qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
5

სიტყვა ბზობის კვირიაკეზე (მოვაჭრეთა ტაძრიდან გამოდევნა)

 

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

 

და შევიდა იესო ტაძარსა მას ღვთისასა და გამოასხა ყოველივე
იგი გამსყიდველი, და ყოველი, რომელი ისყიდდა ტაძარსა შინა
და ტაბლები იგი მეკერმეთა დაუქცია… და რქვა, წერილ არს:
სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქვენ გიყოფიეს
იგი ქვაბ ავაზაკთა (მათ. 21. 12-13)

დღესასწაულობითი შესვლა მაცხოვრისა იერუსალიმს, რომელსა დღეს იხსენებს წმიდა ეკკლესია, იყო ერთობ შესანიშნავი შემთხვევა სოფლიურსა ცხოვრებასა შინა მისსა მით, რომელ აქ მაცხოვარი მოიქცა თითქმის წინააღმდეგ თვისისა ჩვეულებისა: მან არა თუ არ დაჰფარა, ჩვეულებრივ, თვისი დიდება, არამედ განცხადებულად მიიღო ერისაგან უჩვეულო პატივისცემა. იგი შევიდა იერუსალიმს, ვითარცა ერთი ძლევა-მოსილი მეფე შევალს სატახტოსა ქალაქსა თვისსა. მას მიეგებნენ ყოველნი ქალაქის მცხოვრებნი, დაუფენდენ მას შესამოსელსა და რტოებსა ბაიასასა და ღაღადებდენ ყოველნი აღტაცებულითა ხმითა: ოსანნა ძესა დავითისსა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანნა მაღალთა შინა.

მართალია მაცხოვარმან ამ შემთხვევაში მისთვის შესცვალა თვისი ჩვეულება, მისთვის მიიღო დღეს განცხადებული და მეფური დიდება და პატივი, რომელ ესრეთი მისი შესვლა იერუსალიმს იყო თქმული წინასწარმეტყველისაგან და დღეს უნდა აღსრულებულიყო იგი. გარნა რას ნაშნავს, ძმანო, მეორე იგი შემთხვევა, ესე იგი, როდესაც მაცხოვარი, შემდგომად შესვლისა იერუსალიმს, შევიდა ტაძარსა მას ღვთისასა და გამოასხა ყოველი იგი გამსყიდველი და ყოველი, რომელი ისყიდდა ტაძარსა შინა და ტაბლები იგი მეკერმეთა დაუქცია… და რქვა: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა. რას ნიშნავს, რომ აქაც მაცხოვარი იქცევა წინააღმდეგ თვისისა ჩვეულებისა? ესე იგი, როდესაც ხედავს დიდსა უწესოებასა და შფოთსა საყდარსა შინა ღვთისასა, ნაცვლად სიტყვიერისა დარიგებისა და მშვიდისა შეგონებისა, იგი მოიხმარს მეფურსა უფლებასა მისსა, განასხამს ტაძრისაგან ყოველთა უწესოდ მქცეველთა, მოვაჭრეთა და მეშფოთეთა. დააქცევს ტაბლებსა მეკერმლეთასა და აყვედრებს მათ ფიცხლად: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა? ვგონებ, ძმანო ჩემნო, რომ ესრედ ფიცხლად მისთვის მოიქცა აქ მაცხოვარი, რათა მტკიცედ შეაგონოს ურიათა მათ, რა დიდი ცოდვა არის უწესოდ ქცევა და შფოთი საყდარში და ვითარითა შიშითა და კრძალვითა ჯერ არს დგომა საყდარსა შინა ღვთისასა.

თუ ვინმე ჩვენ ქრისტიანეთა შორის იფიქრებს, რომ ჩვენთვის არ არის საჭირო ესრეთი ფიცხელი შეგონება, ის ერთობ იქმნება შემცდარი. მართალია, ვაჭრობა, მეკერმლეობა და ავაზაკობა არ მოხდება საყდართა შინა ქრისტიანეთასა; გარნა თუ ფიქრობ, ძმაო, რომ ჩვენ ქრისტეანეთათვის არ არის საჭირო შეგონება და გაფრთხილება ამ საგანზე, ფრიად შემცდარი ხარ. მრავალი გვაკლია ჩვენცა ამ შემთხვევაში და დიდად შორავს მოქცევა ჩვენი საყდართა შინა საღმრთოთა კანონთაგან. თუ ოდესმე, ძმაო ჩემო, სოფლის საყდარში დიდ დღესასწაულზე წირვას დაესწარი, გეხსოვნება, რა უწესოდ იქცევიან სოფლის მცხოვრებნი საყდარსა შინა. მეტად შეწუხდება კაცი, არამოკლებული ქრისტიანულითა გრძნობითა, როდესაც იგი ნახავს, რა რიგად დგანან და იქცევიან საყდარში სოფლის მცხოვრებნი. ესრეთ იფიქრებს, რომ სრულიად არავის არ ახსოვს სად დგას და რისთვის მოსულა იქ. განათლებულ ქვეყნებში ათასიდა ბევრეული კაცი ერთად შეკრებული დიდსა საყდარსა შინა ესრეთითა დუმილითადა კრძალვითა სდგას და ლოცულობს, რომ უცებ შეხვიდე, იფიქრებ აქ არა ვინ არარისო. ჩვენ საყდრებში კი, მეტადრე სოფლებში, თუ ბევრი შეიკრიბა ხალხი, ისეთი შფოთი და ხმიანობა გაჩნდება, რომ სრულიად არავის არ ესმის ლოცვა, კითხვა და გალობა. კარგად რომ დაუკვირდე, იფიქრებ, ეს ხალხი ლოცვისათვის კი არ მოსულა, არამედ სალაპარაკოდ და ახალი ამბავის შესატკობელად. სუყველაზე უარესად კი დედაკაცნი იქცევიან. საუბედუროდ, თვით სამღვდელოთაც არ იციან კრძალვით დგომა საყდართა შინა, მაშასადამე არ შეუძლიათ ასწავლონ და მისცენ მაგალითიერის კაცთა, და უთუოდ ეს უნდა იყოს უმთავრესი მიზეზიც ამ სამწუხაროისა უწესოებისა.

აქ, ამ ჩვენ საყდარში, თუმცა ღვთის მადლით სოფლებთა მცხოვრებზე ცოტა უკეთ ვიცით დგომა და მოქცევა, გარნა შეცდები, ძმაო, თუ იფიქრე, რომ ჩვენ კი სრულიად კანონიერად ვიქცევით და არ გვმართებს გაფრთხილება. როდესაც ერთის მხრით გავიხსოვნებთ იმ განათლებულის ქვეყნების მაგალითსა, რომელიც უწინ მოგახსენეთ, მეორეს მხრით მას, რომ აქ ქალაქი არის და ქალაქის მცხოვრებნი უფრო განათლებულნი უნდა იყვნენ, ვიდრე სოფლის მცხოვრებნი, მესამედ მას, რომელ სოფლის მცხოვრებნი, შემოვლენ რა აქ, თქვენ გიყურებენ და თქვენგან მიიღებენ მაგალითსა, იძულებული ვართ თქმად, რომელ ჩვენიცა ქცევა შორავს იმ შიშისა, კრძალვისა და მორიდებისაგან, რომელთა მოითხოვს ჩვენგან საღმრთო სჯული ჩვენი.

წერილ არს, სთქვა უფალმან, სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა. საყდარი, ძმაო, მეტი არაფერი არ არის, მხოლოდ სახლი სალოცველი. მაშასადამე, როდესაც ემზადები საყდარში მისვლას, მეტი არასფერი არუნდა გქონდეს გულში, მხოლოდ ლოცვა და ლოცვის სმენა. გარნა ვხედავ, როდესაც შენ მოხვალ საყდარში, სხვა რაღაც განზრახვა გაქვს გულში. განათლებულ ქვეყნებშიზოგიერთნი ღვთის-მოყვარენი პირნი საყდარში წასვლის დროს იცვამენ უკანასკნელს ღარის ტანისამოსს, თუმცაღა იყვნენ მდიდარნი, ეკკლესიაში დადგებიან სადმე კუთხეში ანუ მოეფარებიან სვეტს და ისე გაატარებენ წირვას, რომ ერთს კაცს არ შეხედავენ და ხმას არავის გასცემენ. ჩვენ ქვეყანაში კი მიმსვლელი ეკკლესიადჩაიცვამს უმჯობესსა თვისსა სამკაულსა, საყდარში დადგება წინ, ერთ კაცს არ დასტოვებს, რომ არ მოელაპარაკოს, ლოცვას კი ერთსაც ყურადღებით არ მოისმენს. ესეთი არის ჩვენი ჩვეულება და ზნეობა! რა სახით უნდა იმუშაოს ჩვენს გულში მადლმან წირვისა და ლოცვისამან? ჰოი, საწყალნი და განუნათლებელნი ვართ ჩვენ! ყოველი, რაიცა არს ქვეყანაზე ღვთისაგან და წმიდათა მამათაგან განჩინებული ჩვენდა განსანათლებელად და საცხოვნებელად, ჩვენ უსარგებლო ვყავით ცუდისა გამო ჩვენისა ზნეობისა.

ნუ იქნება, ძმანო, ამიერითგან ესრეთ! საყდარში მიხვიდოდე საღმრთო წერილისა და ლოცვისა მოსმენისათვის. თუ გსურს, რომ საყდარში მისვლა უნაყოფოდ არ დარჩეს შენთვის, ესრეთ მოიქეცი: რა გუნებაზედაც ხარ იმ დღეს, როდესაც მიდიხარ საყდარში, შეგიძლიან იმ გუნებითვე შეხვიდე, ესე იგი, თუ მხიარული ხარ რისგანმე, იმ დღეს შედი საყდარში მხიარულად, მადლობა შესწირე ღმერთსა, რომელმან მოგცა მხიარულება. თუ მწუხარე ხარ რისგანმე, შეიყვანე შენთან შენი მწუხარება საყდარში, ისარგებლე მწუხარის გუნებითა, მწუხარითა და შემუსრვილითა გულითა ილოცე იმ დღეს. ყოველ შემთხვევაში უგრძნობელად და დაფანტულის გონებით ნუ ხარ საყდარში. ამინ.

წყარო:orthodoxy.ge