჯვარცმისას ზემორე სიტყვებზე პასუხი არ ყოფილა. ძე ღმრთისამ განკაცებით უკიდურესად დაიმდაბლა თავი, ადამიანური ნებით ბოლომდე დაემორჩილა ღმრთაებრივს და სრულად გაითავისა კაცობრიობის გზა.

„მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ
სულსა ჩემსა“ (ლუკ. 23,46)

ძე კაცის მიწიერი ცხოვრება მამისადმი სრული ერთგულებით მთავრდებოდა. უფალი, ჩვეულებრივი მოკვდავივით, არა ხილვა-გამოცხადებით, ღმრთის საიდუმლო განგებისადმი სრული მორჩილებით აღესრულებოდა „გამოვედ მამისაგანდა მივალ მამისა“ – მიმართავდა იგი მოწაფეებს. აი, ეს ჟამიც დადგა. უფალი ტოვებდა მიწიერ ცხოვრებას. როგორი სიდიადე და სიწმინდეა, როდესაც მორწმუნე მიიცვალება ღმრთისადმი ამგვარი სიტყვებით: „ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“. მაგრამ არა მარტო დიადი და წმიდაა ამგვარი წუთები, არამედ ნაღვლიანიც. ამქვეყნიდან გასულ სულს ხომ არაფერი შეცვლის. ადამიანის სიცოცხლე აღარ მეორდება ამსოფლად და თუ მორწმუნის სული გარდაცვალებისას სიკვდილიდან ზეციურ სიცოცხლეში გადადის, ობლდება ქვეყანა; მისი ერთი კუთხე-კუნჭული მაინც. ეს დედამიწაზე მუდმივი დაობლების და ჭმუნვა-წუხილის წყარო და ყველაზე იდუმალი და საშინელი რამ არის კაცობრიობის ისტორიაში. უფალი ტოვებდა ამ სოფელს.

სიდიადე და სიწმიდე, მართლის აღსასრული, ადამიანთა გამოხსნის დიადი საქმის აღსრულება, კაცობრიობის ღმერთთან შერიგება და ამავე დროს სიმძიმე, ნაღველი… თუ მაცხოვრის შობა კაცთათვის უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი იყო, მის მიერ ამქვეყნის დატოვებამ უდიდესი წუხილით აღავსო მორწმუნეთა გულები.

ვის არ უსურვია, რომ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისას ეცხოვრა. ვისი გული არ შეწუხებულა იმის გახსენებით, რომ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დრო აღარ განმეორდება, რომ იგი „არ შეიწყნარა“ ადამიანურმა ძალადობამ. „თვისთა თანა მოვიდა უფალი და თვისთა იგი არა შეიწყნარეს…“ წუხს ადამიანი, ნაღვლობს და ასე იქნება სამყაროს აღსასრულამდე.

სიკვდილი იძლია ქრისტეს მიერ. იგი ჭეშმარიტად აღდგა. იგი მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. მან ობლად არ დატოვა ეს სოფელი და სული ნუგეშინისმცემელი გამოუგზავნა მას. ჩვენთვის უხილავად იგი იმყოფება ჩვენს შორის -! თავის ეკლესიაში. ქედს ვიხრით უფლის დიდების წინაშე. ქება-დიდება აღევლინება მისი მხსნელი ვნებებისადმი, უწყვეტი სიცოცხლის წყაროდ რომ აღმოუცენდა მორწმუნეებს. და მაინც, არ შეიძლება არ წუხდეს ქრისტიანის გული. „თჳსთა თანამოვიდა და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“. წავიდა ამ ქვეყნიდან ადამიანთაგან უარყოფილი, დამცირებული, ნაწამები… რა შეიძლება მორწმუნეთათვის იყოს ამსიტყვებზე ძვირფასი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!“ ასეთ წუთებში ხარობს ქრისტიანი ღმერთით, ღირსეულად გრძნობს თავს, აქებს და ადიდებს მაცხოვარს.

ქრისტე, მისი მოძღვრება უდიდესი და წმიდა სიხარულის წყაროა დედამიწაზე, მაგრამ სიხარულის გვერდით წუხილიც არსებობს. უფალი ამ ქვეყნიდან დამცირებული და შეურაცხყოფილი წავიდა. მან თვითონ მიგვითითა, ვის უნდა ვემსახუროთ როგორც უფალს – ამ სოფლის მიერ უარყოფილთ, დამცირებულთ, გლახაკთ, მგლოვიარეთ ანუ მათ, ვინც იტანჯება. მშიერნი, მწყურვალნი, ავადმყოფნი, პატიმარნი – აი, ისინი, რომელთათვის ზრუნვასაც ძალუძს, რომ ადამიანებს ქრისტე გაახსენონ. „და დღენდელად დღემდე უფალს შია, წყურის, შიშველ არს და ყოველნაირად იტანჯება“ – ამბობს ეკლესიის ერთ-ერთი მამა.

მამის წიაღში დიდებას არ შეუცვლია უფლის სახე დედამიწაზე. სანამ ამ ქვეყნად იარსებებს თუნდაც ერთი გაჭირვებული, უფლის ამქვეყნიური სახე მხოლოდ ამგვარად წარმოგვიდგება და ქრისტიანული სიხარულის გვერდით ყოველთვის იარსებებს ქრისტიანული წუხილიც. ქრისტეს მოყვარეს არ ძალუძს, და არც უნდა აარიდოს მზერა ქრისტეს წყლულებს ამქვეყნად, და ამ შემთხვევაში, განა შესაძლებელია სრული, აუღელვებელი სიხარული… თვით მაშინაც კი, როდესაც უფლის საყვარელ მოწაფესთან ერთად უფალს დიდებაში ვჭვრეტთ, გატანჯული შევღაღადებთ მას: „ჰე, მოხვიდოდე უფალო იესუ!“ (გამოცხ. 22,20).

ვლოცულობთ, რათა კვლავ მოვიდეს მაცხოვარი დედამიწაზე, გვიჩვენოს თავისი სახე, დამკვიდრდეს თავისიანებთან და მაშინ დადგება მარადიული ზაფხული… ლოცვა-ვედრებაშია ქრისტიანის სული, ენატრება ღმერთი, მაგრამ „არა ჩვენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი“ მისი მოსვლისა… და სრულდება ყოველი ქრისტიანის სიცოცხლე ამქვეყნად უფლის სიტყვებით: – „ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“, რომელშიც გამოსჭვივის როგორც რწმენა სასიხარულო, ისე წუხილი უსაზღვრო“.

„აღსრულებულ არს…“ (იოან. 19,30)

„აღსრულებულ არს – თქვა უფალმა ჯვარზე – „მიიდრიკა თავი და განუტევა სული“. აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანისცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლისმაძიებელთ.

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამასოფლის თავადთან.

და ქრისტემ სძლია ამ სოფელს! მიწაში ჩავარდნილი მარცვალი თუ არ მოკვდა, მარტო დარჩება. ხოლო თუ მოკვდება, მრავალ ნაყოფს გამოიღებს. ქრისტემ ჯვარზე თავი მიიდრიკა, სული განუტევა და სათავე დაუდო განახლებულ, გადარჩენილ კაცობრიობას! ქრისტეს აღსრულებისას გაუქმდა ძველი აღთქმის ეკლესია. შუაზე გაიყო ტაძრის კრეტსაბმელი, რომელიც ღმერთს ადამიანთაგან განყოფდა და გაუქმდა ძველი აღთქმისეული ტაძარიც. ადამიანთა ცოცხალი სულებისაგან დაიწყო ახალი, სულიერი ტაძრის დიადი მშენებლობა, რომლის თავკიდური ლოდი, თავი და საფუძველი, საწყისი და დასასრული, არის ქრისტე, სამყაროს მაცხოვარი. აღსრულდადა კვლავაც აღესრულება. აღსრულდა, გოლგოთა აღარ განმეორდება:. მასში გაიარა მარადიულმა მღვდელმთავარმა და ადამიანებს დაუსრულებელი სიცოცხლე უბოძა. უფლის გარეშე ხსნა არ არსებობს. გადარჩენის მსურველი ადის გოლგოთაზე ქრისტესთან, ეწაფება ცხოვრების წყაროს, ჭამს მის ხორცს, სვამს მის სისხლს და მყოფობს უფალთან, ცხოვრობს მისი ცხოვრებით, წმიდაა მისი სიწმიდით და ცხონდება არა თავისი საქმეებით, არამედ ქრისტეს სისხლით, მისადმი რწმენით.

აღსრულდა, მაგრამ არ დასრულებულა. ქრისტიანული სინდისი ვერ დამშვიდდება, ვერ მიეცემა სულიერ სიხარულს, ვერ მოისვენებს ქრისტეს ჯვრის ჩრდილქვეშ. მას სურს შეუდგეს ქრისტეს. შეუდგეს და გაჰყვეს მას საკუთარი ჯვრით; ჯვარს ეცვას, მოკვდეს ამ სოფლისთვის, სურს ემსახუროს ქრისტეს დაწყებულ საქმეს. ქრისტესმიერ დათესილი მარცვლიდან ამოზრდილი ხე კვლავ იზრდება. ისევ ფუვდება მის მიერ ჩადებული საფუარი. არ დასრულებულა ღმრთის ტაძრის მშენებლობა, მიწას ზეცასთან რომ გააერთიანებს. ადამიანთა გადამრჩენელი და მათგან სულიერი ტაძრის ამგები იყო და არის ქრისტე, მაგრამ მისი ნებაა, რომ ადამიანები თანამუშაკნი იყვნენ ამ საქმეში. ამაღლდა უფალი დედამიწიდან და მის მიერ გადარჩენილკაცობრიობას მიანდო წამოწყებული ცოცხალი მშენებლობა. წავიდა უფალი და დაგვიტოვა თავისი ხატება, ხატება ამ სოფლის მიერ უარყოფილი, შეურაცხყოფილი და გასისხლიანებული მართლისა; ხატება, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ამასოფლის უსჯულოებასთან შეურიგებლობის და სიმართლისათვის ბრძოლის სულისჩამდგმელი და ქრისტეს ეკლიან გზაზე მავალთა ნუგეშინისმცემელი.

აღსრულდა ქრისტეს საქმე ამქვეყნად და არ დასრულდება ვიდრე დიადი დღის დადგომამდე, როცა ძე კაცისა თავის მეორე „აღსრულებულ არს“ იტყვის. „ვიქმენი მეანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული… რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ და იგი იყოს ჩემდა ძე“ (გამოცხ. 21,6-7)

უფალმან თავისი ჯვარცმის შესახებ ბრძანა: „ოდეს აღვმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (იოან. 12,32) და შემდგომად ამისა ყოველი გულმხურვალე ქრისტიანი პავლე მოციქულის მსგავსად აღმოთქვამს: „ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა“ (გალატ. 6,14). ამინ!

წყარო:orthodoxy.ge