qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
5

                                                                       თავი 3. პირველშეწირულის ლიტურგია

                                                                              1. ზიარების ორი მნიშვნელობა

დიდი მარხვის განმავლობაში მოქმედ ყველა საღმრთისმსახურო წესს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია – გავიგოთ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი აღმსარებლობისათვის არის დამახასიათებელი და შეიძლება გამოდგეს მთელი საღმრთისმსახურო გადმოცემის გასაგებ საშუალებად. ეს წესია საღმრთო ლიტურგიის აღსრულების აკრძალვა დიდი მარხვის სადაგ დღეებში. ტიპიკონში ცხადადაა ნათქვამი, რომ არ შეიძლება საღმრთო ლიტურგიის აღსრულება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ დღეთაგან ერთ-ერთს ხარების დღესასწაული დაემთხვევა. ამის მაგიერ ოთხშაბათობით და პარასკევობით აღესრულება მწუხრთან შეერთებული განსაკუთრებული ღმრთისმსახურება, პირველშეწირულის ლიტურგიად წოდებული, რომლის დროსაც შესაძლებელია ზიარება.

ამგვარი წესის მნიშვნელობა იმდენად იყო დავიწყებული სხვადასხვა ეკლესიებში, განსაკუთრებით იქ, სადაც დიდი ხნის განმავლობაში იგრძნობოდა დასავლური, ლათინური გავლენა, რომ მისი შესრულება უბრალოდ შეწყდა და ლათინური ტრადიციის მიხედვით დაიწყო გარდაცვლილთა მოსახსენებელი კერძო, „შეკვეთილი“ ლიტურგიების აღსრულება მთელი დიდი მარხვის განმავლობაში. მაგრამ იქაც, სადაც ხსენებულ წესს წმინდა ფორმალური მორჩილებით იცავენ, იშვიათად თუ ვინმე შეეცდება მისი სულიერი მნიშვნელობის გაგებას, დიდი მარხვის შინაგანი „ლოგიკიდან“ გამომდინარე მის შეგნებას. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საჭიროა, ავხსნათ ამ ლიტურგიული წესის არსი და მნიშვნელობა, წესისა, რომელიც მხოლოდ დიდი მარხვის განმავლობაში სრულდება, მაგრამ მართლმადიდებლობის მთელი საღმრთისმსახურო გადმოცემას ნათელ-ჰყოფს ჩვენს წინაშე.

ზოგადად, ამ წესის შემთხვევაშიც გამოხატულია და გამოყენებულია ღმრთისმსახურების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი: ევქარისტიის აღსრულება შეუთავსებელია მარხვასთან. ამ მომენტში მართლმადიდებლური ტრადიცია ძირეულად განსხვავდება დასავლელ კათოლიკეთა ლიტურგიკული თეოლოგიისაგან. მართლმადიდებლობაში ლიტურგიის აღსრულება ყოველთვის დღესასწაული და სიხარულის ზეიმია. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს გამოცხადების საიდუმლოებაა, მოწაფეთა შორის მისი ყოფნის ზეიმი და, აქედან გამომდინარე, მისი მკვდრეთით აღდგომის რეალური აღნიშვნაა. მართლაც, ევქარისტიის დროს ქრისტეს გამოცხადება და იქ ყოფნა ეკლესიისათვის მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის მტკიცებულებაა. ემაუსის გზაზე მიმავალ მოწაფეთა მიერ განცდილ სიხარულსა და „გულის განხურვებაში“ ქრისტემ საკუთარი თავი გამოუცხადა მათ „პურის განტეხის“ საშუალებით (ლ. 24,13-35). ეკლესიაში ეს მკვდრეთით აღდგომის „ცდისეული“ და „არსებითი“ შემეცნების მარადიული წყაროა. თვით მაცხოვრის აღდგომა თვალით არავის უნახავს, მაგრამ მოწაფეებმა ირწმუნეს ის; არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ასწავლა ეს რწმენა, არამედ იმიტომ, რომ თვით ნახეს მკვდრეთით აღმდგარი უფალი, როცა დახშულ კარში შევიდა და მათ გამოეცხადა. უფალი მოვიდა მოწაფეებთან და მონაწილეობდა მათ ტრაპეზობაში.

ევქარისტია დღესაც ასეთივე გამოცხადება და სიახლოვეა, იგივე სიხარული და „გულის მხურვალებაა“, იგივე გონებას აღმატებული და, ამავე დროს, აბსოლუტური რწმენაა იმისა, რომ მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა თავისი თავი „პურის განტეხის“ მეშვეობით გამოგვიცხადა. და იმდენად დიდია ეს სიხარული, რომ ადრექრისტიანულ ეკლესიაში ევქარისტიის დღე უბრალოდ ერთ-ერთი დღე კი არ იყო, არამედ დრო-ჟამის დინებაზე მაღლა მყოფი უფლის დღე, რადგანაც ევქარისტიაში უკვე წინასწარ ცხადდება ღმრთის სასუფეველი. საიდუმლო სერობისას ქრისტემ თვითონ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ მათ უანდერძა სასუფეველი, რათა შეძლონ მისი სასუფევლის დადგომისას მასთან ერთად ტრაპეზზე ჭამა და სმა: „რაჲთა სჭამდეთ და ჰსუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა“ (ლ. 22,30). ამიტომაც მკვდრეთით აღმდგარი, ზეცად ამაღლებული და მამის მარჯვენით მჯდომი მაცხოვრის ევქარისტიაში ყოფნა არის მის სასუფეველში მონაწილეობა, რომელიც ჩვენ სულიწმიდის მიერ სიხარულსა და მშვიდობას გვაზიარებს. ზიარება „უკვდავების საზრდოა“, „ზეციური პურია“, ჩვენ კი, როცა წმინდა ტრაპეზს ვუახლოვდებით, ნამდვილად ზეცად ვმაღლდებით. ამგვარად, ევქარისტია მთელი ეკლესიის დღესასწაულია, ან, უფრო ზუსტად, თვითონაა მთელი ეკლესია, როგორც ზეიმი, როგორც ქრისტეს სიახლოვის სიხარული, როგორც წინასწარი შეგრძნება საღვთო სასუფეველში მარადიული ნეტარებისა. ყოველთვის, როცა ეკლესია აღასრულებს ევქარისტიას, ის ზეცად – თავის ჭეშმარიტ სამშობლოში ბრუნდება. იგი ადის იქ, სადაც ამაღლდა ქრისტე, რათა ჩვენ ვსვათ და ვჭამოთ მის ტაბლასთან მის სასუფეველში. ახლა გასაგებია, რატომაა შეუთავსებელი ევქარისტია და მარხვა, რადგანაც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, როდესაც ვმარხულობთ, ეკლესია ზეციური სასუფევლის გზაზე მოსიარულე მგზავრებად წარმოგვადგენს. ქრისტემ კი ასეთ კითხვით მიმართა მოწაფეებს: „ჴელ-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე?“ (მ. 9,15).

მაგრამ, თუ ასეა, რატომ ეზიარებიან ხოლმე დიდი მარხვის დროსაც პირველშეწირულის ლიტურგიაზე? განა ეს არ ეწინააღმდეგება ზემოთ ახსნილ პრინციპს? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია განვმარტოთ ზიარების მართლმადიდებლური გაგების მეორე მნიშვნელობა: ზიარება არის წყარო და მთავარი ძალა, რომელიც სულიერი მოსაგრეობის ჟამს გვანუგეშებს და გვამტკიცებს. თუ, მსგავსად იმისა, რაც უკვე ვთქვით, ზიარება მთელი ჩვენი მოსაგრეობის აღსრულება და გვირგვინია, მიზანია, რომლისკენაც მივისწრაფით, თუ ზიარება ჩვენი ქრისტესმიერი ცხოვრების უდიდესი სიხარულია, იგი, ამავე დროს, თვით ჩვენი სულიერი მოსაგრეობის აუცილებელი წყარო და საწყისიცაა, საღმრთო ნიჭია, რომლის წყალობით ჩვენთვის შესაძლებელი ხდება დაუღამებელი დღის, ღმრთის სასუფევლის სრულყოფილი ზიარების ცოდნა, სურვილი და მისკენ სწრაფვა. რადგანაც, თუმცა ღმრთის სასუფეველი უკვე დადგა, თუმცა იგი კვლავაც განაგრძობს დადგომას ეკლესიაში, ეს სასუფეველი მაინც უნდა აღსრულდეს ბოლო ჟამს, როცა ღმერთი ყოველივეს აღავსებს საკუთარი თავით. ჩვენ ვიცით ეს და ამ დღის წინასწარ მოლოდინში ვმონაწილეობთ: ჩვენ ახლა ვმონაწილეობთ იმ სასუფეველში, რომელიც ჯერ კიდევ მოსასვლელია. ჩვენ წინასწარ ვხედავთ და ვგრძნობთ სასუფევლის დიდებასა და ნეტარებას, მაგრამ ჯერ კიდევ ამქვეყნად ვიმყოფებით და ამიტომაცაა, რომ მთელი ჩვენი მიწიერი არსებობა ხანგრძლივი და ხშირად ძნელი გზაა ყოველივეს აღმასრულებელი უფლის დაუღამებელი დღისაკენ. ამ გზაზე ჩვენ შეწევნა, მხარდაჭერა, ძალა და ნუგეში გვჭირდება, რადგანაც „თავადი სოფლისა ამის“ ჯერ არ დანებებულა. პირიქით, მან იცის, რომ ქრისტესგან დამარცხებულია და ამიტომ წარმართავს თავის უკანასკნელ თავგანწირულ ბრძოლას ღმრთის წინააღმდეგ, რათა, რაც შეიძლება მეტი სული მოსწყვიტოს ღმერთს. იმდენად მძიმეა ეს ბრძოლა და იმდენად დიდია „ჯოჯოხეთის ბჭეთა“ ძალაუფლება, რომ ქრისტე თვითონ მიგვითითებს ვიწრო გზას, რომელზე სიარულიც მხოლოდ მცირეთათვისაა მისაწვდომი. ამ ბრძოლაში სწორედ ქრისტეს ხორცი და სისხლია ჩვენი მთავარი შეწევნა და საარსებო საზრდო, რომელიც გვინარჩუნებს სულიერ სიცოცხლეს, და რომლის წყალობითაც, მიუხედავად ყველა ცდუნებისა და ხიფათისა, ჩვენ მაინც მივდევთ ქრისტეს. ამიტომაც, ზიარების შემდეგ ჩვენ ვლოცულობთ:

მომეც ჩუენ, რაჲთა მექმნას ზიარებაჲ წმიდისა ჴორცისა და სისხლისა ქრისტეს შენისაჲ საკურნებელად სულისა და ჴორცთა ჩუენთა, გარემისაქცეველად ყოველთა წინააღმდგომთა, განსანათლებლად თუალთა გულისა ჩემისათა, სარწმუნოებად ურცხვენელად, სიყუარულად შეუორგულებელად, აღვსებად სიბრძნითა, სრულ-ყოფად მცნებათა შენთა, ზეცისა სასუფეველისა მკჳდრობად…
უფალო, ზიარება შენი ცხებულის (ქრისტეს) ხორცისა და სისხლისა გადაგვიქციე სულისა და სხეულის მკურნალად, ყოველი წინააღმდგომის (ბოროტი სულის) განმდევნელად, გულის თუალთა გასანათლებლად, შეურცხვენელ რწმენად, უღალატო სიყვარულად, სიბრძნით აღმავსებლად, შენს მცნებათა აღსრულებაში შემწედ, ზეციური სასუფევლის მოპოვებად…

თუ დიდი მარხვა და მასთან დაკავშირებული თავშეკავება ამ ბრძოლის გაძლიერებას ნიშნავს, ეს იმიტომ ხდება, რომ, სახარების თანახმად, ამ დროს ჩვენ პირისპირ ვხვდებით ბოროტებასა და მთელს მის ძლიერებას. ამიტომაც სწორედ ამ დროს გვჭირდება საღმრთო ცეცხლის შეწევნა, მისი მხურვალება; აქედან მომდინარეობს დიდი მარხვისას განსაკუთრებულ, პირველშეწირულ მსხვერპლთან ზიარების აუცილებლობა: ეს მსხვერპლი წინა კვირადღესაა შეწირული და ტრაპეზზე ინახება ოთხშაბათობითა და პარასკევობით საზიარებლად.

ევქარისტიის აღსრულება ერთიანი უწყვეტი სიხარულია, ამიტომაც მას არ აღასრულებენ მარხვის დღეებში. მაგრამ ეკლესიაში ყოველთვის ინახება ევქარისტიის ნაყოფი: წმინდა მსხვერპლი. მსგავსად იმისა, როგორც ქრისტე ხილულად ამაღლდა ზეცად, მაგრამ ამავე დროს უხილავად იმყოფება ამქვეყნად, ასევე აღდგომის დღესასწაულიც, რომელიც წელიწადში ერთხელ აღინიშნება, თავისი ბრწყინვალების სხივებით მთელს საეკლესიო ცხოვრებას ანათებს. მსგავსად იმისა, რომ ღმრთის სასუფეველი მომავალში უნდა მოვიდეს, იგი ამავე დროს ჩვენს შორისაა. ასეა ევქარისტიაც. როგორც სასუფევლის საიდუმლოება და დიდება, როგორც ეკლესიის ზეიმი, იგი მარხვასთან შეუთავსებელია და დიდი მარხვისას არ აღესრულება. მაგრამ როგორც ამქვეყნად მოქმედი სასუფევლის ძალი და მადლი, როგორც „არსობის საზრდო“ და იარაღი ჩვენს სულიერ ბრძოლაში, იგი მართლაც ზეციური მანანაა, რომლის მეოხებით ჩვენ ვცოცხლობთ დიდი მარხვის უდაბნოში ჩვენი ხეტიალისას.

2. მარხვის ორი მნიშვნელობა

ახლა სხვა შეკითხვაც იბადება: თუ ევქარისტია შეუთავსებელია მარხვასთან, რატომღა აღესრულება იგი დიდი მარხვის შაბათსა და კვირას და ეს არ მიიჩნევა „მარხვის დარღვევად“? აქ თითქოს რაღაც წინააღმდეგობა უნდა იყოს საეკლესიო კანონებშიც. მაშინ როცა ზოგი მათგანი კრძალავს კვირადღეს მარხვას, სხვა კანონებში მოცემულია ორმოცდღიანი მარხვის მოთხოვნა. მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი წინააღმდეგობაა, რადგანაც ორივე წესი, რომელთაგან თითოეული თითქოსდა გამორიცხავს მეორეს, სინამდვილეში სიტყვა „მარხვის“ ორ სხვადასხვა მნიშვნელობას გულისხმობს. ამის გაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც აქ ჩვენს წინაშე იხსნება მარხვის მართლმადიდებლური საზრისი, რომელიც ძალზე არსებითია მთელი ჩვენი სულიერი მოსაგრეობისათვის.

მართლაც, არსებობს მარხვის ორი სხვადასხვა სახე ან ხერხი, – ორივეს საღმრთო წერილსა და საღმრთო გადმოცემაში გაუდგამს ფესვები. პირველ სახეობას შეიძლება ვუწოდოთ სრული მარხვა, რადგანაც ის მართლაც გულისხმობს სრულ თავშეკავებას ყველანაირი საჭმლისა და სასმელისაგან. მეორე სახეობა შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ასკეტური მარხვა, რადგანაც ის, ძირითადად, გულისხმობს თავშეკავებას საჭმლისა და სასმელის მხოლოდ გარკვეული სახისაგან და საკვების საერთო რაოდენობის შემცირებას. სრული მარხვა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, დიდხანს არ გრძელდება: მხოლო ერთი დღე ან დღის ნაწილიც კი. ქრისტიანობის დასაბამიდანვე მარხვა განიხილება როგორც მომზადება და მოლოდინი, როგორც გამოხატულება სულიერი დაუნჯებისა იმის გარშემო, რაც უნდა აღსრულდეს მომავალში. ფიზიკური შიმშილის გრძნობა აქ შეესაბამება მთელი ადამიანური არსების აღსრულებისა და დაგვირგვინების სულიერ მოლოდინს, რომელიც მომავალი სიხარულის წინაშე იხსნება. ამიტომაც საეკლესიო საღმრთისმსახურო გადმოცემაში ჩვენ სრულ მარხვას ვხვდებით, როგორც დიდი დღესასწაულისადმი, ესე იგი, პირადი სულიერი მოვლენისადმი მომზადების დასასრულსა და მწვერვალს. ასეთი მარხვა გვაქვს, მაგალითად, შობის, ნათლისღების წინადღეებში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ქრისტეს ტრაპეზთან და მის სასუფეველთან საზიარებელი სულიერი საზრდოს მისაღებად ვემზადებით. მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი სრული მარხვა ყოველთვის წინ უძღვის ევქარისტიას და წმინდა ზიარებასთან მისაახლებელი აუცილებელი პირობაა. ბევრს არ ესმის ეს წესი, მასში მოძველებულ ჩვეულებას ხედავს და კითხულობს, თუ რატომ უნდა მივიღოთ ზიარება უზმოზე? თუ ამ წესს მხოლოდ ფიზიკური და ტლანქი ფიზიოლოგიური თვალსაზრისით განვიხილავთ, როგორც დისციპლინარული ხასიათის აკრძალვას, ბუნებრივია, იგი კარგავს თავის მნიშვნელობას. ამიტომაც დასავლურ კათოლიკურ ეკლესიაში, სადაც მარხვის სულიერი გაგება კარგა ხანია შეიცვალა დისციპლინარულითა და იურიდიულით (მაგალითად, მარხვისაგან იურიდიული გათავისუფლება, თითქოს მარხვა ღმერთს სჭირდება და არა ადამიანს), ზიარების წინ მარხვა ფაქტობრივად უკვე გაუქმებულია. მაგრამ თავისი ჭიშმარიტი მნიშვნელობით სრული მარხვა მომზადებისა და აღსრულების იმ რიტმის გამოხატულებაა, რომელშიც ცხოვრობს ეკლესია, რადგანაც ის ერთდროულად ელოდება ამქვეყნად ქრისტეს მოსვლასაც და ამა ქვეყნის გარდაქმნას მომავალ სასუფევლად. ნათქვამს უნდა დავსძინოთ, რომ ადრექრისტიანულ ეკლესიაში სრული მარხვის აღსანიშნავად იყენებდნენ სამხედრო ტერმინს statio, რაც ნიშნავს ლაშქრის საგანგაშო მზადყოფნასა და მობილიზაციას. ეკლესია ყოველთვის ფხიზლად არის, იგი ელოდება სიძის მოსვლას და ეს მოლოდინი სავსეა მზადყოფნითა და სიხარულით. ამგვარად, სრული მარხვა არა მხოლოდ ეკლესიის წევრთა მარხვაა, არამედ თვით ეკლესიაა, როგორც მარხვა, როგორც მოლოდინი ქრისტესი, რომელიც მასთან ევქარისტიის სახით მოდის, დიდებით კი დროთა აღსასრულისას მოვა.

სულიერი საზრისის მიხედვით, სრულიად განსხვავებულია მეორე სახეობის მარხვა, რომელსაც ასკეტური ვუწოდეთ. ამგვარი მარხვის მიზანი ადამიანის გათავისუფლებაა ხორცის უკანონო ტირანიისაგან, როცა სული მთლიანად სხეულს და მის მოთხოვნებსაა დამორჩილებული, რაც პირველყოფილი ცოდვის, ადამიანის ცოდვით დაცემის ტრაგიკული შედეგია. მხოლოდ ხანგრძლივი და მოთმინებით აღსავსე ძალისხმევის შემდეგ ვხვდებით, რომ „არა პურითა ხოლო ცხოვნდება კაცი“, და აღვადგენთ საკუთარ თავში სულის ხელმწიფებას. თავისი ბუნებით ეს ხანგრძლივი და ძნელი მოსაგრეობა უნდა იყოს. დროის ფაქტორი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მართლაც ბევრი დროა საჭირო, რომ ძირფესვიანად ამოვაგდოთ და განვკურნოთ ჩვეულებრივი და საყოველთაო სნეულება, რომელსაც ადამიანები უკვე თავიანთ „ნორმალურ“ მდგომარეობად მიიჩნევენ. ასკეტური მარხვის მეცნიერება, რომელიც სრულყოფამდე აამაღლა ბერ-მონაზვნურმა ტრადიციამ, მთელს ეკლესიაშია მიღებული. აქ ჩვენ ვხედავთ, როგორ იქნა გამოყენებული ადამიანის მიმართ ქრისტეს სიტყვები იმის შესახებ, რომ ადამიანის მჩაგვრელ ჯოჯოხეთის ძალთა დამარცხება მხოლოდ ლოცვითა და მარხვითაა შესაძლებელი. ეს თვით ქრისტეს მაგალითზე დაფუძნებული მარხვაა, როდესაც მაცხოვარმა ორმოცი დღის განმავლობაში იმარხულა და შემდეგ პირისპირ შეხვდა სატანას. ამ შეხვედრამ დაამხო ადამიანის მორჩილება „მხოლოდ პურის“ წინაშე და საფუძველი ჩაუყარა ადამიანის სულიერ გათავისუფლებას. ეკლესიამ ამ ასკეტური მარხვისათვის ოთხი პერიოდი გამოყო: დიდი მარხვა – აღდგომის დღესასწაულის წინ; შობის მარხვა – შობის დღესასწაულის წინ; პეტრე-პავლობის მარხვა – პეტრე და პავლე მოციქულთა დღესასწაულის წინ; და მიძინების მარხვა – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ. წელიწადში ოთხგზის მოგვიხმობს ეკლესია, რათა განვიწმინდოთ და განვთავისუფლდეთ სხეულს დამონებისაგან მარხვის წმინდა მკურნალობის მეშვეობით. მაგრამ ყოველთვის ამ მკურნალობის წარმატება გარკვეულ ძირითად წესებზეა დამოკიდებული, რომელთა შორის უმთავრესია მარხვის უწყვეტობა და ხანგრძლივობა.

მარხვის ამ ორ სახეობას შორის განსხვავება უნდა დაგვეხმაროს დიდი მარხვის წესის გამსაზღვრელ საეკლესიო კანონთა შორის მოჩვენებითი წინააღმდეგობის გაგებაში. წესი, რომელიც კვირაობით მარხვას კრძალავს, სიტყვასიტყვით იმას ნიშნავს, რომ მარხვას არღვევს თვით ევქარისტიის აღსრულება, რომელიც თვითონ არის მარხვის დაგვირგვინება, მიზანი და დასასრული. ეს ნიშნავს, რომ კვირა (ბერძნ. „კჳრიაკე“ – უფლისა), ანუ უფლის დღე მარხვის ფარგლებს გარეთ იმყოფება, რადგანაც თვით დროის მიღმაც მდებარეობს. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ კვირა, როგორც ზეციური სასუფევლის დღე, არ მიეკუთვნება იმ დრო-ჟამს, რომლის საზრისი მარხვით გამოხატული მოგზაურობაა. ამგვარად, კვირადღე, არა მარხვის, არამედ სულიერი სიხარულის დღედ რჩება.

მაგრამ სრული მარხვის დარღვევით ევქარისტია არ არღვევს ასკეტურ მარხვას, რომელიც, როგორც უკვე განვმარტეთ, განუწყვეტელ მოსაგრეობას მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ დიდი მარხვისას კვირაობითაც საჭმელი სამარხვო რჩება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ხორცი და რძის ნაწარმი აკრძალულია მხოლოდ ასკეტური მარხვის ფსიქო-სომატური ხასიათიდან გამომდინარე, რადგანაც ეკლესიამ იცის. რომ თუ სხეული სულს უნდა დავუმორჩილოთ, ეს მხოლოდ მოთმინებითა და ხანგრძლივი თავშეკავებითაა შესაძლებელი. მაგალითად, რუსეთში მონაზვნები საერთოდ არ ჭამენ ხორცს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მარხულობენ აღდგომას და სხვა დიდ დღესასწაულებზე. შეიძლება ითქვას, რომ მთელს ქრისტიანულ ცხოვრებას გარკვეული ხარისხით ახასიათებს ასკეტური მარხვა და ქრისტიანებმა ის უნდა დაიცვან. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები ძალიან ხშირად ფიქრობენ, რომ აღდგომის დღესასწაულზე თითქმის აუცილებლად უნდა ამოივსონ კუჭი და ზომაზე მეტი დალიონ. ეს ადამიანები პასექის ჭეშმარიტ სულისკვეთებას საწყალობელ და მახინჯ კარიკატურად აქცევენ. ნამდვილად ტრაგიკულია, რომ ზოგიერთ ეკლესიაში ადამიანებს არ სურთ ზიარებასთან მიახლება, რადგანაც პირდაპირი მნიშვნელობით ესმით, ანუ სააღდგომო სუფრის აღწერად წარმოუდგენიათ წმინდა იოანე ოქროპირის ერთი მშვენიერი შეგონება: „სუფრა სავსეა, ყველანი დატებით. ხბო ნაკვებია და არავინ წავა შინ მშიერი“. აღდგომის დღესასწაული სულიერი რეალობაა და მისი მართებულად შეგრძნებისა და განცდისათვის იმდენივე სიფხიზლე და სულიერი კონცენტრაციაა საჭირო, რამდენიც მარხვის დასაცავად.

უნდა შევიგნოთ, რომ არანაირი წინააღმდეგობა არაა იმაში, თუ ეკლესია დაჟინებით მოითხოვს, კვირაობითაც შევიკავოთ თავი სახსნილო საკვებისაგან დიდი მარხვის განმავლობაში და ამავე დროს კიცხავს მარხვას ევქარისტიის დროს. რადგანაც მხოლოდ ორივე ამ წესის დაცვისას, როცა ვასრულებთ ევქარისტიისათვის მოსამზადებელ ყველა მოთხოვნას და არ ვასუსტებთ მაცხოვნებელი ორმოცდღეულის მოსაგრეობას, ჩვენ მართლაც შევძლებთ დიდი მარხვის სულიერი მიზნის მიღწევას.

ყოველივე ზემოთქმულმა ახლა მიგვიყვანა იმ განსაკუთრებული ადგილის განხილვამდე, რომელიც დიდი მარხვისას პირველმეწირულის ლიტურგიას უკავია.

3. საღამოჟამს ზიარება

პირველშეწირულის ლიტურგიის პირველი და მთავარი დამახასიათებელი ნიშანია, რომ ეს ღმრთისმსახურება საღამოჟამს სრულდება. უფრო ზუსტად, ესაა ზიარება მწუხრის შემდეგ. საეკლესიო ცხოვრების ადრეულ ისტორიულ პერიოდში ეს საღმრთისმსახურო წესი მოკლებული იყო თავის დღევანდელ საზეიმო ხასიათს და მაშინ მისი კავშირი მწუხრის წესთან კიდევ უფრო საგრძნობი იყო. ამიტომ პირველი საკითხი ლიტურგიის მწუხრთან დამაკავშირებელ სწორედ ამ დამახასიათებელ ნიშანს ეხება. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მართლმადიდებლური გადმოცემა მოითხოვს ევქარისტიის წინ სრული მარხვის შენახვას. ეს ზოგადი პრინციპი ხსნის იმას, რომ ევქარისტიას, სხვა საღმრთისმსახურო წესთაგან განსხვავებით, დღის განმავლობაში თავისი განსაზღვრული დრო არ გააჩნია, რადგანაც ეს განსაზღვრული საათი დამოკიდებულია იმ კონკრეტულ დღეზე, როდესაც ევქარისტია უნდა შესრულდეს. მაგალითად, ტიპიკონის თანახმად, დიდი დღესასწაულებისას ლიტურგია დილით ადრე უნდა აღსრულდეს, რადგანაც ღამისთევის ლოცვაში მონაწილეობა ზიარებასთან მისაახლებლად განმზადებულთათვის სრული მარხვის მაგივრობას სწევს. მაგრამ როცა დღესასწაული ნაკლებად მნიშვნელოვანია და ღამისთევის ლოცვა არ ახლავს თან, ევქარისტია უფრო გვიან აღესრულება. ასე რომ, თეორიულად მაინც კვირის ჩვეულებრივ დღეებში იგი შუადღისათვის მთავრდება. და ბოლოს, იმ დღეებში, როცა ეკლესია მძიმე ან სრულ მარხვას მოითხოვს, ზიარებას („მარხვის შეწყვეტას“) ნაშუადღევს მიეახლებიან. სამწუხაროდ, დღეს ეს წესები უკვე მივიწყებული და უგულებელყოფილია, თუმცა მათი მნიშვნელობა საკმაოდ მარტივია: ევქარისტია ყოველთვის მისთვის სამზადისის დასასრულია, მოლოდინის დაგვირგვინებაა, ამიტომაც მისი აღსრულების დრო მარხვის ანუ თვით სამზადისის მოთხოვნებს შეესაბამება. ეს მარხვა ან ღამისთევის ლოცვას უიგივდება, ან ინდივიდუალურად უნდა იქნეს აღსრულებული. და რადგანაც დიდი მარხვის განმავლობაში ოთხშაბათი და პარასკევი მძიმე მარხვის დღეებია, ზიარება, როგორც მარხვის დასასრული, საღამოჟამს ხდება.

ამავე ლოგიკის თანახმად, შობისა და ღმრთისგანცხადების წინადღეს – მძიმე მარხვის ორ დღეს – ევქარისტია მწუხრის ლოცვის მემდეგ აღესრულება. მაგრამ თუ ამ დღესასწაულების წინადღე შაბათს ან კვირას ხვდება, ანუ, მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, ლიტურგიულ დღეებს, მაშინ მძიმე მარხვა პარასკევისთვის გადმოაქვთ. კიდევ ერთი მაგალითი: თუ ხარების დღესასწაული დიდი მარხვის ერთ-ერთ ამგვარ სადაგ დღეზე მოდის, მაშინაც ლიტურგია მწუხრის ლოცვის შემდეგ აღესრულება. ეს წესები, რომლებიც მოძველებულად და მნიშვნელობისაგან დაცლილად გვეჩვენება, სინამდვილეში მართლმადიდებლური საღმრთისმსახურო სულიერების ძირითად პრინციპს გვიჩვენებს: ევქარისტია ყოველთვის სამზადისის ბოლო და მოლოდინის აღსრულებაა. და რადგანაც ეკლესიაში მარხვა მომზადების უმთავრესი გამოხატულებაა, მძიმე მარხვაც მწუხრის ლოცვის შემდეგ ზიარებით სრულდება.

დიდი მარხვის განმავლობაში, საეკლესიო ტიპიკონის თანახმად, ოთხშაბათობითა და პარასკეობით მოითხოვება საჭმლისაგან სრული თავშეკავება მზის ჩასვლამდე. ამიტომაც, დიდი მარხვის სწორედ ეს დღეებია არჩეული ზიარებისათვის, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, დიდი მარხვის სულიერ ბრძოლაში უმთავრეს იარაღს წარმოადგენს. განსაკუთრებით მძიმე ფიზიკური და სულიერი მოსაგრეობის ეს დღეები განწმენდილი და ნაკურთხია ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარების მოლოდინით, და ეს მოლოდინი გვამხნევებს ჩვენ როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მოსაგრეობისას, რომლის მიზნად იქცევა საღამოჟამს ზიარების მოლოდინი. „აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნა ჩემი?“ (ფსალმუნი 120).

რაოდენ სერიოზული და მნიშვნელოვანი ხდება დღე, რომელიც ჩემს ჩვეულებრივ საქმიანობაში უნდა გავატარო, მაგრამ ის ქრისტესთან მოახლოებული შეხვედრის მოლოდინის ნათელში გადის. ყოველივე ჩვეულებრივი და უმნიმვნელო, რაც კი ჩემს ყოველდღურ არსებობას აღავსებს, ყოველივე ის, რასაც ასე მივეჩვიე და ყურადღებასაც არ ვაქცევ, რაღაც ახალ საზრისს იძენს. ყოველი ჩემს მიერ თქმული სიტყვა, ყოველი მოქმედება, გონებაში მოსული ყოველი აზრი მნიშვნელოვანი, ერთადერთი და უეჭველი ხდება: ის ან არსებითად უკავშირდება ქრისტესთან შეხვედრის მოლოდინს, ან ეწინააღმდეგება მას. თვით დრო, რომელსაც ჩვენ ასე ადვილად ვხარჯავთ, თავის ნამდვილ მნიშვნელობას პოულობს: ეს ან ცხოვნების დროა, ან წარწყმედისა. მთელი ჩვენი ცხოვრება იქცევა იმად, რადაც იგი ქრისტეს ამქვეყნად მოსვლისას იქცა: ეს ან მასთან ამაღლებაა, ან მისგან დაშორებაა ბნელსა და სიკვდილში.

მართლაც, არსად ასე ნათლად და სავსედ არ იხსნება მარხვის მნიშვნელობა, როგორც საღამოჟამს ზიარების ამ დღეებში. და ეს არა მხოლოდ დიდი მარხვის მნიშვნელობაა, არამედ მთელი ეკლესიისა და ქრისტიანული ცხოვრებისა. ქრისტეს მიერ მთელი ცხოვრება, დრო, ისტორია, თვით ქვეყნიერება მოლოდინად, სამზადისად, იმედად და ამაღლებად იქცა. ქრისტე უკვე მოვიდა, მაგრამ მისი სასუფეველი ჯერ კიდევ წინაა! დედამიწაზე, ამა სოფლად, ჩვენ ისღა შეგვიძლია, რომ წინასწარ ვივარაუდოთ ზეციური სასუფევლის დიდება და სიხარული. მაგრამ ეკლესიაში ჩვენ ამა სოფელს ვტოვებთ და სულიერად ვხვდებით ქრისტეს მის ტრაპეზზე და საკუთარი გულის სიღრმეში ვუჭვრეტთ მის ხელთუქმნელ ნათელსა და დიდებას. მაგრამ ეს წინასწარი შეგრძნება იმისთვის გვეძლევა, რომ ჩვენ შევიყვაროთ ღმრთის სასუფეველი და მომავალ დაუღამებელ დღეს ღმერთთან სრულყოფილი ურთიერთობის იმედი გვქონდეს. და ყოველ ჯერზე, როგორც კი ვიგემებთ ღმრთის სასუფევლის მშვიდობასა და სიხარულს, ჩვენ მიწიერ ცხოვრებას ვუბრუნდებით და ჩვენს წინაშე კვლავაც ძევს ხანგრძლივი, ვიწრო და ძნელი გზა. დღესასწაულიდან ჩვენ კვლავ მარხვის განცდას ვუბრურდებით, კვლავ სამზადისსა და მოლოდინს შევუდგებით. ჩვენ ველით ამ მიწიერი ცხოვრების მწუხრს, როცა ვიქმნებით მხიარული ნათლის, უკვდავი ზეციერი მამის წმინდა დიდების მონაწილენი – როცა ვეზიარებით დასაწყისს, რომელსაც ბოლო აღარ ექნება.

4. ღმრთისმსახურების განგება
(თანამიმდევრობა, რიგი)

ადრექრისტიანულ ეკლესიაში, როცა მრევლის რაოდენობა მცირე იყო, რწმენა კი – მოწამეობრივი და განცდილი, არსებობდა მორწმუნეთათვის საკვირაო ლიტურგიაზე ნაკურთხი ძღვენის დარიგების წესი, რათა შინ ყოველდღიურად შესძლებოდათ ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება. სიხარულით აღსავსე საერთო საკვირაო ლიტურგია მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდებოდა. მაგრამ ეს წესი გაუქმდა, როცა ეკლესიის წევრთა რიცხვი გაიზარდა, როცა ქრისტიანობა გავრცელდა და ამასთან ერთად გარდაუვალად დაეცა სულიერი ცხოვრების დაძაბულობის დონე, რომელიც დამახასიათებელი იყო პირველი ქრისტიანებისათვის, და საეკლესიო მთავრობა იძულებული გახდა, აღეკვეთა ნაკურთხი ძღვენის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. დასავლეთში ამან გამოიწვია დაწესება ყოველდღიური ღმრთისმსახურებისას ზიარებისა; ეს დასავლური ლიტურგიკული ტრადიციისა და ღმრთისმოსაობის დამახასიათებელი ნიშანია. მაგრამ ამავე დროს ეს ევქარისტიის გაგებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილების მიზეზსაც წარმოადგენს: ევქარისტია უკვე აღარაა დღესასწაული, ის ღმრთისმსახურების დღიური ციკლის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამგვარად, შეიქმნა ეგრეთ წოდებული „კერძო“ მესა, რომლებმაც სულ უფრო და უფრო შეცვალეს ღმრთისმსახურების სხვა ელემენტები. აღმოსავლეთში, პირიქით, ევქარისტიის ძირითადი ესქატოლოგიური სიხარულით აღსავსე შინაარსი, ზეციური სასუფევლისაკენ მისი მიმართება არასოდეს შეცვლილა. დღესაც კი, თეორიულად მაინც, საღმრთო ლიტურგია არ წარმოადგენს ღმრთისმსახურების სადღეღამისო ციკლის ერთ-ერთ წესს. ლიტურგიის აღსრულება ყოველთვის დღესასწაულია, და დღე, როცა ის აღესრულება, ყოველთვის იღებს კვირადღის სულიერ მნიშვნელობას. ჩვენ უკვე ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, რომ ეს დღე შეუთავსებელია მარხვასთან და ამიტომაც ევქარისტია არ აღესრულება დიდი მარხვის სადაგ დღეებში. ამგვარად, როცა ყოველდღიური „შინაური“ ზიარება შეწყდა, აღმოსავლეთში იგი ევქარისტიის ყოველდღიური აღსრულებით არ შეუცვლიათ: ამის მაგიერ წარმოიქმნა ზიარების ახალი სახე, – როცა გამოიყენება წინა კვირას, სადღესასწაულო ლიტურგიისას ნაკურთხი ძღვენი. შესაძლებელია, რომ პირველშეწირულის ლიტურგიას არა მხოლოდ დიდი მარხვისას, არამედ საეკლესიო წელიწადის სხვა ხანგრძლივი მარხვების დროსაც აღასრულებდნენ. მაგრამ დიდ და მცირე დღესასწაულთა რიცხვის ზრდამ გამოიწვია ის, რომ ევქარისტიას უფრო ხშირად აღასრულებდნენ, ხოლო პირველშეწირულის ლიტურგია მხოლოდ დიდი მარხვის დამახასიათებელ ნიშნად იქცა და თანდათანობით, დიდი მარხვის საღმრთისმსახურო სულისკვეთების, ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ნათელი სევდის ზეგავლენით, შეიძინა ის განუმეორებელი მშვენიერება და საზეიმო იერი, რომელიც დიდი მარხვის ღმრთისმსახურების მწვერვალს წარმოადგენს.

ღმრთისმსახურება დიდი მწუხრიდან იწყება, მაგრამ მღვდლის პირველი ასამაღლებელი ისეთივეა, როგორც ლიტურგიისას: „კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა…“ ამგვარად, მთელი ღმრთისმსახურება მიმართულია სასუფევლის იმედზე. ეს სწორედ ის სულიერი მოლოდინია, რომელიც მთელს დიდ მარხვას განსაზღვრავს. ამას, ჩვეულებრივ, მოსდევს მწუხრის ფსალმუნი (103), „აკურთხევს სული ჩემი უფალსა…“, დიდი კვერექსი და ფსალმუნის მე-18 კანონი (კათიზმა). ეს კანონი დიდი მარხვის ყოველ დღეს იკითხება. ის შედგება 119-133 ფსალმუნებისაგან, რომლებსაც აღსავლის გალობანი ეწოდება. ამ ფსალმუნებს იერუსალიმის ტაძარში შესასვლელი კიბის საფეხურებზე გალობდნენ. ეს იყო გალობა სალოცავად შეკრებილი და ღმერთთან შესახვედრად განმზადებული ადამიანებისა: „ვიხარე რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ“ (ფსალმუნი 121,1); „აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი“ (ფსალმუნი 133).

ამ ფსალმუნთა გალობისას მღვდელი იღებს წინა კვირას ნაკურთხ ტარიგს (ძღვენს) და ფეშხუმზე დააბრძანებს მას. ამის შემდეგ, როცა ფეშხუმი ტრაპეზიდან სამსხვერპლოზეა გადმოტანილი, იგი ბარძიმში ღვინოს ასხამს და ნაკურთხ ძღვენს დაფარნას ადებს, როგორც ეს ლიტურგიის წინ ხდება. უნდა ითქვას, რომ ეს ყოველივე მდუმარედ კეთდება, მღვდლის ლოცვების გარეშე. ტიპიკონი განსაკუთრებით აღნიშნავს ამ გარემოებას: ყველა ლოცვა უკვე წაკითხულია საკვირაო ლიტურგიისას.

მცირე შესვლისა და „ნათელო მხიარულოს“ გალობის შემდეგ იკითხება ამ დღისათვის გათვალისწინებული ორი საწინასწარმეტყველო (ძველი აღთქმის) საკითხავი, რომლებიც შესაქმისა და იგავთა წიგნებიდანაა აღებული. ამ საკითხავთა შორის აღესრულება წესი, რომელიც იმ დროს გვაგონებს, როცა დიდი მარხვა, ძირითადად, კათაკმეველთა მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენდა. შესაქმის წიგნიდან აღებული პირველი საკითხავის კითხვისას მღვდელი ანთებულ სანთელს ადგამს ტრაპეზზე დასვენებულ სახარებას. როცა საკითხავი დამთავრებულია, მღვდელი იღებს სანთელსა და საცეცხლურს და მორწმუნეებს აკურთხებს სიტყვებით: „ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა!“. სანთელი ქრისტეს სიმბოლოა, სოფლის ნათლისა. ძველი აღთქმის კითხვისას სახარებაზე სანთლის დადგმა ნიშნავს, რომ ყველა წინასწარმეტყველება შესრულდა ქრისტეს მიერ, რომელმაც გაანათლა თავისი მოწაფეები, რათა შესძლებოდათ საღმრთო წერილის გაგება. ძველ აღთქმას ქრისტესთან მივყავართ, როგორც დიდ მარხვას განათლებისკენ მიჰყავდა კათაკმევლები. ნათლისღების სხივი, რომელიც კათაკმევლებს ქრისტესთან აერთებს, ხსნის მათ გონებას ქრისტეს მოძღვრების გასაგებად.

ძველი აღთქმის მეორე საკითხავის შემდეგ ტიპიკონის თანახმად იგალობება მწუხრის ფსალმუნის (140) ხუთი მუხლი, რომლებიც იწყება სიტყვებით: „წარემართენ ლოცვაჲ ჩემი ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე…“. 140-ე ფსალმუნი უკვე იგალობეს შესვლის წინ. რა მნიშვნელობა აქვს ამავე მუხლების ხელახალ გალობას? ზოგი მონაცემის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ მუხლების განმეორებითი გალობა პირველშეწირულის ლიტურგიის ყველაზე ადრეული პერიოდიდან მომდინარეობს. შესაძლოა, იმ დროს, როცა ამ წესს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული დღევანდელი საზეიმო ხასიათი და უბრალოდ მწუხრის ჟამს ზიარებას წარმოადგენდა, ამ მუხლებს სწორედ ზიარების დროს გალობდნენ. მაგრამ დღეს ისინი უბრალოდ ღმრთისმსახურების მეორე ნაწილის მონანიებით აღსავსე მშვენიერ შესავალს წარმოადგენს. ეს მეორე ნაწილი კი თვით პირველშეწირულის ლიტურგიაა.

მეორე ნაწილი „კათაკმეველთა ლიტურგიით“ იწყება: ეს ნათლისღებისათვის მოსამზადებელთათვის განსაკუთრებული ლოცვებისა და ვედრებების მიმდევრობაა. დიდი მარხვის შუაძალზე, მეოთხე კვირის ოთხშაბათს, ამას მოსანათლავთათვის კვერექსიც ემატება. კიდევ ერთხელ აღინიშნება დიდი მარხვის, როგორც ნათლისღებისათვის სამზადისის, ძირითადი საზრისი.

კათაკმეველთა გასვლის შემდეგ მორწმუნეთა ლიტურგია იწყება ორი ლოცვით. პირველში ჩვენ ვევედრებით უფალს, რათა განწმინდოს ჩვენი სული, სხეული და გრძნობები:

…რაჲთა თუალნი ჩუენნი იყვნენ განშორებულ ყოვლისაგან ვნებულისა ხედვისა, და სასმენელნი სიტყუათა მიმართ ცუდთა უვალ, ხოლო ენა წმიდა იყავნ სიტყუათაგან უჯეროთა, წმიდა ჰყვენ ბაგენიცა ჩუენნი მაქებელად შენდა, უფალო, ჴელნი ჩუენნი შორს ჰყვენ ყოველთაგან საქმეთა ბოროტთა, და ღირს-ჰყვენ იგინი საქმედ ყოვლისავე, რომელი სათნო არს შენდა, და ყოველნი ასონი ჩუენნი და გონებაჲ შენითა მადლითა შეზღუდე.
…რათა ჩვენს თვალთა გამოხედვა განიწმიდოს ვნებისაგან, ჩვენმა ყურებმა არ შეიწყნარის ამაო საუბარი, ხოლო ენა ნუ წარმოთქვამს უხამს სიტყვებს. ჩვენი ბაგეები შენს მაქებლად განწმიდე, უფალო, ჩვენი ხელები განაშორე ყოველგვარ ბოროტ საქმეს, და ღირსი გახადე ისინი შენთვის მოსაწონი საქმეების ქმნისა; ჩვენი სხეულის ყოველ ასოსა და გონებას გარს შემოარტყი შენი მადლი.

მეორე ლოცვა გვამზადებს პირველშეწირული ძღვენის ტრაპეზზე გადმობრძანებისათვის:

…რამეთუ აჰა ესერა უხრწნელსა ჴორცსა მისსა და ცხოველსმყოფელსა სისხლსა, ამას ჟამსა ეგულების შემოსლვად და ტრაპეზსა ამას ზედა საიდუმლოჲსასა დაგებად, სიმრავლისაგან ზეცისა მჴედრობათასა უხილავად ძღუენი, რომელთა ზიარებაჲ დაუსჯელად მოგუმადლენ ჩუენ, რაჲთა მათ მიერ გონებისა ჩუენისა თუალნი განბრწყინდენ, და ძედ ნათლისად და დღისად ვიქმნნეთ.
…აი, უკვე მისი (ქრისტეს) უხრწნელი ხორცი და მაცოცხლებელი სისხლი მომზადებულია საღმრთო საიდუმლოს (ქრისტეს ხორცისა და სისხლის) ტრაპეზზე დასასვენებლად, და იგი მოჰყავს მარავალრიცხოვან ზეციურ მხედრობას. მასთან ზიარება დაუსჯელად მოგვმადლოს ღმერთმა, რათა ეგვეხილოს გონების თვალი, და გავხდეთ ძენი ნათლისა და დღისა.

ამის შემდეგ დგება ნაკურთხი ძღვენის ტრაპეზზე გადმოსვენების საზეიმო მომენტი. გარეგნულად ეს შესვლა ლიტურგიისას აღსრულებულ დიდ შესვლას მოგვაგონებს, მაგრამ თავისი არსებითა და სულიერი მნიშვნელობით ის, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებულია. სრულ ევქარისტიულ ღთისმსახურებაში დიდი შესვლა არის ჯერ უკურთხებელი ძღვენის გადასვენება: ეკლესია მსხვერპლად სწირავს ღმერთს საკუთარ თავს, თავის და თავისი წევრების ცხოვრებასა და მთელს ღვთის ქმნილებას და ამ მსხვერპლშეწირვაში ეს ძღვენიც იგულისხმება და თვით ქრისტეს ერთადერთი და სრულყოფილი მსხვერპლიც. ქრისტეს ხსენებით ეკლესია მოიხსენიებს ყველას, ვის საცხოვნებლადაც გასწირა ქრისტემ საკუთარი თავი. პირველშეწრულის ლიტურგიის განმავლობაში კი არა გვაქვს არც მსხვერპლი, არც ევქარისტია, არც ძღვენის კურთხევა. ამის მიუხედავად ჩვენს წინაშე იხსნება და აშკარავდება ქრისტეს ჩვენს შორის ყოფნის საიდუმლოება.

აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებლური საღმრთისმსახურო გადმოცემა არ იცნობს ძღვენის „თაყვანისცემას“, რომელიც დროში დაცილებული იყოს თვით ზიარებას: ეს მისი არსებითი განსხვავებაა ლათინური ეკლესიისაგან. მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიაში, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად არსებობს „სამარაგო“ ნაკურთხი ძღვენის შენახვის ტრადიცია სნეულთა საზიარებლად და სხვა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ქრისტიანული ეკლესიის ადრეულ ისტორიულ პერიოდში ჩვეულებად ჰქონდათ შინ კერძო ზიარება. ჩვენს დროს კი, ამის სამაგიეროდ, არსებობს ნაკურთხი ძღვენის მუდმივი „მარაგი“ და არ არსებობს მისდამი თაყვანისცემის რიტუალი. ამ ორი გარემოების ერთდროული შენარჩუნებით მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავიდან აიცილა დასავლური საკრამენტული რაციონალიზმის საშიშროება. იმისათვის, რომ პროტესტანტთა საწინააღმდეგოდ ნაკურთხ ძღვენში ქრისტეს რეალური და ობიექტური არსებობა დაედასტურებინათ, კათოლიკეებმა, ფაქტობრივად, ერთმანეთს დააცილეს თაყვანისცემა და ზიარება. ამით კარი გაეხსნა ევქარისტიის და თვით ეკლესიის ჭეშმარიტი დანიშნულების სულიერ გაგებაში მეტად საშიშ ცდომილებას, რადგანაც ეკლესიისა და წმინდა საიდუმლოთა მიზანი მატერიის რაღაც ნაწილის „საკრალიზაცია“ კი არაა, რითაც ეს ნაკურთხი მატერია უპირისპირდება დანარჩენს, როგორც პროფანულსა და უწმინდურს. პირიქით, მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანი ისაა, რომ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში ღმერთთან მუდმივ ურთიერთობაში იმყოფებოდეს, შეიმეცნოს ღმერთი და ამაღლდეს მის სასუფეველში. ევქარისტია, ნაკურთხი ძღვენი, ამ ურთიერთობის საშუალებაა, ახალი ცხოვრების საზრდოა, მაგრამ არა საბოლოო მიზანი. რადგანაც ღმრთის სასუფეველი საჭმელი და სასმელი კი არაა, არამედ ცხოვრება და სიხარული სულისა წმიდისა მიერ. საზრდო ადამიანის ცხოვრებაში თავის დანიშნულებას ასრულებს მხოლოდ მაშინ, როცა იგი შეჭმულია და გადაქცეულია სიცოცხლედ. სწორედ ასე, მომავალი სოფლის ახალი ცხოვრება უკვდავების საზრდოსთან ზიარებით გვეძლევა. მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ ერიდება ნაკურთხი ძღვენის თაყვანისცემას ზიარების საიდუმლოს გარეშე, რადგანაც ერთადერთი ჭეშმარიტი თაყვანისცემა მაშინ სრულდება, როცა ქრისტეს ხორცსა და სისხლს ვეზიარებით და ამა სოფლად ისე ვიქცევით, როგორ თვით იგი იქცეოდა.

პროტესტანტებს, თავის მხრივ, ეშინიათ წმინდა საიდუმლოებათა ყოველგვარი „მაგიური“ გაგებისა და ისინი იმდენად „სულ-ჰყოფენ“ ნაკურთხ ძღვენს, რომ უარყოფენ მათში ქრისტეს ხორცისა და სისხლის არსებობას თვით ზიარების მომენტის გარეშე. მართლმადიდებელ ეკლესიაში კი ნაკურთხი ძღვენის მარაგი სნეულთა საზიარებლად ინახება და ამით კვლავ აღდგენილია წონასწორობა. ნაკურთხი ძღვენი ზიარებისთვისაა მოცემული, მაგრამ ზიარების რეალობა დამოკიდებულია ნაკურთხი ძღვენის რეალობაზე. ეკლესია არ მოჰყვება მსჯელობას იმის შესახებ, რანაირად არსებობს ქრისტე ნაკურთხ ძღვენში, მაგრამ კრძალავს ამ ძღვენის რაიმე სხვა გამოყენებას ზიარების გარდა. ეკლესია, ასე ვთქვათ, არ სცნობს ნაკურთხი ძღვენის არსებობას ზიარების გარეშე, მაგრამ მტკიცედ სწამს, რომ მსგავსად ღმრთის სასუფევლისა, რომელიც კიდეც უნდა მოვიდეს და კიდეც არსებობს ჩვენს შორის, როგორც ქრისტე ამაღლდა ზეცად და დაჯდა „მარჯუენით მამისა“, მაგრამ ამავე დროს ჩვენს შორის იმყოფება უკუნითი უკუნისამდე, – ასევე უკვდავების საზრდოც მუდამ იმყოფება ეკლესიაში.

ეს თეოლოგიური შენიშვნა კვლავ პირველშეწირულის ლიტურგიასთან გვაბრუნებს და ჩვენ მის მწვერვალზე – უკვე ნაკურთხი ძღვენის „გამოცხადებასთან“ – ავდივართ. დიდი შესვლა წარმოიშვა პირველშეწირული ძღვენის გადმოსვენების აუცილებლობიდან. პირველშენირული ძღვენი ამ მომენტამდე ტრაპეზზე კი არ ინახებოდა, არამედ რომელიმე განსაკუთრებულ ადგილას, ხშირად ტაძრის გარეთაც. ეს გადმოსვენება, ბუნებრივია, მოითხოვს საზეიმო განწყობას, რადგანაც თეოლოგიურად იგი აღნიშნავს ქრისტეს გამოცხადებასა და მარხვის, ლოცვისა და მოლოდინის დასრულებას, – იმ შეწევნის, ნუგეშისა და სიხარულის მოახლოებას, რომელსაც ველოდით:

აწ ძალნი ცათანი ჩუენ თანა უხილავად მსახურებენ, რამეთუ აჰა ესერა შემოვალს მეუფეჲ დიდებისაჲ ესერა მსხვერპლი საიდუმლოჲ აღსრულებული მოიყვანების. სარწმუნოებითა და სიყუარულით მოვუჴდეთ, რაჲთა თანაზიარ ცხორებისა საუკუნოჲსა ვიქმნნეთ; ალელუია, ალელუია, ალელუია.
ამჟამად ზეციური ძალები ღმრთისმსახურებას ჩვენთან ერთად ასრულებენ, რადგანაც ახლა დიდების მეუფე (ქრისტე) უნდა შემოვიდეს; საიდუმლო მსხვერპლი, უკვე შეწირული და განსრულებული შემოიყვანება. რწმენითა და სიყვარულით შევეგებოთ, რათა სამარადისო ცხოვრების თანაზიარნი გავხდეთ. ალელუია, ალელუია, ალელუია.

ნაკურთხი ძღვენი ახლა უკვე ტრაპეზზეა დასვენებული, ჩვენ კი ზიარებისთვის ვემზადებით და ვითხოვთ:

წმიდა ჰყვენ ჩუენ ყოველთა სულნი და ჴორცნი სიწმიდითა მით მიუღებელითა, რაჲთა წმიდითა სჳნიდისითა, ურცხუენელითა პირითა და განათლებულითა გულითა საღმრთოთა ამათ საიდუმლოთა ვეზიარებოდეთ, და ამათ მიერ განცხოველებულნი შევეერთნეთ თჳთ ქრისტესა შენსა, …რომელმან თქუა; რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა, რაჲთა… ვიქმნნეთ ტაძარ ყოვლადწმიდისა და თაყუანის-საცემელისა სულისა შენისა, ჴსნილნი ყოვლისაგან საეშმაკოჲსა ღონისა, …და მივემთხჳნეთ კეთილთა მათ აღთქუმულთა, ყოველთა თანა წმიდათა შენთა…
განწმიდე, უფალო, ყოველი ჩვენგანის სული და ხორცი სიწმიდით, რომლის წართმევაც შეუძლებელია, რათა წმიდა სინდისით, შეურცხვენელი პირითა და განათებული გულით ვეზიაროთ ამ საღმრთო საიდუმლოს (ქრისტეს ხორცსა და სისხლს), და მათ მიერ განცხოველებულნი შევუერთდეთ თვით ქრისტეს, …რომელმაც თქვა: ვინც შეჭამს ჩემს ხორცსა და შესვამს ჩემს სისხლს, მე მასთან დავმკვიდრდები და ის ჩემთან, რათა… შევიქნეთ ტაძრად სულისა შენის, ყოვლადწმიდისა და თაყვანისსაცემელისა, და გამოხსნილ ვიქმნეთ ეშმაკის ყოველი ხრიკისაგან, …და მივაღწიოთ შენს მიერ აღთქმულ სიკეთეს ყველა შენს წმინდანთან ერთად…

ამ ვედრებას მოსდევს საუფლო ლოცვა, რომელიც ყოველთვის აგვირგვინებს ზიარებისათვის მომზადებას. როცა თვით ქრისტეს მოცემულ ამ ლოცვას წარმოვთქვამთ, ჩვენში ვიღებთ ქრისტეს სულს, როგორც საკუთარს, მის ლოცვას მამის მიმართ – როგორც ჩვენს საკუთარს, მის ნებას, მის სურვილს, მის სიცოცხლეს – როგორც ჩვენს საკუთარს.

ზიარება იწყება ზიარების საგალობლის თანხლებით:

„განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი!“
„შეხედეთ და ნახეთ, რომ სათნოა უფალი“ (ფს. 33,9)

ღმრთისმსახურება მთავრდება და მღვდელი აცხადებს: „მშვიდობით წარვიდეთ!“ ბოლო, ამბიონზე წარმოსათქმელი ლოცვა აჯამებს ამ ღმრთისმსახურების-საღამოჟამინდელი ზიარების სულიერ მნიშვნელობას მთელი დიდი მარხვის მიმართ.

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, რომელმან ყოველნი დაბადებულნი სიბრძნით დაჰბადენ, რომელმან გამოუთქუმელითა მით განგებულებითა შენითა და მიუთხრობელითა სახიერებითა მოგჳყვანენ ჩუენ ყოვლადპატიოსანთა ამათ დღეთა განსაწმედელად სულთა და ჴორცთა, მოსაკუდინებელად ვნებათა, და სასოებად აღდგომისა; რომელმან ორმეოცთა დღეთა მიერ ფიცარნი მისცენ, ღმრთივწერილნი იგი ასონი, სათნოსა შენსა მოსეს, მოგურიჭენ ჩუენცა, სახიერო, კეთილისა ამის ღუაწლისა მოღუაწებად, და სარბიელსა ამას მარხვათასა სრულყოფად, სარწმუნოებისა შეუხებელად დამარხვად, და თავებისა უხილავთა ვეშაპთასა შემუსრვად, მძლედ ცოდვისა გამოჩინებად, დაუსჯელად მიწევნად და თაყუანის-ცემად წმიდასა აღდგომასა შენსა.
ყოვლისმპყრობელო მეუფეო, რომელმაც ყოველი შენი ქმნილება სიბრძნით დაჰბადე, რომელმაც შენი მიუწვდომელი მიზანდასახულობითა და გამოუთქმელი სიკეთით მოგვიყვანე ამ პატივსაცემ დღეებამდე, სულისა და ხორცის განსაწმედად, ვნებების დასათრგუნად, აღდგომის იმედის მოსაპოვებლად; რომელმაც ორმოცი დღის ლოცვის შემდეგ შენს რჩეულს, მოსეს, ღმრთის მიერ წარწერილი ფიცრები მიეცი, ჩვენც, სახიერო, შეგვაძლებინე კეთილი ღვაწლის (მოთმინების) აღსრულება და მარხვის სარბიელის წარმატებით დასრულება, სარწმუნოების შეურყეველი დაცვა, უხილავ ვეშაპთა (ეშმაკთა) თავების შემუსვრა, ცოდვების დამარცხება, დაუსჯელად მიღწევა შენი აღდგომის წმიდა დღესასწაულამდე და მისი თაყვანისცემა.

ახლა ტაძრის კარს მიღმა უკვე დაბნელდა. იქ ღამეა, რომელშიც ჩვენ გავდივართ, რომელშიც ალბათ კიდევ დიდხანს უნდა ვიცხოვროთ, ვიბრძოლოთ, დავითმინოთ. მაგრამ ახლა ამ ღამეს ასხივოსნებს ნათელი, რომელიც ეს-ესაა ვიხილეთ. სასუფეველი, რომლის სიახლოვეს თითქოსდა ჯერ არანაირად შეუცვლია ეს სოფელი, ჩვენ „საიდუმლოდ“ მოგვეცა, მაგრამ ვიცით, რომ სასუფევლის სიხარული და მშვიდობა ჩვენთანაა, ჩვენ კი დიდი მარხვის გაგრძელებისათვის ვემზადებით.
თარგმნა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა

წყარო: orthodoxy.ge
– See more at: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva4.htm#sthash.783l2dA8.dpuf