qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
5

ქადაგება დიდ პარასკევს

 

მამა თეოდორე გიგნაძე

 

2004 წელი

  დღევანდელ დღეს მოძღვარს ეკუთვნის ღმრთის სიტყვის ქადაგება. ტიპიკონში წერია, რომ მოძღვარი ვალდებულია, ამ დღეს იქადაგოს. როგორც ჩანს, გათვალისწინებულია განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც მოძღვარმა შეიძლება უარი თქვას ქადაგებაზე, რადგან ამ უმძიმეს დღეს ყველაზე ძნელია, გამოთქვა შენი სათქმელი. როცა დიდი ტკივილი აქვს კაცს, ვთქვათ, ახლობელი გარდაეცვლება, გინდა, მიხვიდე, მიუსამძიმრო, მაგრამ გიმძიმს, სათქმელი არ გაქვს. სიტყვა ამ დროს უძლურია. მით უფრო, რაღა ითქმის დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ წინაშეა ცოდვილი ადამიანური ცხოვრების შედეგი – ჩვენ მოვკალით უფალი!

ეკლესია გვასწავლის: არ შეიძლება უფლის მკვლელობა სხვას დააბრალო, არ შეიძლება თქვა: იქ რაღაც მოხდა, და მე რა შუაში ვარო. ყოველმა ჩვენგანმა უნდა განიცადოს იქ – გოლგოთაზე, უფლის ჯვართან მყოფობა, საკუთარი თავი უნდა დაინახოს. თავად ის ფატი, რომ ღმერთი მოკვდა, ძალზე შემაძრწუნებელია. ის მოიკლა არა ზოგადად, არამედ კონკრეტული ადამიანების მიერ, იმათ მიერ, რომელთა გამოხსნისთვისაც ღმერთმა სიკვდილი მიიღო.

უდიდეს პატივი აქვს ადამიანს ღმრთისაგან მიღებული – ჩვენ მისი მსგავსნი ვართ, მას ვგავართ, მისი შვილები ვართ, მისი ნათესავნი ვართ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მას ვგავართ თავისუფლებით, სიყვარულის უნარით და იმ მარადიული არსებობით, რომელიც გველოდება. დიახ, ჩვენ მას ვგავართ. უფალი იმდენად გვცემს პატივს და ისე ვუყვარვართ, რომ არც ერთი ადამიანი არ ემეტება დასაღუპავად. ყოველი ადამიანი ხომ ცალკე სამყაროა. უფალს სურს ჩვენი გადარჩენა, ოღონდ ისე, რომ ადამიანობა შეგვინარჩუნოს, რათა კვლავ ვიყოთ თავისუფალი, არ დაგვეშრიტოს სიყვარულის უნარი, ვიყოთ მარადისობაში, ვიყოთ ბედნიერებაში, და არა ჯოჯოხეთსა და უბედურებაში.

მაგრამ ჩვენ უფალი მოვკალით. მაშინ, როდესაც უფალი დედამიწაზე მოღვაწეობდა, მისი მოწაფეობა ძალზე ძნელი საქმე იყო. ჩემს თავზე ვიტყვი, მე ალბათ მის მოწაფეობას ვერ შევძლებდი. იცით, რას ნიშნავდა უფლის მოწაფედ ყოფნა? –ყველასაგან მოძულებული უნდა ყოფილიყავი. ამგვარი ადამიანები ერში ერთეულები არიან ხოლმე. აი, ჩვენს ისტორიას,რომ გადავხედოთ, ადრინდელსა თუ უახლეს ისტორიას, დავრწმუნდებით, რომ თითო-ოროლა თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც წამოსწევდა საჭირბოროტო საკითხებს, ერს იმას უქადაგებდა, რაც საშური და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ამგვარი ადამიანები ყოველთვის მოძულებულები არიან ხელისუფალთაგან, ხალხის გარკვეული ნაწილისაგან. მათ, როგორც წესი, ისევ ის ერის შვილები კლავენ, ვისთვისაც ქადაგებდა რჩეული მამულიშვილი. ძალზე ძნელი საქმეა, ემსახურებოდე ჭეშმარიტებას, თუკი მთელს ერში თითო-ოროლა მოიპოვება ჭეშმარიტების მსახური. როგორ ფიქრობთ, აღმოვჩნდებით კი, ვიქნებით კი ჩვენ ამ ”თითო-ოროლაში”?

უამრავი ხალხი ცხოვრობდა მაშინ ისრაელში, უფალს კი მხოლოდ ხუთასიოდე მოწაფე ჰყავდა, მათგან თორმეტი უახლესი იყო, და მათ შორის, ჩვენ ვიცით, რომ ერთმა უღალატა. დანარჩენი თერთმეტიც მოღალატე იყო იმდენად, რამდენადაც ბოლო წუთებში ყველამ მიატოვა უფალი. არც ერთი არ მოკვდა უფალთან ერთად. როგორ გგონიათ, ჩვენ სად ვიქნებოდით მაშინ? მოწაფეებთან ერთად თუ არ ვიქნებოდით, განა ქრისტეს მკვლელები არ შევიქნებოდით? – ვიქნებოდით: ან ”ჯვარს აცვის” ვიყვირებდით, ან ისე ვიდგებოდით, სეირის საყურებლად მისულნი.

წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნებოდა მაშინ, ქრისტეში ამოგეცნო ღმერთი. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ დღეს გაცილებით იოლია. ჩვენ თითქოს მართლმადიდებლებად ვიბადებით – ჩვენ ხომ ქართველები ვართ. ჩვენი წინაპრები მართლმადიდებლები იყვნენ და ეს სისხლში გვაქვს გამჯდარი. არც ერთ ჩვენგანს ეჭვი არ ეპარება, რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით; თვით ქრისტეს მტრებსაც, ისეთებს, როგორიც, მაგალითად, ენგელსი იყო. ისიც კი ამბობდა, რომ ამაში, ანუ ქრისტეს აღდგომაში, ”ეჭვის შეტანა შეუძლებელია”.

არსებობს უამრავი ფაქტი იმის დასტურად, რომ ქრისტე აღსდგა. მიგნებულია და გაშიფრულია პილატეს დროინდელი, პილატეს კარის ისტორიკოსის ჩანაწერები, საიდანაც ვიგებთ, რომ პილატეს ცოლი შეაგონებდა, არ მოეკლა ეს მართალი კაცი. პილატემ თურმე თქვა: ”თუ ის ღმერთია, მაშინ აღსდგება მკვდრეთით; მე რომ არ დავსაჯო იგი, აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნება, შფოთი იქნებაო”. მან თავის პირად მდგომარეობასა და კარიერას ანაცვალა ყოველივე და უფალს მოკვდინება გადაუწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობდა, იესუ შეიძლება მართლაც ღმერთი ყოფილიყო და აღმდგარიყო მკვდრეთით.

რა თქმა უნდა, პილატე მაინც დამნაშავეა. უფალი უბრალო კაცი რომ ყოფილიყო, განა უნდა მოეკლა? ხომ დარწმუნდა, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ მაინც დამნაშავესავით დასაჯა. როდესაც უფალი დაკრძალეს, პილატემ იქ გააგზავნა თავისი ხალხი, რომლებმაც ყველაფერი აღწერეს, რაც მოხდა: ისინი წერენ, რომ იქ ძალიან დიდი ნათება იყო და ”კაცი გამოვიდა საფლავიდან”. შეშინებული ჯარისკაცები ძირს დაცვივდნენ. როდესაც თენდებოდა, მათ იქ დედებიც ნახეს. მათ მიერ აღწერილი ძალიან უახლოვდება სახარებისეულს, სადაც წერია, რომ გამთენიისას მენელსაცხებლე დედები მიისწრაფოდნენ უფლის საფლავისაკენ.

  პილატეს ამგვარი პირობა დაუდვია: თუ ეს მართლაც ასე მოხდა, თუ მართლაც აღდგა ქრისტე, მე აღარასოდეს გამოვაჭედინებ მონეტაზე ჩემს გამოსახულებასო. მართლაც, არქეოლოგიური გათხრებით ნაპოვნია ჯვარცმამდელი მონეტები, რომელთა ერთ მხარეს პილატეს გამოსახულებაა, მეორე მხარეს კი რომის კეისრისა; ხოლო ჯვარცმის შემდგომი პერიოდის მონეტებზე არის მხოლოდ წარწერა: ”პილატე პონტოელი”, გამოსახულების გარეშე. ეს ისტორიულ-არქეოლოგიური ფაქტიc გვიდასტურებს, რომ უფალი აღსდგა.

ახლა ვიკითხოთ, ჩვენ რას ვიზამდით? რას მოვიმოქმედებდით? როგორც უკვე გითხარით, ჩვენთვის ძალიან იოლია ქრისტეს ღმერთობის რწმუნება, ჩვენ გვწამს, რომ უფალი იესო ქრისტე ღმერთია. მაგრამ როგორ ვიქცევით ჩვენ დღეს? ერთ-ერთი წმიდანი, წმიდა იუსტინე პოპოვიჩი ამბობს: ”ჩვენ გაცილებით უარესნი ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვცოდავთ და ჩვენი ცოდვებით კიდევ ჯვარს ვაცვამთ და ვკლავთ უფალს”. სწორედ ცოდვა იყო ის მიზეზი, რის გამოც უფალი ვერ იცნეს; მაშინდელ ებრაელებს ცოდვა არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ შეეგნოთ და მიეღოთ უფლის მხილება. განა ჩვენც არ გვამხელს უფალი, როდესაც წმიდა სახარებას ვკითხულობთ? განა ჩვენ არ ვტკენთ მას გულს, განა არ უარვყოფთ მას ჩვენი ცხოვრების წესით? ვინ იცის, რამდენჯერ ვმდგარვართ არჩევანის წინაშე და, იმის გამო, რომ ჩვენ ეს ხელს არ გვაძლევდა, უფლის საწინააღმდეგო ქმედება ჩაგვიდენია. რამდენჯერ შეგნებულად ჩაგვიდენია ცოდვა. შეგნებულად ჩადენილი ყოველი ცოდვა არის უფლის ღალატი.

ჩვენ უფლის ხატნი ვართ, მას ვგავართ და უნდა ყველაფერში ვგავდეთ: იმ სიყვარულსა და თავგანწირვაში, რაც მან ჩვენთვის მოიმოქმედა. მაგრამ ჩვენ ეს არ ძალგვიძს, ვინაიდან ეგოისტები ვართ, არ შეგვიძლია, დავთმოთ საკუთარი თავი, უარვყოთ იგი, ავიღოთ ჩვენი ჯვარი და გავყვეთ უფალს. ჩვენ კი ჯვრის აღებაც კი არ გვინდა.ხშირად, როცა გახსენდება საკუთარი ცოდვები, რომლებიც ჩაგიდენია მოქცევამდე და მოქცევის შემდეგაც, შეიძლება იმედიც კი გადაგეწუროს და იფიქრო: სად მე და სად ღმერთი, მე რა ღირსი ვარ, რომ ღმერთთან ვიყო, როცა ამხელა ცოდვაში ვარ ჩაძირული? მაგრამ, მითხარით, რისთვის ვართ ჩვენ აქ მოსულები? რას ვაკეთებთ? ნუთუ მხოლოდ თავს ვიმშვიდებთ, რომ ვცხონდებით, ან რელიგიურ გრძნობებს ვიკმაყოფილებთ? ადამიანი რელიგიური არსებაა და არ შეუძლია, არ გამოხატოს და არ დაიკმაყოფილოს თავისი რელიგიური მოთხოვნილებები. ეკლესიაში სწორედ იმისთვის მოვდივართ, რომ გავძლიერდეთ, ღვთის მადლით, არ წარგვეკვეთოს სასოება და იმედი, რომ იქნებ, ღვთის დიდი მოწყალებით, გადავრჩეთ, თავი დავაღწიოთ წარწყმედას.

მაგრამ ჩვენ დღესაც უამრავ ტკივილს ვაყენებთ უფალს ჩვენი ღალატით, ზურგშექცევით, მერყეობით ჭეშმარიტებაში, ჩვენი ფარისევლობით, მაშინაც, როცა მე, ცოდვილი, უფლის
მოწაფეობას ვირჩევ, მაგრამ, კაცთმოთნეობის გამო, ამას უარვყოფ. უფლის სახელის ხსენებით რამდენჯერ ჩავვარდნილვარ ფანატიზმში და სიძულვილი გამჩენია ადამიანებისადმი. არც ერთი ვარგა, არც – მეორე, არც ფარისევლობა ვარგა და არც ფანატიზმი. არც უსიყვარულობა და არც გულგრილობა. მართლმადიდებელმა ადამიანმა, ქრისტიანმა უნდა იაროს ეგრეთ წოდებულ ”ოქროს შუალედზე”, გაწონასწორებულობა და ზომიერება – ეს არის ქრისტიანობა. უფალი ბევრს მოითხოვს ჩვენგან და დიდ ჯილდოსაც გვპირდება – ღმერთივით ცხოვრებას გვპირდება.

ადამიანო, საცოდავი არსება ხარ, ჭიასავით დაღოღავ მიწაზე და განღმრთობა გელოდება, შენ კი ზურგს აქცევ უფალს. ერთი გევალება მხოლოდ – ჯვარცმულის ერთგულება, სიყვარული ჯვარცმულისა. ხშირად მითქვამს თქვენთვის: ტაძარი პატარაა და მაინც არ არის სავსე. სად არის ხალხი, სად არიან ისინი, რომლებიც ამბობდნენ: რა კარგია, რომ ტაძარი გვექნებაო. დღევანდელი დღე ჩვენი ქრისტიანობის საზომია. ჩვენ არ ვართ თანმიმდევრულნი და მიმდევარნი უფლის სიყვარულისა. დღეს შეიძლება გამოვხატოთ სიყვარული, ხვალ კი აღარ შეგვიძლია, დღეს ეკლესიაში ვართ, თითქოს გულმხურვალედ ვლოცულობთ, ხვალ კი ეკლესიისკენ არც კი გამოვიხედავთ. ამის გამო შეიძლება იმედიც კი დაგვეკარგოს და სასოწარკვეთილებაში ჩავცვივდეთ, იმდენად შორს ვართ ხოლმე უფლისაგან, იმისგან, რასაც უფალი მოითხოვს ჩვენგან. დიახ, ჩვენ მისი მოწაფენი უნდა ვიყოთ, არ უნდა ვიყოთ უფლის მკვლელები. ვინ არის უფლის მკვლელი? – ვინ და – გულგრილი ადამიანი, ამა სოფლის მოყვარე. ვინც საკუთარ თავს არ უარყოფს, ისიც უფლის უარმყოფელი და მკვლელია. ვინც საკუთარ თავს უარყოფს, ის საკუთარ თავს მოიპოვებს, ვინაიდან მხოლოდ უფალთან ერთად იპოვი საკუთარ თავსაც. ჯვარცმულ უფალს ჩვეულებრივად სტკიოდა, უფრო მეტადაც, რადგან მას საკუთარი შვილები კლავდნენ.

დღეს აღმოვიკითხეთ სახარებაში ”წვივები გადავუმტრიოთო”. რატომ უნდა გადაემტვრიათ წვივები? იმიტომ, რომ მხოლოდ ფეხებზე დაყრდნობით საუთქავდა ჯვარცმული ადამიანი. თუ ფეხებს არ დაეყრდნობოდა და არ წამოწევდა ხან ერთ მხარს, ხან მეორე მხარს, ვერ ისუნთქებდა. ფილტვები გაფართოების საშუალებას არ იძლეოდნენ. წვივებს ამიტომ უმტვრევდნენ: ვეღარ დაეყრდნობოდა ფეხებს და გაიგუდებოდა, მალე მოკვდებოდა. მაგრამ უფალი მანამდე მოკვდა, წვივების გადამტვრევა არ დასჭირდა, ისე იყო დაუძლურებული, ნაცემი, რომ მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო, ვეღარ შეძლო წამოწევა ჯვრიდან და უჰაერობით გაიგუდა, გული გაუსკდა… ჩვენთვის გაუსკდა გული, ჩვენი სიყვარულის გამო გაუსკდა გული. ჩვენ გავუხეთქეთ მას გული. და როცა ამ ფიქრებში ჩაიძირები, ფიქრობ ამაზე, გრძნობ, რომ არარაობა ხარ, არარაობა…

ხანდახან შეგნებულად უარყოფ უფალს, კარგად იცი ყველაფერი, მაგრამ ვერ ერევი ცოდვას, ვერ ერევი თავს და მაინც უფლის უარყოფას არჩევ. როცა ყოველივე ამას მთელი სიღრმით განიცდი და საკუთარ უსუსურობას დაინახავ, მარტო მაშინ შეიძლება გეწვიოს სინანული.

რამდენიმე დღის წინ ერთ ასაკოვან ადამიანებს ვესაუბრებოდი. ასაკოვნებს სინანული ძალიან უჭირთ. არც კი იციან, რა არის სინანული. სინანული გასაღებია ჩვენი ცხოვრებისა, ასევე მორჩილება. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. როცა ამას ვამბობ, პირველ რიგში, ჩემს თავს ვგულისხმობ. თითქოს მინდა, ვებრძოლო ჩემს თავს, მაგრამ არც ეს შემიძლია. რამდენჯერ დამზარებია ლოცვა, რამდენჯერ მიწუწუნია, რამდენჯერ დამვიწყებია, რომ ქრისტიანი ვარ. ან როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ქრისტიანი ვარ? როგორც ერთი წმიდა მამა ამბობს: ”შეიძლება მღვდელი იყო და ქრისტიანი არ იყო”. ეს სიტყვები უპირველესად ჩემზეა ნათქვამი.

სად არის გამოსავალი? სად არის ხსნა? – ქრისტეში! ქრისტეს სიყვარულში, ქრისტესადმი ერთგულებაში, ქრისტესათვის სიკვდილში. მაგრამ, შენ, ადამიანო, არ შეგიძლია სიყვარული, არ შეგიძლია უფლის ერთგულება, არ შეგიძლია, რომ მასთან ერთად ჯვართან იდგე. შენ არც ის შეგიძლია, თქვა: მასთან ერთად მეც მომკალით! რასაც ქრისტეს ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ აკეთებდნენ კიდეც წმიდა მოციქულები. მაგრამ ეს უმრავლესობას არ შეუძლია, არც ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ: მომკალით, მეც ქრისტიანი ვარ, მზად ვარ, ჩავიდე ჯოჯოხეთში, ოღონდ უფალთან ვიყო. ზოგს ეს თითქოს აბსურდად მოეჩვენება. მაგრამ ერთ-ერთი ღირსი დედა, რომელსაც ბავშვობაში ჯოჯოხეთის საშინელებებზე ესაუბრებოდნენ, თურმე ამბობდა: ”მე ჯოჯოხეთის არ შემეშინდება, თუკი უფალთან ვიქნებიო”. ესე იგი, მე სიკვდილის არ მეშინია. არც ტანჯვის მეშინია, მთავარია, უფალთან ვიყო და სხვა არაფერს მნიშვნელობა არ აქვსო.

ქრისტიანი პირად კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, ფუფუნებას, კარგ სამსახურს, ოჯახურ სიმშვიდეს და ა.შ. კი არ უნდა ეძიებდეს, ქრისტიანი მხოლოდ ქრისტეს უნდა ეძიებდეს. ჩვენ ხშირად ყველაფერს ვეძებთ, გარდა ქრიტესი, და ქრისტეშიც კი მხოლოდ კეთილდღეობას ვეძიებთ. ეს არ არის ქრისტიანობა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არა თუ საქმისათვის განვისჯებით, არამედ სიტყვისთვისაც. უფალი ამბობს: ”ყოველი უქმი სიტყვისათვის პასუხს აგებ”. სიტყვა ჩვენი სულის ნაწილია და ჩვენ კი როგორ ვფლანგავთ ამ სულის ნაწილს?

მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი, ერთადერთი გამოსავალი – არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი. მლოცველთა უმეტესობა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს სთხოვს მეოხებას. ლოცვათაგან უდიდესი ნაწილიც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი აღევლინება. შეხედეთ, ჩვენს ტაძარში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის უამრავი ხატია.

ჩვენი მფარველი, ჩვენი უფლის დედა-მშობელი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ოღონდ, ჩვენგან განსხვავებით, განსაცვიფრებელი სიმდაბლე ჰქონდა და უსასრულოდ აღმატებული სიყვარულით იყო აღსავსე. მან მისცა მიწიერი, ხორციელი სიცოცხლე სამყაროს შემოქმედს. მის თხოვნას უფალი მუდამ აღასრულებს. მადლობა ღმერთს, რომ იგი ჩვენი სამშობლოს მფარველია. ვევედროთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რათა შეგვიწყალოს, მეოხ-გვეყოს და გვაცხოვნოს. უფლის წინაშე მლოცველი ქრისტიანი ცხონებას ევედრება დედა-ღმრთისმშობელს, იმდენად დიდია მისი მეოხება ჩვენ მიმართ, რომელნიც ვართ უსუსურნი, უძლურნი ღმრთის წინაშე, და ვართ უღირსნი ამ მეოხებისა.

შეგვიწყალოს უფალმა და შეგვიწყალოს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა! ჩვენ კიდევ რა შეგვიძლია? აგერ, ჩვენ წინაშეა გარდამოხსნა. სიმბოლურად ეს უფლის საფლავია. სიმბოლო ეკლესიაში რეალური ძალმოსილების მქონეა. და ამიტომ ჩვენ აქ, როგორც ნამდვილი უფლის საფლავზე, შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავდოთ აღთქმა ღმრთის წინაშე, რომ არ ვეცრუებით მას, არასოდეს ვუღალატებთ და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული ვიქნებით. და წმიდა მეფე ვახტანგის ანდერძისაებრ ვეცდებით, ვეძებოთ სიკვდილი ქრისტესთვის.

ეს აღთქმა, რომელსაც ჩვენ ვდებთ აქ, მისი საფლავის წინაშე, რა თქმა უნდა, გაგვაძლიერებს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ აღთქმის ახსნა ვინდომოთ. შეგვეწიოს უფალი ამ დიდ საქმეში, რადგან ამაზე დიდი საქმე ჩვენ არ მოგვეპოვება. ყველა დანარჩენი ”მეასეხარისხოვანია”.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ! ახლა, რასაც მე ვიტყვი, თქვენ შეგიძლიათ გულში გაიმეოროთ:

  ,,მე აღთქმას დავდებ ღმრთის წინაშე, რომ ვიქნები მისი ერთგული მიმდევარი. მე ვიცი, რომ უსუსური და უძლური ვარ და მას კვლავ მრავალგზის ვუღალატებ, მაგრამ, დაე, ეს ღალატი მხოლოდ უძლურებიდან გამომდინარე ”წაქცევა” ყოფილიყოს. მე ვიცი, დღეში ათასჯერაც რომ წავიქცე, ჩემი უფალი ათასჯერვე წამომაყენებს. მე მისი იმედი მაქვს, მაქვს სასოება მისი უბიწო დედისა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა.
უფალო, შეგვინდე ჩვენი ცოდვები, ის, რითაც გცოდავთ ყოველთვის, რითაც გტკენთ გულს, მრავალგზის ჯვარს გაცვამთ ჩვენი ცოდვიანი ცხოვრებით, ჩვენი უსიყვარულობით, ჩვენი სიძულვილით, მრისხანებით, გულცივობით, უდარდელობით, სიზარმაცით, ულოცველობით, უმარხულობით, კაცთმოთნეობით, ფარისევლობით, ფანატიზმით… შეგვიწყალე და გაგვაძლიერე. შენ წინაშე ვდებთ აღთქმას, რომ ვიქნებით შენი ერთგული მოწაფენი სიცოცხლის ბოლომდე, და თუკი მრავალგზის წავიქცევით, სამწუხაროდ, ჩვენივე უძლურების გამო, წამოგვაყენე, რათა კვლავ შემოგიდგეთ შენს სადიდებლად და ჩვენს საცხოვნებლად, ამინ! ’’