qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь

FACEBOOK-ის უკანასკნელი პოსტები:

საღმრთო ლიტურღია

ქადაგება
17.09.19

ბევრჯერ გვისაუბრია იმის შესახებ, რომ იმის ილუზია, რომ ჩვენ ჯვარმცმელთა შორის არ ვიქნებოდით, არ უნდა გვქონდეს.

ეს ხიბლის მდგომარეობაა იმიტომ, რომ უფალი სწორედ იმათთვის მოვიდა, ვინც ცოდვილია.
უფალი ჯვარმცმელებისთვის
მოვიდა.
მოვიდა იმათთვის, ვინც ქრისტე ვერ დაინახეს და რომლებმაც მოკლეს.
და შემდეგ მათთვის ევედრება ზეციურ მამას: მიუტევე მამაო, რამეთუ არ იციან რას აკეთებენ.

უფალი ამბობს: მოვედი არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად და თუ ვინმე იტყვის, ცოდვილი არ ვარო, როგორც იოანე მოციქული შეგვაგონებს, ასეთი ადამიანები ტყუიან.
უფრო მეტიც: ასეთ ადამიანებს ქრისტე გამოყავთ მატყუარა, რომელმაც თქვა, რომ ყველა ცოდვილიაო.

მთლიანობაში, ჩვენი სულიერი ცხოვრების მიზანი, მოვედით რა ეკლესიაში, არის, შევიმეცნოთ უფალი.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

,,ტრფიალებით აღსავსე“და ,,მადლით მთვრალნი“იქნებითო, მარადისობაში ღმერთთან, წმიდა მამათა ტერმინებია ეს.

ახლა ადამიანი იტყვის: ყველაფერი კარგი, მაგრამ ნაგავი რომ ვარ და ცოდვილი რომ ვარ?! ყოველდღიურობაში რას ვგავარ?!

ნუ გეშინია! - გეუბნება პავლე მოციქული, ნუ გეშინია, გამოხსნილი ხარ ქრისტეს სისხლით. შენში ძალიან ძვირფასი რამაა გადახდილი!

ერთი მხრივ, ისეთი რამ არის გადახდილი, რომ თითქოს შენი თავი შენ აღარ გეკუთვნის. თუ გინდა ზურგი შეაქციე უფალს, მაგრამ შეიძლება განა ამის გაკეთება?!

მეორე მხრივ, შენი პირადი ცოდვების ნუ გეშიანია. თუ შეინანებ, ის მახვილი, რომელიც შენს თავზე უნდა დაშვებულიყო იმიტომ, რომ შესცოდე, ის მახვილი უკვე დაეშვა ქრისტეს თავზე და მან იქიდან გითხრა: მიუტევე მამაო, რამეთუ არ იცის, რას აკეთებს!

ანუ, მთავარია, შენ შეინანო.

აი, ჯვარმცმელები, წერია სახარებაში, მრავალი მათგანი შინ რომ ბრუნდებოდა, გულში მჯიღს იცემდა, ეს რა ვქენით, ეს რა ვქენითო. უფალმა ,,მიუტევეო" რომ თქვა, ვინც შეინანა - მიეტევა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზ თეოდორე (გიგნაძის) ქადაგებათა ვებ-გვერდი https://teodore.ge

სულის ცხონება უშრომლად, საკუთარი სურვილების დათმობის გარეშე არ მიიღწევა.

ნამდვილი სიკეთე ისაა, როცა ,,მე მინდა"-ს დათრგუნავ და იტყვი: შენ რა გინდა, უფალო?

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ამ ოცდარვა წლის განმავლობაში ჩვენი სულიერი ცხოვრების დასტური უნდა ყოფილიყო მორწმუნე ერი, მაგრამ ეს ასე არ არის.
პროცესი დეგრადაციისა კი კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით ვითარდება. ყოველ დღე ახალ-ახალი სიურპრიზია.

ჩვენ ოცდარვა წლის თავზე მივიღეთ საქართველოში ბოლშევიკური სული ლიბერალიზმად, დემოკრატიად და თავისუფლებად მონათლული. ამ შედეგებზე, უდიდესი პასუხისმგებლობა არის ჩვენზე, სასულიერო პირებზე.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვყვირით, როცა რაღაც ცუდი ხდება და ხელს ვიშვერთ უღმერთოებისკენ, რომელთათვის ეკლესია სიწმიდეს არ წარმოადგენს, მაგრამ ისინი არ არიან დამნაშავენი.
ეს ჩვენ ვერ გამოვწერეთ მათი გულის ფიცარზე ის საღვთო სიტყვები, რომელთა გამოწერაც ჩვენი ვალდებულება იყო იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით “სურნელებანნი ქრისტესნი“,
ჩვენი სიტყვა და ქრისტეს სიტყვა ერთი და იგივე უნდა ყოფილიყო,
ჩვენი ცხოვრება და ქრისტეს ცხოვრება იდენტური უნდა ყოფილიყო,
ჩვენი გარეგანი და შინაგანი ქრისტესი უნდა ყოფილიყო მთლიანად.

ამიტომ ღმერთმა მომცეს მე პირადად სინანული იმ ფარისევლური სულისათვის, რომელიც ჩემშია, როგორც ქრისტეს მღვდელში. რომ ვერ ვარ სურნელი ქრისტესი, ვერ ვარ იმ სიტყვის მთქმელი, რომელ სიტყვასაც ქრისტე იტყოდა ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო და ვერ ვარ შინაგანად იმ სიწმიდის მატარებელი, რაც მევალება, როგორც ქრისტეს მღვდელს და მსახურს.
იმიტომ, რომ ჩემი ამგვარი, არაწმიდა მდგომარეობა აფუჭებს საქმეს მთელ ერში.

ხოლო, თუ ჩვენ შევინანებთ, უფალი მოგვცემს ძალას, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.
მაშინ ერიც ისმენს ჩვენს სიტყვას და ის შესაძლებლობა, რაც დღეს ჩვენს ეკლესიას და ერს აქვს სრულად იქნება გამოყენებული;
ქრისტეს სურნელება იქნება, მთელ ერში გავრცელებული და იგი ბოლშევიზმის სულით კი აღარ იქნება შეპყრობილი, როგორც დღეს არის, არამედ დავითისა და თამარის იმ სულისკვეთებით, რომელმაც ოდესღაც შექმნა დიდი საქართველო.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჩვენ საკუთარი თავის იმედზე ვართ და ეს ისეთი დაავადებაა, ეს ისეთი ავადმყოფობაა - საკუთარი თავის იმედად ყოფნა, რომ აქედან გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ არა ისევ ღვთის წყალობით და ღვთის იმედით იმიტომ, რომ საკუთარ თავს რომ ღმერთი ჩაენაცვლოს ჩვენს ყოველდღიურობაში, ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს.

ეს იცით, რას ნიშნავს?

ეს ნიშნავს იმას, რომ არასოდეს, არც ერთი ჩვენგანი არც ერთი წამით არ ინერვიულებს ხვალინდელ დღეზე,
როგორი გაჭირვებული ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს მას ბოლომდე ექნება ღვთის იმედი.
შესაბამისად, მას ბოლომდე ექნება საღმრთო სიმშვიდე საკუთარ თავში.
სიმშვიდიდან გამომდინარე, ის არასდროს განრისხდება არავიზე, არაფერზე და მისი ცხოვრება აქვე უკვე იქნება ცხოვრება სასუფეველში.

აი, ეს არის ქრისტიანის ცხოვრება!

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

თუ შენს ნებას ქრისტეს ბოლომდე დაუთმობ,
თუ ის ცვილი გახდები, რომლისგანაც უფალს ადამიანის გამოძერწვა უნდა და თუ არ შეეწინააღმდეგები,
თუ შენი თავისუფლებით გააკეთებ ამას, შენში „იყავნ ნება შენი“ განხორციელდება.

აღმოჩნდება, რომ ხდები ინსტრუმენტი დიდი ხელოვანის - ღმერთის, ხელში და მთელი შენი ცხოვრება ერთ დიდ ჰარმონიად გარდაიქმნება.

ეს არის ის გზა, რომელიც მოგვიმზადა და დაგვისახა იოანე ნათლისმცემელმა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

იოანე ნათლისმცემელი არის დიდებული მაგალითი იმისა, როგორ გახდეს ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი სასწაული; რომ ეს საცნაური გახდეს ყველასთვის, რომ ჩვენ მართლაც, ჭეშმარიტად გავხდეთ ნათელი ამა სოფლისა და ჩვენი შემხედვარე სხვა ადამიანებს ამ ნათლით, რომელიც ჩვენგან გამომკრთოლვარე, არა ჩვენი, არამედ ღვთისგან იქნება, დაგვინახავენ რა, თავად გაუჩნდებათ ღვთის დიდების სურვილი და წყურვილი ღმერთთან მყოფობისა.

აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი ამ ადამიანებისათვის გზამკვლევი იქნება იოანესავით ქრისტესაკენ.

ყველა წმინდანს უნდა მივბაძოთ. იმიტომ გვეძლევა წმინდანები ეკლესიისაგან, რომ დავინახოთ და მათი საშუალებით ქრისტეს მივბაძოთ, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის.

როგორ უნდა მივბაძოთ იოანე ნათლისმცემელს?

ჩვენი ცხოვრება გახდეს ისეთი, რომ სხვა ადამიანების გულებისთვის იყოს მაგალითი, ერთგვარი გზამკვლევი, ერთგვარი ხიდი ქრისტესაკენ სავალ გზაზე.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

❓როდესაც ადამიანი უმძიმეს განსაცდელს ვერ უძლებს. რატომ ნიშნავს სუიციდი ღმერთზე საბოლოოდ უარის თქმას?

🔴 ნებისმიერი განსაცდელი, როგორც შესაძლებლობა გზის ვერტიკალური მიმართულებით პოვნისა, ჰორიზონტალურის ნაცვლად. (ამონარიდი)

გალატელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“.

იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ყოველი ნათელღებული ადამიანი ქრისტეშემოსილია. მაგრამ ეს არ არის საკმარისი - იგი ამბობს.

ამბობს, რომ საჭიროა ეს სიტყვებიც გავიგონოთ: „შეიმოსეთ უფალი ჩვენი იესუ ქრისტე და ხორცთა ზრახვათა ნუ ჰყოფთ გულის სათქმელ“.

მთლიანი კონტექსტიდან გამომდინარე იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ჩვენ კი ვართ ქრისტეშემოსილები, მაგრამ ეს ქრისტეშემოსილობა ყველასათვის საცნაური უნდა გახდეს! და ამ ქრისტეშემოსილობამ არ უნდა მისცეს ჩვენს ხორცს გასაქანი, ანუ საშუალება იმისა, რომ მან დააბრკოლოს ქრისტეშემოსილობის ნათელი, რომელიც ჩვენშია.

როდესაც პავლე მოციქული გვეუბნება, შეიმოსეთ უფალი, იესუ ქრისტე, ეს ნიშნავს, რომ დაიწყეთ ღვაწლი, რომ ეს შემოსილობა, რომელიც თქვენში პოტენციაში უკვე არის ნათლისღების ჟამს, გახდეს ყველასთვის საცნაური და გახდეთ ნათელი სოფლისა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ნახეთ, იოანე პატივისცემას
მტრებშიც კი იმსახურებს.

მიუხედავად ცოდვილი მდგომარეობისა,
უსჯულოებისა,
უღმერთობისა,
ურწმუნოებისა იროდიც პატივს სცემდა იოანეს. უსმენდა ჯეროვნად მისსა და ეშინოდა კიდეც მისი სიწმინდის. უფრთხილდებოდა და პატივს მიაგებდა მას.

რაში ვლინდებოდა იოანეს სიდიადე გარეგნულად? როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია წმინდანობა, ისე არ ვლინდებოდა. განსაკუთრებულად კი ცხოვრობდა იოანე, მამხილებელი სული ჰქონდა, არაფრის ეშინოდა, მაგრამ ჩვენ რომ წარმოგვიდგენია, რომ წმინდანი აუცილებლად რაღაც ზებუნებრივ სასწაულებს უნდა ახდენდეს, იოანეს ცხოვრებაში არსად ამგვარი რამ არ არის დაფიქსირებული, რომ მას რაიმე ზებუნებრივი, სასწაული მოეხდინოს.

მაგრამ აბა საიდან მაშ ასეთი პატივისცემა თვით მტრებისაგანაც კი?
საიდან აქვს იროდის მისდამი შიში, როდესაც იოანეს არაფერი მოუხდენია?

იოანემ მოახდინა სასწაული.

ოღონდ ეს სასწაული არ იყო ის, რასაც ჩვენ ველოდებით ხოლმე ხშირად, ჩვენს ცხოვრებაშიც რომ სულ მუდამ ველოდებით - განსაკუთრებულ ჩარევას ღმერთისას.
იოანესთან მსგავსი არაფერი არ არის. უფალი კი ამბობს, ასეთი დიდი არ დაბადებულაო.

იოანეს უმთავრესი სასწაული, რომელიც მან მოახდინა, ანუ ნიშანი, რომელსაც ხედავდა იროდიც კი, ეს იყო მისი ცხოვრება...

და რაში ვლინდებოდა ეს ცხოვრება?
სიწმინდეში.
სიწმინდე რა არის?
ღვთის ნების აღმსრულებელი იყო.

ანუ, ადამიანი, რომელიც ბოლომდე აღასრულებს ღვთის ნებას, მისი ცხოვრება ხდება ერთი დიდი სასწაული, რომელსაც მტრებიც კი ხედავენ.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

რა ესაქმება იოანე ნათლისმცემელს, იროდი მეფე და მისი გარყვნილი საყვარელი რას სჩადიან იქ? რა იმის საქმეა?! მაგრამ არა!...

რა, ის ერი, რომელშიც იოანე ქადაგებს, შეინანეთო, სულ ცოტა ხანში, ქრისტეს არ მოკლავს? ქრისტეს მკვლელი ერია და დიდი ამბავი, თუ რომელიღაცა უკანონო და ურჯულო ხელისუფალი უზნეობას სჩადის და უზნეობით ცხოვრობს...

მაგრამ არა! არავითარ შემთხვევაში, არა!

უზნეობას ზემოთ, რომელიც განმრყვნელია მთელი ერისა, იოანე ნათლისმცემელი არ ეგუება და ეწირება კიდეც.
ორი დედაკაცის ახირებას და საცოდავი, გაუბედურებული მეფის ვნებას ეწირება ადამიანი, რომელზეც ქრისტე ამბობს - ამაზე დიდი არ შობილაო დედამიწაზე.

რატომ ეწირება?

იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს ღვთის წინაშე, სიტყვა თქვას ერში, ვალდებულია, ყველასათვის გამოსაჩენი უზნეობა ამხილოს, თუნდაც ერთმა ადამიანმა გაიგონოს ეს მხილება.

ხმის ამოღება და თავგანწირვა ღირს ამისთვის.

ამიტომ ეკლესია ვალდებულია, უზნეობა ამხილოს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“ღმერთო...

მოგვეცი ძალა ჩვენს მსახურებაში, რასაც ღმრთისმსახურება ჰქვია...

როცა შენს წინაშე წარვდგებით, მოგვეცი ძალა და მადლი, რომ განგიცადოთ ჩვენი გულის გულში.
რომ ეს განცდა იყოს ჭეშმარიტი, ნამდვილი, სიღრმისეული.

ჩვენი ცხოვრების საზრისი იყავი.
ყოველთვის ვგრძნობდეთ შენს ჩვილს, ბაგაში მწოლიარეს, მტრედივით მოღუღუნეს, პატარა, მაგრამ ძალიან ღრმა თვალებით ამ სამყაროსი სიყვარულით შემხედვარეს.

ამ სამყაროს ნაწილი მეც ვარ და მეც მიყურებ შიგნიდან
და ვიცი, რომ ის სიტყვები, რომლებიც შენ შემდგომში თქვი, რომ სადაც მე ვარ, მინდა, რომ შენც იქ იყოო, ჩემთვისაც გაქვს ნათქვამი.

მე ისიც ვიცი, რომ შენ ბაგაში მწოლიარე უკვე ჯვარცმაზე ფიქრობდი,
იმ ტკივილებზე, რომელსაც მე, როგორც ადამიანი, მოგაყენებდი და ისიც ვიცი, რომ შენ იქვე მპატიობდი ამას, როგორც მრავალგზის.

ჩემი ცოდვები იყო ისეთი, რომ თითქმის ჯვარს გაცვამდი და ყოველთვის მპატიობდი. ყოველთვის ამბობდი ჩემზე, რომ არ იცისო, რასა სჩადისო და აპატიეო...

და საკმარისი იყო ერთი ნაბიჯი მაინც გადმომედგა შენკენ და იმწამსვე ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, შენს წმინდა დედას, ეუბნებოდი:
აი, შენი შვილი, უპატრონე და მოუარეო...

ვიცი, ყოველთვის ამას აკეთებდი და არა შორს მყოფი, არამედ ძალიან ძალიან ახლოს მყოფი ჩემთან, ჩემი გულის გულში და იქიდან მეზრახებოდი.
ახლაც იგივეს აკეთებ.

ნუთუ არ უნდა მეყოს გონიერება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადმოვდგა შენკენ ისეთი ნაბიჯი, რომ უკან აღარ დავიხიო?!
მერე კიდევ.
მერე კიდევ.
და ასე დაუსრულებელად ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
რომ საბოლოოდ შენთან ვიყო.
ჩემს სახლში.
ჩემს სამშობლოში.
ჩემს მამასთან.
ჩემს მამაში.
ჩემს იესო ქრისტეში.
ამინ”.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

[custom-facebook-feed]

 

BIOGRAPHY

Archpriest Theodore Gignadze was born in 1960. He finished high school in 1978. In 1983, he graduated from the technical university with a major in automation and calculus.

In 1989, he started the spiritual life in St. Peter and Paul church (spiritual leader: Archpriest Archil Mindiashvili). He studied in Tbilisi Spiritual Seminary between 1990 and 1994. He was ordained as a priest in 1998. He is a spiritual leader of the church of the Ascension of the Cross since 2003.