qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
20

რატომ უნდა ვიყო ქრისტიანი?

მამა თეოდორე გიგნაძე

 

 

ადამიანი, რომელიც ათეიზმის სრულ უსაფუძვლობასა და რელიგიური მსოფლმხედველობის აშკარა უპირატესობას მიხვდება, კვლავ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. რელიგიათა სამყარო ძალზე მრავალფეროვანია. ყოველი რელიგიური პრაქტიკა სხვათა გამომრიცხავია. სხვაგვარად – ყველა რელიგია (ყოველ შემთხვევაში, ძირითადი რელიგიები) საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც ჭეშმარიტების ერთ-ერთ მფლობელს. ადამიანი აღმსარებლობას ირჩევს სინდისის, გულის კარნახის მიხედვით, მაგრამ არ გამოირიცხება გონებაც. ერთადერთი ჭეშმარიტება (ჭეშმარიტება კი უცილობლად ერთადერთია) ყველაზე უფრო ლოგიკური და გონივრულიც უნდა იყოს.
საუბრობენ ყველა რელიგიის გაერთიანებაზეც, რაც თითქოს საშუალებას მოგვცემს, ყველა მათგანში გაბნეული საუკეთესო მარცვლები შევკრიბოთ და გვარწმუნებენ, თითქოს ამგვარად მიღებული რელიგია ყველაზე უკეთესი და ამაღლებული იქნება.
პრობლემის გადასაწყვეტად საინტერესო ლოგიკას გვთავაზობს პროფესორი ანდრია კურაევი:
პირველ ყოვლისა, ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რომელს მიანიჭოს უპირატესობა: მონოთეიზმს თუ მრავალღმერთიანობას.
როგორც ფილოსოფიური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით და, ცხადია, ეროვნული მენტალიტეტის გათვალისწინებითაც, მონოთეიზმის უპირატესობა მრავალ ღმერთიანობასთან შედარებით აშკარაა.
მაგრამ მონოთეისტური რელიგიის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი ჯერ კიდევ არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. მონოთეისტური რელიგიები ორ ჯგუფად იყოფა: ერთნი ღვთაებად დაუსაბამო, უსასრულო, მაგრამ უპიროვნო ენერგიას აღიარებენ, მეორენი გვასწავლიან, რომ ღმერთი დაუსაბამო, უსასრულო, მარადიული, ყოვლისშემძლე, ყოველივეს შემოქმედი პიროვნული არსებაა.
ღმერთს, როგორც უპიროვნო სუბსტანციას, ენერგიას (გრავიტაციული ან ელექტომაგნიტური ველის მსგავსს), რომელიც არ არის სამყაროს შემოქმედი (უპიროვნობის გამო), რომელსაც ისევე არ გააჩნია ცნობიერება, შემეცნებისა და თვითშემეცნების უნარი, როგორც, მაგალითად, ბუზს, ჭუჭყს, ტალახს, ქვას, აღიარებენ აღმოსავლური რელიგიები, სხვადასხვა თეოსოფიურ-ოკულტური მიმდინარეობები, ასტროლოგები.
ადამიანს თავისუფალი არჩევნის ნება აქვს, მაგრამ ჩვენ უგუნურებად მიგვაჩნია, ღმერთად ვაღიაროთ გრავიტაციული ან ელექტრომაგნიტური ველის მსგავსი ენერგია, რომელსაც არ გააჩნია ცნობიერება და შემეცნების უნარი, რომელსაც ვერასოდეს მიმართავ ლოცვით (რამეთუ იგი არ არის პიროვნება) და რომელიც ამავე მიზეზის გამო ვერასოდეს იზრუნებს ჩვენზე, რომლის უპიროვნობის გამო ადამიანის პიროვნულ არსებობას პერსპექტივა არ გააჩნია და რომელშიც არ არსებობს სიკეთისა და ბოროტების ცნება. ჩვენი აზრით, შეუძლებელია, ღმერთს არ გააჩნდეს სამყაროში არსებული ყველაზე აღმატებული თვისება, შეუძლებელია, ღმერთი არ იყოს პიროვნება. უიმისოდ რელიგია, როგორც კავშირი ადამიანისა ღვთაებასთან, ყოველგვარ აზრს კარგავს. ასეთ შემთხვევაში იგი რელიგიური ნიღბით შემოსულ ათეიზმად წარმოჩინდება.
ჩვენ ვირჩევთ პიროვნული ღმერთის რელიგიას. მაგრამ პრობლემა არც ამით წყდება, რამეთუ დიდი არჩევნის წინაშე ვდგებით: პიროვნული ღმერთის მქადაგებელი რომელი რელიგია ავირჩიოთ, რომელი ქადაგებს ჭეშმარიტებას, რომელი დაგავაკავშირებს ნამდვილ ღმერთთან?
რაკი ჭეშმარიტებას პიროვნული ღმერთის მქადაგებელ რელიგიათა შორის ვირჩევთ, ამოსავალი ჩვენი ძიებისა პიროვნება და მისი თვისებები უნდა იყოს.
რომელია პიროვნებაში ყველაზე აღმატებული და ღირებული თვისება?
რა თქმა უნდა, სიყვარული.
სამი ძირითადი შეკითხვით, რომლებშიც სიყვარულის ცნება დომინირებს, სხვადასხვა რელიგიის (ისლამისა და ქრიტიანობის) აღმსარებელებს მივმართოთ.
პირველად დავეკითხოთ ისლამის მიმდევარს:
კითხვა პირველი: ღმერთი სიყვარულია?
ისლამის წარმომადგენელი პასუხს დააყოვნებს, რადგან მორწმუნისათვის ადვილი არ არის ღმერთს მიაწეროს თვისება, რომელიც მისი რელიგიის წმინდა წიგნებში არ იხსენიება. დიახ, ყურანში ვერსად ამოიკითხავთ, რომ ღმერთი სიყვარულია. ხოლო მართლმორწმუნე მუსლიმი ღმერთზე ისეთ რამეს როგორ იტყვის, რაც ყურანში არ წერია?! სხვათა შორის, მუჰამედი ამ დიად საღვთისმეტყველო თეზისს: „ღმერთი სიყვარულია“, – ვერც ჩაწერდა, ვინაიდან ისლამის „ღვთისმეტყველება“ ამის საშუალებას არ იძლევა. თუმცა ისლამის მიმდევარი ბოლოს მაინც იტყვის: „შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული ღმერთის ერთ-ერთი თვისებაცაა“ (ასეთი პასუხის მიზეზი მსოფლიოში დომინირებულ ევროპულ-ქრისტიანულ ცნობიერებაში უნდა ვეძებოთ).
კითხვა მეორე: რაში გამოვლინდა ღვთის სიყვარული ადამიანისადმი?
პასუხი დაახლოებით ასეთი იქნება: ღმერთმა შექმნა სამყარო, მოგვცა სჯული, გვაძლევს მარადიულ ცხოვრებას (პასუხი მხოლოდ გარეგნული ფორმითაა მისაღები).
კითხვა მესამე: ღვთისთვის ძნელი იყო ადამიანის სიყვარული?
ისლამის აღმსარებლის პასუხი: „რას ბრძანებთ! როგორ შეიძლება, მარადიული, ყოვლისშემძლე და ტრანსცენდენტული ღვთისთვის რაიმე ძნელი იყოს!“ – ლოგიკურად მისაღები იქნება, მაგრამ ასევე ლოგიკური და გასაგები იქნება ჩვენი შენიშვნა: თუ სიყვარული არ არის ძნელი, თუ სიყვარული არ ვლინდება ღვაწლსა და თავგანწირვაში, მაშინ იგი სიყვარულია?!
ახლა იმავე კითხვებით ქრისტიანს მივმართოთ:
კითხვა პირველი: ღმერთი სიყვარულია?
ქრისტიანი არ დაფიქრდება, მაშინვე იტყვის: „დიახ, ღმერთი სიყვარულია“. ქრისტიანებს წმინდა წერილში პირდაპირ გვიწერია ეს ყველაზე აღმატებული საღვთისმეტყველო ფორმულა. იგი მხოლოდ ქრისტიანობაშია, რამეთუ ყველა რელიგიათა შორის მხოლოდ ქრისტიანული ღვთისმეტყველება იძლევა ამგვარი ფორმულის გამოთქმის საშუალებას. ამგვარად, ამ საღვთისმეტყველო ფორმულის სხვა რელიგიებში არარსებობა არ არის შემთხვევითი; ასევე არ არის იგი შემთხვევითი ქრისტიანობაში.
კითხვა მეორე: რაში გამოვლინდა ღვთის სიყვარული ადამიანისადმი?
პასუხი ფორმით იგივე იქნება, როგორიც ისლამის წარმომადგენელმა გასცა, თუმცა არსობრივად ამ ორ პასუხს შორის ძირეული განსხვავებაა.
კითხვა მესამე: ღვთისთვის ძნელი იყო ადამიანის სიყვარული?
პასუხი ალოგიკური, მაგრამ უნიკალური იქნება: „ღვთისათვის ძალზე ძნელი იყო ადამიანის სიყვარული; თავგანწირული იყო ეს სიყვარული; საკუთარი თავის უკიდურეს დამდაბლებამდე, სისხლის დაღვრამდე, თვით უპატიო სიკვდილამდე ძნელი იყო ეს სიყვარული“. ამგვარი თავგანწირვის განხორციელებისათვის ღვთაებრივი, უვნებო ბუნების მქონე პიროვნული ღმერთი ვნებად, ადამიანურ ბუნებას იღებს, რომლის ტანჯვით პიროვნულად თავად ღმერთი იტანჯება, რომლის სიკვდილით თავად ღმერთი კვდება და ამით გამოავლენს მაქსიმალურ სიყვარულს, რაც კი ერთ პიროვნებას მეორის მიმართ შუეძლია გამოამჟაღავნოს – თავის სულს დებს ჩვენთვის. აქ ისეთი სიდიადე, სიმდაბლე, სინათლე და სიყვარულია, რომ ადამიანს არათუ ამგვარის ან მსგავსის მოფიქრება, ან რაიმეს დამატება, არამედ უკვე მომხდარისა და არსებულის გააზრება და დატევნაც კი არ ძალუძს (ამიტომ იყო, რომ ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ცდილობდნენ მის შესწორებას, რათა იგი ადამიანებისათვის ადვილი გასააზრებელი ყოფილიყო; სწორედ ეს გახლდათ მრავალი ერესის წარმოშობის მიზეზი). ქრისტიანობაზე უფრო აღმატებული მოძღვრების შექმნა შეუძლებელია. ყოველი ნაბიჯი ქრისტიანობიდან, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ერთ-ერთი საღვთისმეტყველო განმარტება, თუ რატომ არ ცხონდება ეშმაკი, ასეთია: თუ სატანა მაშინ არ ჩავარდა სინანულში, როცა კაცად მოსული სამყაროს შემოქმედი ადამიანთათვის კვდებოდა, როცა ასეთმა სიყვარულმაც არ შეაძრწუნა მისი გული, რაღამ უნდა შეძრას იგი? მსგავსი რამ ადამიანზეც შეიძლება ითქვას: თუ კაცის გული იმ ამბავმა არ შეძრა, რომ ღმერთი მის გადასარჩენად ადამიანად მოვიდა, ეწამა და მოკვდა, ღმერთი ადამიანად იქცა, რათა ადამიანი ღმერთად ექცია, სხვა რაღამ უნდა შეძრას იგი?!
ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი გულქვაობისგან!

მოამზადა მღვდელმა თეოდორე გიგნაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, აგვისტო, 2004 წ.

მღვდელი თეოდორე გიგნაძე

ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელსაც შეუძლია, ობიექტური არგუმენტებით დაამტკიცოს საკუთარი ჭეშმარიტება ქრისტიანობა ღვთისა და ადამიანის უმაღლეს იდეალს იძლევა. სხვა რელიგიათა და მოძღვრებათა მოსაზრებანი უსასრულოდ ჩამორჩება ქრისტიანობისას. და არა მხოლოდ ჩამორჩება, არამედ სრულ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. მთავარ საკითხებში, როგორებიცაა ღმერთი და ადამიანი ანდა დამოკიდებულება მათ შორის, სხვადასხვა რელიგიას შორის უთანხმოება იმდენად დიდი, ძირეული და არსობრივია, რომ შეუძლებელია, ვინმე ერთდროულად ორ რელიგიურ პრაქტიკას მისდევდეს. ადამიანის მიერ ერთ-ერთი რელიგიის ჭეშმარიტი აღმსარებლობა სრულიად გამორიცხავს მის მიერ პარალელურად სხვა სარწმუნოების აღიარებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველა ძირითადი რელიგიის  უმთავრეს პრინციპს, რომ ჭეშმარიტება ერთადერთია და სწორედ იგი ფლობს მას.
ჩნდება კითხვა: როგორ გავარკვიოთ სიმართლე, როცა ყველა რელიგია მხოლოდ საკუთარ თავს წარმოაჩენს ჭეშმარიტების მფლობელად?
როგორც დავრწმუნდით წინა საუბრებში, ქრისტიანობა სიდიადით ყველა რელიგიას აღემატება. ამ მიზეზის გამო მას ერთადერთს უპყრია ჭეშმარიტება. მაგრამ სიმართლე რომ დაამტკიცო, ობიექტური არგუმენტებია საჭირო, ობიექტური არგუმენტები კი მხოლოდ სიმართლეს (რეალურად, ნამდვილად არსებულს) შეიძლება გააჩნდეს. ამიტომ ამ პრობლემის გადასაწყვეტად და სიმართლის დასადგენად კონკრეტული რელიგიის წარმომადგენელს უნდა ვკითხოთ: „რა ობიექტური არგუმენტები გაგაჩნიათ თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად?“ როგორც პროფესორი ა.ი.ოსიპოვი ბრძანებს, ეს კითხვა ნებისმიერი სარწმუნოების წარმომადგენლისათვის მომაკვდინებელია, რამეთუ ქრისტიანობის გარდა ყველა სხვა რელიგია საკუთარ სიმართლეს მხოლოდ სუბიექტური არგუმენტებით ამტკიცებს, მაშასადამე, ამ რელიგიის მიმდევართა სუბიექტური განცდებითა და შეხედულებებით, ხოლო ობიექტური ის არგუმენტებია, რომელთაც, რწმენისა და აღმსარებლობის განურჩევლად, ყველა ეთანხმება.
ქრისტიანობას (მხოლოდ მას!) უამრავი ამგვარი არგუმენტი გააჩნია. მოვიყვანოთ ზოგიერთი მათგანი.

ისტორიული არგუმენტები
ადამიანები მუდამ სწირავდნენ თავს რაღაც იდეალს, მაგრამ მსგავსი იმისა, რასაც ქრისტიანები სჩადიოდნენ, კაცობრიობის ისტორიამ არ იცის. მხოლოდ სასწაულით, მხოლოდ ადამიანთა მიერ ღვთის რეალური განცდით შეიძლება აიხსნას რომი იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლაში ქრისტიანობის გამარჯვება. მილიონობით ქრისტიანი მოიშთო საშინელი სიკვდილით, მაგრამ მათი შემხედვარე კიდევ უფრო მეტი ხდებოდა მორწმუნე. მონათვლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა გახლდათ მზადყოფნა მოსანათლისა, მომკვდარიყო ქრისტესთვის (რაც ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას წასაკითხ სამოციულოშიც აისახა). ქრისტიანებს ხოცავდნენ არა მხოლოდ ნერონის, კალიგულასა და სხვა მათებრ შეურაცხადი იმპერატორების დროს, რომლებიც შეპყრობილებივით დევნიდნენ ქრისტეს აღმსარებლებს, არამედ დიოკლიტიანეს, მარკუს ავერლიუსისა და მათი მსგავსი გონიერი მმართველების ზეობის ჟამსაც, რომლებიც დახვეწილად, გააზრებულად და შეგნებულად ებრძოდნენ ქრისტიანობას.
რომის იმპერიის მმართველები ვარაუდობდნენ, რომ რამდენიმე წელიწადში მოსპობდნენ ქრისტიანობას (და თუ იმპერიის დახვეწილ სამართლებრივ მოწყობას გავითვალისწინებთ, გააჩნდათ კიდევაც საამისო საფუძველი. სხვათა შორის, ასეთივე ილუზია ჰქონდა ნიკიტა ხრუშჩოვს). ადამიანური ლოგიკით ვერაფრით ავხსნით ქრისტიანობის გამარჯვებას მძვინვარე, ქრისტეს მოძულე იმპერიებზე. ქრისტიანობის გამარჯვების მიზეზი მხოლოდ ირაციონალური, სასწაულებრივი შეიძლება იყოს. ეს ისტორიული ფაქტია და ქრისტიანობის ღვთაებრიობის ის ობიექტური არგუმენტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს.

მოძღვრებითი არგუმენტები
ასეთი არგუმენტები უამრავია. მათ საერთო ნიშანი აერთიანებთ: არც ლოგიკურად და არც ისტორიულად არც ერთი სხვა რელიგიიდან, წარმართობიდან თუ ფილოსოფიური სისტემებიდან ისინი არ გამომდინარეობენ. როგორც თვისობრივად და ხარისხობრივად, ისე სიდიადით ისინი უნიკალურნი არიან. მათი უმრავლესობა გაუგებარია ადამიანური ლოგიკისათვის. ამიტომაც „მოაზროვნე“ ადამიანები ორი ათასი წელია ცდილობენ ქრისტეს მოძღვრების „შესწორებას“, მაგრამ ქრისტიანობა არ ანებებს ამას და ასეთ ადამიანებს მწვალებლებად რაცხს. ამით იგი ჭეშმარიტებას, საკუთარ უნიკალურობას და ღვთივწარმომავლობას უფრთხილდება, რამეთუ თუ არა ღვთივწარმომავლობა, როგორ აიხსნება ისეთი მოძღვრების არსებობა, რომელიც არსაიდან გამომდინარეობს, რომელსაც ვერ იტევენ მოაზროვნეები, რომელიც ზნეობრივი სიდიადითა და სულიერებით უსასრულოდ აღემატება ყველა რელიგიას და რომელიც, როგორც ფაქტი (და არა ფილოსოფიური ტრაქტატი), ფაქტობრივად უწიგნურმა ადამიანებმა (მეთევზეებმა) დაგვიტოვეს. ამიტომ მოძღვრებითი არგუმენტები ობიექტურია და ყოვლად შეუძლებელია, ისინი ვინმემ უარყოს.
განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

ყოვლადწმიდა სამება
იგი უნიკალურია. წარმართულ რელიგიებსა და ფილოსოფიურ სისტემებში არსებული ტრიადები სრულიად განსხვავდებიან. შეუძლებელია ბერძნული მითოსების ოჯახური ტრიადების, ინდური ტრიმურტის, პლატონის ტრიადის და სხვათა წმინდა სამებასთან შედარება. პირველნი ადამიანური ლოგიკის კანონებიდან გამომდინარეობენ, წმინდა სამებას კი ადამიანური ლოგიკა ვერ იტევს. ამიტომ შეუძლებალია ვამტკიცოთ, რომ წმინდა სამება ადმიანური გონებით შექმნილი მოძღვრებებიდან გამომდინარეობს.
წმინდა სამების დოგმატი წმინდა წერილში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადმოცემულია როგორც ფაქტი, რომლის თვითმხილველნი იყვნენ მოციქულები. „გონიერი“ ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ, ქრისტიანებს „დახმარებოდნენ“ ანდა განმარტებას ითხოვდნენ მათგან.
„თქვენ ერთი ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებას, ერთი ღმერთის სამ ძალას ან სამ ერთნაირ ღმერთს ქადაგებთ?“ – კითხულობდნენ ისინი.
„ეს ერესია, მწვალებლობაა“, – პასუხობდნენ ქრისტიანები.
ერეტიკოსებს ყოველთვის უკვირდათ, რა „გაუგებრობას და სისულელეს“ ქადაგებენო ქრისტიანები, მაგრამ რომ არა წმინდა სამების დოგმატი, არ იარსებებდა ყველაზე ამაღლებული და სხვაგან არარსებული საღვთისმეტყველო ფორმულა – ღმერთი სიყვარულია.
შეუძლებელია, ესოდენ ამოუცნობი, ყველაფრისგან განსხვავებული, ყველაფერზე აღმატებული, ყველაზე ამაღლებული მოძღვრება უსწავლელ მეთევზეებს შეექმნათ. ამიტომ წმინდა სამების დოგმატის არამიწიერი წარმომავლობა აშკარაა. იგი ქრისტიანობის ჭეშმარიტების დამამტკიცებელი ერთ-ერთი ობიექტური არგუმენტია და ამის უარყოფა შეუძლებელია.

ღვთის განკაცება
არ არსებობს რელიგია ან მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობასთან თუნდაც მიმსგავსებული სწავლება ჰქონდეს. არც ერთი სხვა რელიგიის ფუძემდებელს გონებაშიც კი არ მოსვლია იდეა ტრანსცენდენტული ღმერთის სამყაროში შემოსვლისა, განკაცებისა, ადამიანად გახდომისა.
ღვთის განკაცების დოგმატი წმინდა სამების დოგმატივით გაუგებარია ადამიანური ლოგიკისათვის. რელიგური მოაზროვნეები, წმინდა სამების დოგმატის მსგავსად, მის შესწორებასაც ცდილობდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ შეუძლებელია, ტრანსცენდენტული ღმერთი (რომელსაც წარმართული რელიგიები ლოცვის დროსაც არ მიმართავენ) ამგავარად დამდაბლდეს – ადამიანად მოვიდეს და საშინელი შეურაცხყოფით მოიკლას. შეუძლებლად მიიჩნევდნენ ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების სამარადისო, განუშორებელ და შეურევნეს შერწყმას. ერთნი (დოკეტები) ამტკიცებდნენ, რომ ძე ღმერთმა ადამიანური ბუნება მოჩვენებითად მიიღო; მეორენი (ნესტორიანელები) ირწმუნებოდნენ, რომ იესუ ქრისტე ჩვეულებრივი, ადამიანური პირივნება იყო და მასში დამკვიდრდა ღმერთი; მესამენი (არიოზელები) ასწავლიდნენ, რომ ძე ღმერთი არ ყოფილა ღმერთი; სხვანი (მონოფიზიტები) ქადაგებდნენ, რომ ღვთაებრივმა ბუნებამ შთანთქა ადამიანური.
ქრისტიანობა მტკიცედ უპირისპირდებოდა ცდომლებებს და აჩვენებდა, რომ ღვთის განკაცების დოგმატის შერყვნით წარხდებოდა ქრისტიანული რელიგიის არსი – განღმრთობა ადამიანისა.
წმინდა მოციქულნი, რომლებმაც ღვთის განკაცების შესახებ მოძღვრება (რომელიც ლოგიკურად არ გამომდინარეობს არც ერთი სხვა რელიგური მოძღვრებისგან), როგორც ფაქტი, მოგვცეს წმინდა წერილში, უსწავლელი მეთევზეები იყვნენ. ცხადზე უცხადესია, რომ შეუძლებელია, მეთევზეები იყვნენ ავტორნი ამგვარი ამაღლებული იდეისა, რომელსაც ყველაზე განვითარებული გონების ადამიანებიც ვერ იტევენ. ეს ჭეშმარიტებაც ღვთიური წარმომავლობისაა. ამის უარყოფა შეუძლებელია.

აღდგომა
ათეისტები ქრისტიანობის კრიტიკისას ხშირად ამბობდნენ, ქრისტიანებმა აღდგომის იდეა წარმართული რელიგიებიდან, კერძოდ, ბერძნული მითებიდან აიღესო. სინამდვილეში, წარმართულ სამყაროში, თუნდაც იმავე ბერძნულ მითოლოგიაში, აღდგომისა მხოლოდ იდეა არსებობს, რომელიც ციკლური წრებრუნვის აღმნიშვნელია. ნამდვილ, რეალურ აღდგომას არაქრისტიანული სამყარო არ იცნობს. წმინდა პავლე მოციქულს არეოპაგში ბერძნებმა ქადაგება მაშინვე შეაწყვეტინეს და დასცინეს, როდესაც მან აღდგომის შესახებ დაიწყო საუბარი. ქრისტიანობა გვიქდაგებს და ისტორია უტყუარი წყაროებით გვიდასტურებს ქრისტეს ჭეშმარიტ, რეალურ აღდგომას, რომელიც ხილული ნიშანი გახდა სიცოცხლის, სიმართლის, სიკეთის გამარჯვებისა სიკვდილზე, სიცრუესა და ბოროტებაზე.
ქრისტეს ჭეშმარიტი აღდგომა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქრისტიანობის უნიკალურობას და იმ ობიექტურ არგუმენტთაგანია, რომელიც ქრისტიანობის სხვა რელიგიებიდან წარმომავლობას გამორიცხავს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ღვთიურ წარმოშობას.

ცოდვა
ამ ერთი შეხედვით სრულიად გასაგები ცნების არსი სინამდვილეში მხოლოდ ქრისტიანობისთვისაა ცნობილი. ქრისტეს მოძღვრებისგან შორს მყოფი ადამიანისთვის ცოდვა დანაშაულის სინონიმია: როცა დანაშაულს ჩავდივარ, ვცოდავ, ხოლო თუ დანაშაულს არ ჩავდივარ, არც ვცოდავ. ცოდვის (დანაშაულის) ჩადენის მიზეზად უციდინრობასაც მიიჩნევენ (სოკრატე). ამის კვალობაზე, თუ ადამიანს ეცოდინებოდა, რომ ცოდვის ჩადენა ცუდია, იგი აღარ შესცოდებდა.
ქრისტიანობამ ცოდვის სრულიად ახლებული, თვისობრივად განსხვავებული ისეთი განმარტება მოგვცა, რომელიც მანამდე უცხო იყო კაცობირიობისთვის.
წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ადამიანს დიდი ძალისხმევის შედეგადაც არ ძალუძს, არ სცოდოს. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ცოდვა უპირველეს ყოვლისა მემკვიდრეობით მიღებული ავადმყოფობაა და ღმერთსდაცილებულობის მიზეზით არსებობს. ადამიანს დაავადებული (იგულისხმება არა მხოლოდ ხორციელი, არამედ, ზოგადად, ადამიანური ბუნების ავადმყოფობა), დაზიანებული ბუნება აქვს. ეს ვლინდება როგორც კერძო ადამიანში (ადამიანურ ბუნებაში არ არის ერთობა: გონებას ერთი უნდა, გულს – მეორე, ხორცი არც ერთს ეკითხება და არც მეორეს), ისე კაცობრიობის ისტორიაში (მიუხედავად ცოდნისა, თუ რა სიკეთეა მშვიდობა და სურვილისა, იცხოვრონ სიამტკბილობით, საზოგადოების, კაცობრიობის ისტორია ერთმანეთის განადგურებისა და ომების ისტორიაა). მსოფლიო ისტორიაზე დაყრდნობით ვერც კი იტყვი, რომ ადამიანი გონიერი არსებაა. ადამიანს, როგორც არსებასა და რეალურ ისტორიას შორის შეუსაბამობა აუხსნელი, გაუგებარი იქნებოდა, ქრისტიანობას ადამიანური ბუნების ავადმყოფობა რომ არ ეჩვენებინა.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს გენიალური აღმოჩენა, უცნობი ქრისტიანობამდელი ყველა გენიოსისათვის, უბრალო მეთევზეების შემოქმედების შედეგი იყო. მისი ღვთაებრივი წარმოშობა აშკარაა. ეს კიდევ ერთი ობიექტური არგუმენტია, რომელიც ყველასთვის ნათელია.

* * *
ქრიატიანული რელიგიის ღვთაებრივი წარმომავლობის ერთ-ერთი ნიშანი სიკეთისა და ბოროტების, კარგისა და ცუდის განსაკუთრებული, მიწიერი აზროვნებისათვის გაუგებარი და შეუწყნარებელია შეფასებაა. ამის საილუსტრაციოდ მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის იგავნიც გამოდგება. მათში კი წმინდა წერილის სხვა ადგილებში გადმოცემული სიკეთისა და ბოროტების მაცხოვრისეული შეფასება ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა ამა სოფლის მიერ ქრისტეს მოძულებისა.
ქრისტიანობის ჭეშმარიტება ვლინდება იმ უამრავ მოწმეში, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს ღმერთი; იმ გზებსა და ღვთის ხილვის (განცდის) საშუალებებში, რომლებსაც ქრისტიანობა თავადვე გვანიჭებს. ყველა ადამიანს, თუ ქრისტიანობის მიერ მითითებულ გზას დაადგება, შეუძლია, ამ მოძღვრების ჭეშმარიტებაში თავად დარწმუნდეს. ეს გზა რეალობაა და მოწმეებთან ერთად კიდევ ერთი ობიექტური არგუმენტი ქრისტიანობის სასარგებლოდ.

* * *
რეალიზმი ერთ-ერთი ობიექტური ნიშანია, რითაც ქრისტიანობა თავის ნამდვილობას ადასტურებს. ქრისტიანებს ხშირად გვაბრალებენ, რეალობას მოწყვეტილნი ხართო, მაგრამ სინამდვილეში ქრისტიანი ყველაზე მეტადაა რეალისტი. ქრისტიანი ყველაზე მეტადაა რეალისტი. ქრისტიანს მცნებით ეკრძალება, ინერვიულოს ხვალინდელი დღის გამო (რამეთუ იგი არარსებულია) და ევალება, იფიქროს დღევანდელზე (რამეთუ იგი აწმყოა, ანუ არსებულია და შესაძლებელია მასში მოქმედება, სიკეთის ქმნა). ქრისტიანს ეკრძალება ოცნებაც, როგორც რეალობიდან გაქცევის საშუალება, ამით ღვთის დაკარგვა (რომელსაც მხოლოდ რეალურ სამყაროში იპოვი) და ეშმაკთან ხიდის გადება (გამოგონილ სამყაროში მხოლოდ ეშმაკს თუ პოვებ). თავად ქრისტე წმინდა წერილში რეალიზმის განსაცვიფრებელ მაგალითებს იძლევა.
სინდისი უფაქიზესი ინდიკატორია, რომელიც სიყალბეზე ყოველთვის რეაგირებს. ქრისტიანობა არაფერში ეწინააღმდეგება სინდისს. ქრისტიანული მცნების აღსრულებას, განსხვავებით სხვა რელიგიათა მცნებებისგან, არა სიამაყისკენ, არამედ სიმდაბლისკენ, საკუთარი თავის რეალური შეცნობისკენ მიჰყავს ადამიანი. ქრისტიანობა ზნეობის უმაღლეს იდეალს იძლევა, რომლის მსგავსს კაცობრიობა არ იცნობს.
მიუხედავად მარადისობისკენ სწრაფვისა, ქრისტიანობა ხელს უწყობს ყოფითი ცხოვრების განვითარებას. სახარებაში ჩანს, როგორ ზრუნავს მაცხოვარი ადმაიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე: ქორწილში ღვინის წყლად გადაქცევა, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის მიერ შემწვარი თევზითა და პურით მოციქულთა დაპურება, ავადმყოფთა განკურნება…
ქრისტიანობაა ერთადერთი მსოფლმხედველობა, რომლის წიაღშიც თანამედროვე მეცნიერება განვითარდა. არაქრისტიანული მსოფლმხედველობანი მეცნიერების განვითარების საშუალებას არ იძლეოდა.
ამ და სხვა უამრავ ობიექტურ არგუმენტთა შემდეგ ვინ გაკადნიერდება და იტყვის, რომ ასეთი უნიკალური, ყველა მოძღვრებისგან თვისობრივად განსხვავებული სწავლება მეთევზეებმა შექმნეს?!