qar
eng
rus
ქრისტე
აღდგა
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
4

ფანატიზმის საფუძვლები

 

მღვდელი გიორგი ჩესტიაკოვი

 

როცა ვამბობთ სიტყვა „ფანატიზმს“-უნდა ვიგულისხმოდ, რომ იყო არა მარტო ბართლომეს ღამე, გამხეცებული ირანელებისაგან გრიბოედოვის მოკვდინება, არამედ 2001 წლის 11 სექტემბერიც. ანუ ფანატიზმი არა მხოლოდ შორეული წარსულია, არამედ დღევანდელი რეალობაც. ეს არის რუსეთში მომქმედი სინაგოგების ჩალეწილი ფანჯრები, ხანძრები და აფეთქებები. იგივე ბედი ეწიათ პროტესტანტულ ტაძრებს. მსგავსი ისტორია განმეორდა თათარსტანში, სადაც მუსლიმებმა მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას გაუწიეს წინააღმდეგობა. იგივე ხდება აშშ-შიც -ინტერნეტით გავრცელებული ექიმების სია, რომლებიც აბორტებს აკეთებდნენ და ამის გამო მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ფანატიზმის გამოვლინებას ყველა რელიგიაში შეიძლება შევხვდეთ. ჩნდება კითხვა: რა არის ფანატიზმი? სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფანატიზმი რაღაც უცხო მოვლენაა და მას არავითარი კავშირი არაქვს რელიგიასთან. ძნელი დასაჯერებელია, რადგან ყველა საუკუნეში რელიგიის ისტორია დაკავშირებულია ფანატიზმის ისტორიასთან. ვოლტერი ფანატიზმს რელიგიის გაუკუღმართებულ პირმშოს უწოდებდა. ამ განსაზღვრებაზე ღირს შეჩერება, თუმცა შეგვიძლია, შვარცის გამოთქმა გამოვიყენოთ და ფანატიზმს რელიგიის ჩრდილი ვუწოდოთ. შესაძლოა ფანატიზმი სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით მასების ცნობიერებაზე მანიპულირების ნაყოფი იყოს. მაგალითად, იანჰუსმა, რომელსაც შუა საუკუნეებში კოცონზე წვავდნენ, გარშემო მყოფი ბრბოს ფანატიზმი ამ ბრბოს ცნობიერების მანიპულირებად აღიქვა. დედაბერს, რომელმაც კოცონს ფიჩხი მიუმატა, მან ამ სიტყვებით მიმართა: „წმინდა გულუბრყვილობა“, რადგან დედაბერი ფიქრობდა, რომ სიკეთეს აკეთებდა.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფანატიზმის ზემოდან თავსმოხვევა არ ხდება, იგი შიგნით ჩნდება და ამით არის საშიში. ბართლომეს ღამის იდეა იმ დროინდელი პარიზის ხელოსანთა ამქარში ჩაისახა. ჩვეულებრივ, ხელოსნები საეკლესიო ბაირაღებს და სხვადასხვა სიწმინდეებს ატარებდნენ რელიგიური პროცესიების დროს. ეს ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა იდეისთვის, გაეჟლიტათ ჰუგენოტები და მათეს იდეა განახორციელეს კიდეც. ამიტომაც შეიძლება ვისაუბროთ ფანატიზმის კორპორაციულ ბუნებაზე.

მაგრამ ჩვენ ჯერ ფანატიზმის განსაზღვრება არ ჩამოგვიყალიბებია. მაგ. ბელასთვის პირველყოფილი რელიგიების ნებისმიერი ფორმა ფანატიზმია. პირველყოფილი ველურები, რომლებიც შორეული წარსულის ტყეებში მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ, ფანატიკოსები იყვნენ. „ფილოსოფიურ ლექსიკონში“ ვოლტერი სულ სხვაგვარ განმარტებას გვაძლევს: ფანატიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფანატიკოსი, იცავს რა საკუთრ მართლმორწმუნეობას, რომლის მცველადაც მასთავისი თავი მიაჩნია, მზადაა მოკლას და დასაჯოს. ეს უკიდურესი განსაზღვრებაა. ყოველი მართლმორწმუნეობის დამცველი და ყოველი ფუნდამენტალისტი ფანატიკოსი როდია. ფანატიზმი იქ იწყება, სადაც ადამიანს უჩნდება სურვილი დევნოს, დასაჯოს და დახოცოს სხვაგვარად მოაზროვნეები. ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საბჭოთა პერიოდში ფანატიკოსებს მიაკუთვნებდნენ ისეთ მშვიდობისმოყვარე ადამიანებს, როგორებიც იყვნენ სერგი რადონეჟელი და სერაფიმე საროველი.

მეორე მხრივ, სიტყვები „ფანატიკოსი“, „ფანატიზმი“ სხვისთვის მისაკერებელი იარლიყებია, რადგან ადამიანი საკუთარ თავზე არასოდეს იტყვის, მე ფანატიკოსი ვარო. ეს ტერმინები მხოლოდ სხვისი მისამართით იხმარება და არ იხმარება იმათ მიმართ, ვისიც გვესმის. ფანატიზმის ნამდვილი, სერიოზული ჩამოყალიბება მეტად რთულია. საერთოდ ვინ არის ფანატიკოსი? იქნებ ეს ანტიკური ტიპის ნიღაბია? როცა ფანატიზმზე ვსაუბრობთ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და განურჩევლად ყველა ფანატიკოსთა რიგებში არ უნდა ჩავწეროთ.

იმდენად, რამდენადაც ფანატიკოსის თვითიდენტიფიკაცია გამორიცხულია, მისი განსაზღვრება გარედან გვიწევს. დავუშვათ, რომ ბერძნები არ იყვნენ ფანატიკოსები, რადგან სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას ისინი უცხო ღმერთებში თავიანთ ღმერთებს ხედავდნენ. ძველ ბერძნებს არ ჰქონდათ წმინდა წერილი. ისინი, ისევე როგორც მოგვიანებით რომაელები, იღებდნენ სხვა ერებისა და რელიგიების კულტებს. ანტიკურ რომში ყველა რელიგიის ტაძარს ნახავდით და ეს სავსებით მართებულად აღიქმებოდა.

ქრისტიანობა თავიდანვე აღიქმებოდა როგორც ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება და ამიტომაც ფანატიზმი მისი თანამდევი ჩრდილი გახდა. ის ფანატიზმი, რომელიც ინკვიზიციურ პროცესებსა და ანტიკური ავტორების წიგნების დაწვა-განადგურებაში გამოვლინდა. რატომ მოხდა, რომ ჩვენამდე ჩვ. წღ-მდე 7-8 საუკუნის ძველი ბერძენი პოეტების თხზულებებმა მხოლოდ გვიანდელი ავტორების ნაწარმოებში არსებული ციტატების სახით მოაღწია? იმიტომ, რომ მათი წიგნები დაწვეს. ამით იწყება ქრისტიანობის როგორც სახელმწიფო რელიგიის ისტორია. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ პერიოდში, როდესაც იმპერატორები წარმართები იყვნენ, ფანატიზმი არ არსებობდა. ეი. კიდევ ერთი ფანატიზმის მახასიათებელი, ისახება რა მასებს შიგნით, მას აუცილებლად სჭირდება მხარდაჭერა ზემოდან.

ვოლტერი მოუწოდებდა ერთმანეთისგან განესხვავებინათ ცნებები „ფანატიკოსი“ და „ენთუზიასტი“. კერძოდ, ეგნატე ლოიოლას ენთუზიასტებს მიკუთვნებდა. წმინდა ეგნატე არ იჭრიდა თმებს და ფრჩხილებს, თვეობით არ ეძინა, მაგრამ არავის კლავდა და არც არავის მოუწოდებდა ამისკენ. ლოიოლა, როგორც კათოლიკური იდეების გამომხატველი, ვოლტერს არ უყვარდა, მაგრამ აღნიშნავდა, რომ ეგნატე ლოიოლა ენთუზიასტი იყო და არა ფანატიკოსი.

ფანატიკოსი ის მოსკოველი მღვდელია, რომელმაც თავისი შვილის მასწავლებელს წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ თავის პატარა გოგონას წმინდა ვალენტინზე ამ ინგლისური ტექსტის სწავლა აუკრძალა, ვინაიდან ეს დღესასწაული ამკვიდრებს პროსტიტუციას, არაქრისტიანულია და ა.შ. ჩვეულებრივ ფანატიკოსი ამგვარი შეხედულებების გავრცელებით იფარგლება, მაგრამ როდესაც ისინი ავადმყოფურ გონებაში მკვიდრდებიან, მაშინ იწყება უბედურება.

ფანატიკოსი მასა თავისი რიგებიდან ძალიან ადვილად შობს ბელადს და ადვილად მიჰყვება მას. ამის დასამტკიცებლად მარტო გერმანიისა და ჰიტლერის მაგალითიც კმარა. თუმცა არსებობენ ცალკეული ფანატიკოსებიც, რომელთაც აქტიური მომხრეები არ ჰყავთ.

ბნელი მართლმადიდებლისათვის კათოლიკე საშინელი მტერია, რომლისგანაც მას საშიშროება ემუქრება. ეს კარგი ილუსტრაციაა იმისა, რომ ფანატიზმი საზოგადოდ მიდრეკილია მტრის დემონიზირებისაკენ, ის მტერში საფრთხეს ხედავს, რომლის გამოც ირაციონალურ შიშს გრძნობს და მთელი არსებით უძალიანდება. ალბათ ამიტომაც ფანატიკოსი პრაქტიკულად ყოველთვის ნეკროფილი ხდება (თუ რა თქმაუნდა ამ ტერმინს ფრომის გაგებით ვიყენებთ) და ილტვის ყველაფერი ცოცხალი მოკლას, დაასახიჩროს, აკრძალოს და ა.შ. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ბევრი ეკლესიისა და ერის წარმომადგენელი გრიგორი რასპუტინის კანონიზირების მომხრეა.

ფანატიკოსისათვის ძალიან მომხიბვლელია ადამიანის გვამად გადაქცევის იდეა, ამიტომაც დევნის, კრძალავს, სჯის. თუ ფიზიკურად ვერ სჯი, მორალურად უნდა გაანადგურო! ფანატიკოსს ძალიან უყვარს სიტყვებით მოკვდინება ნამდვილად და რეალურად მოკვდინება. ისევ ფრომი რომ მოვიშველიოთ, ფანატიკოსის ცნობიერებაში „ფლობის“, „ბატონობის“ იდეა დომინირებს „ყოფნის“ იდეაზე. ფრომი წერს, რომ ფანატიკოსისთვის დამახასიათებელია წარსულის იდეალიზაცია და წარსულით ცხოვრება, ეს ნამდვილად მიესადაგება ჩვენ ფანატიკოსებს. მათთვისჭეშმარიტება წარსულშია, წასული იდეალია და ა.შ. ფანატიკოსი სიძულვილით იწვის, თუმცა ეს სიძულვილი წმინდა გრძნობის რანგში აჰყავს და პოეტურობას სძენს. მის იდეოლოგიაში არ არის სიცოცხლის სიყვარული, არც სიხარული და არც ჭვრეტის ლტოლვა.

რა შეგვიძლია ვუთხრათ ამ შეხედულებების მქადაგებლებს? შეუძლებელია არ დავინახოთ, რომ რუსეთში ფანატიკოსები არიან მართლმადიდებლებშიც, მუსლიმებშიც და სხვა კონფესიების წარმომადგენლებშიც. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მარგინალები არიან, მაგრამ დღევანდელი მარგინალები ხვალ შეიძლება საკმაოდ კონსოლიდირებულ ძალად გაერთიანდნენ. მე მყავს გერმანელი მეგობარი, ისტორიკოსი და ფილოლოგი ალბრეხტ დილე, იგი ანტიკურ პერიოდს იკვლევს. მისი მამა ლუთერანი პასტორი იყო, რომელიც 1930-იანი წლების ბოლოს გარდაიცვალა. ალბრეხტი მიყვებოდა, რომ მისი მშობლები უბრალოდ დასცინოდნენ ჰიტლერს, სანამ იგი ხელისუფლებაში მოვიდა. ყველამ ვიცით, ამისგან რაც გამოვიდა. ამიტომაც ფანატიკური მარგინალიტეტი ის მოვლენაა, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ, მასზე დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთ. როდესაც რელიგია გვერდიდა ნგრძნობს მხარდაჭერას, მასში ადვილად ვრცელდება ფანატიზმის ვირუსი. დამოუკიდებელ რელიგიურობაში ფანატიზმი პრაქტიკულად არ არსებობს.

რა გავაკეთოთ? უპირველეს ყოვლისა აუცილებელია განათლება. დაახლოებით ათი წლის წინ მოსკოვში შეიქმნა წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ინსტიტუტი. მისი სტუდენტები მტრებს კი არ ეძებენ, არამედ შეისწავლიან ბიბლიურ და ბიბლიური არეალის სხვა ძველაღმოსავლურ ენებს: არამეულს, ძველეგვიპტურს და ა.შ. ისინი ნამდვილად სერიოზულად და ბეჯითად სწავლობენ. რადგან განათლება ფანატიზმის გადალახვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

მეორე ფრომის ტერმინს თუ გამოვიყენებთ, გვესაჭიროება ბიოლოგიური ქრისტიანობის ქადაგება, როდესაც ადამიანი ღმერთთან შეხვედრის განზომილებაში იწყებს ცხოვრებას, და მაშინ ის ქერცლი, რომელიც რელიგიას იდეოლოგიად, ხოლო მორწმუნეს ამ იდეოლოგიის მატარებლად და ხშირად ფანატიკოსად ხდის, თავისთავად ჩამოშორდება.

მართლმადიდებლობისათვის დევნილებაში ცხოვრება დიდი გამოცდილებაა. ესეთი მართლმადიდებლობა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია: ხელისუფლება მას არ დევნიდა, არ ანადგურებდა, არ იყენებდა, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში ხდებოდა. არ ცდილობდა მართლმადიდებლობის გამოყენებას და მის აღზევებას, რაც ეხლა ხშირად ხდება, მართლმადიდებლობა აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვითარდებოდა და მასში სრულიად არ არის ფანატიზმის ელემენტები.

და ბოლოს განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ხელისუფლების წნეხისგან თავისუფალ რელიგიებში, როგორც წესი, ფანატიზმი არ არსებობს. ესკიდევ ერთი არსებითი კომპონენტია. ფანატიზმი, რომელიც გაუნათლებელი და ბნელი ხალხის წიაღში იზრდება, ყოველთვის ძალმომრეობას ეყრდნობა.