qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
10

მე შენი ცხონება მსურს, რატომ მარიდებ თავს?

 

წმ. იოანე ოქრიპირი

გსურს – ამბობს უფალი – შემკობა? – შეიმკე ჩემი სილამაზით, ან შეიარაღება? -შეიარაღდი ჩემით; ან შემოსვა? – შეიმოსე ჩემი სამოსლით; ან საჭმელი? – აგერ ჩემი სატრაპეზო; ან წასვლა? – იარე ჩემი გზით; ან მემკვიდრეობის მიღება? – მიიღე ჩემი მემკვიდრეობა; ან შესვლა მამულში? – შედი ქალაქში, რომლის მხატვარი და მშენებელი მე ვარ; ან სახლის აშენება? – ააშენე ის ჩემს სამკვიდრებელში. მე არ ვითხოვ შენგან ჯილდოებს იმის გამო, რასაც გაძლევ, არამედ უნდა დაგაჯილდოვო კიდეც იმის გამო, რომ შენ ინებებ, ისარგებლო ყოველი ჩემი სიკეთით. მე ვარ მამა, მე ვარ ძმა, მე ვარ სასიძო, მე ვარ სახლი, მე ვარ საკვები, მე ვარ სამოსელი, მე ვარ ფესვი, მე ვარ ფუძე, მე ვარ ყველაფერი, რაც უნდა გინდოდეს, არაფერში გექნება გასაჭირი. მე მოგემსახურები კიდეც, – რადგან: მე მოვედი იმისათვის, რათა ვემსახურო, და არა იმისათვის, რომ მე მემსახურონ (მათ.20. 28). მე ვარ მეგობარიც, წევრიც, თავიც, ძმაც, დაც, დედაც, მე ვარ ყველა, ოღონდშენ იყავი ჩემი მეგობარი. შენთვის მე ვარ ღარიბი, შენთვის მე ვარ გლახაკი, შენთვის მე ჯვარზე ვარ, შენთვის მე ვარ საფლავში, შენთვის ვშუამდგომლობ მამასთან ზეცაში, შენთვის მოვივლინე მიწაზე – მამის დესპანი. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ: ძმაც, თანამემკვიდრეც, მეგობარიც, წევრიც. კიდევ რაგინდა? რისთვის არიდებ პირს მას, ვისაც უყვარხარ? რისთვის იღწვი სოფლისათვის, რისთვის ასხამ დამსხვრეულ ჭურჭელში? ამის მსგავსია შრომა ამქცეყნიური ცხოვრებისთვის. რისთვის კვეთ ცეცხლს? რისთვის ურტყამ ჰაერს? რისთვის დარბიხარ ტყუილუბრალოდ? განა ყველა ხელოვნებას არ აქვს მიზანი? ეს ყველასათვის ცნობილია. მანახე შენი მიზანი ცხოვრებისეული ზრუნვისა. მაგრამ არ შეგიძლია მანახო: ყოველივე ამაოა (ეკლ. 1, 2 ) წავიდეთ საფლავებთან: სად არის ის, ვინც ოქროს ტანსაცმლით იმოსებოდა, ვინც ეტლში იჯდა, ვისაც ჰყავდა ლაშქარი, წინასწარმეტყველნი, ჰქონდა სამეფო სარტყელი, რომლის მიერ ზოგნი სიკვდილს მიეცემოდნენ, სხებს საპყრობილეში აგდებდნენ, ვინც თავისი ნება-სურვილისებრ აკვდინებდა და ათავისუფლებდა? მე ვერაფერს ვხედავ, გარდა ძვლებისა და ობობის ქსელისა. ყველაფერი ეს არის მიწა, ყველაფერი ეს არის გამონაგონი, ყველაფერი ეს არის სიზმარი და აჩრდილი, ცარიელი ნაამბობი და გამოსახულება. ჰოი ნეტავ ამით მთავრდებოდეს უბედურება! მაგრამ ახლა პატივი, სიამოვნება, სახელი. – მხოლოდ აჩრდილია, მხოლოდ სიტყვებია. ხოლო ის, რაც მათგან წარმოიშობა, – უკვე აჩრდილი და სიტყვა არ არის, არამედ არსებობს და გადავა ჩვენთან ერთად იქ, და ყველასათვის გაცხადდება. მტაცებლობა, მომხვეჭელობა, მრუშობა, სიძვა და ურიცხვი ამის მსგავსი ცოდვები, იქნება ეს სიტყვით თუ საქმით დაწერილია არა სურათზე და არა გვამზე, არამედ -ზეცაში. მაშ, როგორი თვალებით უნდა შევხედოთ ქრისტეს? თუ ადამიანს არ შეუძლია, უყუროს თვალებში მამას, როცა მის წინაშე დამნაშავედ გრძნობს თავს, მაშინ როგორ შევძლებთ, შევხედოთ მას, რომელიც უსასრულოდ მშვიდია, ვიდრე მამა? როგორავიტანთ მის ყოფას?

წყარო:Faith.ge

წმიდა იოანე ოქროპირი