qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь

FACEBOOK-ის უკანასკნელი პოსტები:

ჩვენ, როგორც ერთ-ერთი მამა ამბობს, ჩვენს თავში პირუტყვი უნდა დავამარცხოთ, მერე პირუტყვობიდან ანგელოზამდე ავიდეთ, და უფრო მეტიც - ღმერთს უნდა დავემსგავსოთ.

ეს ადვილი არ არის, მაგრამ ხომ გვახსოვს უფლის სიტყვები, რომ ტვირთი ჩემი მსუბუქია და უღელი, ტკბილი?

თავიდან არც ტვირთია მსუბუქი და არც უღელია ტკბილი, მაგრამ მისთვის, ვინც ეცდება, ზედმიწევნით უფალს უერთგულოს მცნებებით და ის, ვინც ეცდება, რომ მართლა ლოცვა ისწავლოს, ღვთის წინაშე გეუბნებით, ძალიან მალე შემსუბუქდება ტვირთი ქრისტესი და ძალიან მალე დატკბება ეს უღელი.

და ისე დატკბება, მთელი სამყარო რომ დაემხოს თავზე ამ ადამიანს, თავისი ნებით ხომ არ მოიხსნის და თუ ძალით მოინდომებენ, ვერ მოაძრობენ ამ ტკბილ უღელს და ამ ტვირთს იმიტომ, რომ ის ამ ტვირთით, მსუბუქი ტვირთით და უღელით უბედნიერესი არსებაა აქვე და სიხარულით აღსავსე.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სისხლმდინარე დედაკაცს რჯული უკრძალავდა შეხებოდა მაცხოვარს, ადამიანს, სხვა მამაკაცს. ამიტომ მიდის ჩუმად და ჩუმად ეხება.

აქ ერთმანეთს უპირისპირდება რჯული და დედაკაცის გულმხურვალე მისწრაფება, ქრისტესთან მივიდეს და ქრისტეს ძალმოსილება მასში შევიდეს. ანუ ერთ მხარეს არის ქრისტე, მეორე მხარეს - რჯული, რომელიც ასევე ღმერთის მოცემულია.

ეს დაპირისპირება ხდება არა იმიტომ, რომ რჯული ცუდია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ახალი აღთქმის პერიოდში შევედით, რომელშიც ადამიანი მაღლდება რჯულზე - უფალი ამბობს, რომ კაცი არ შექმნილა შაბათისთვის, არამედ შაბათი შეიქმნა კაცისთვის.

ამის გაგებაც თავიდანვე უნდა ყოფილიყო, ძველ აღთქმაშიც ბევრი მინიშნებაა ამაზე, მაგრამ სამწუხაროდ არ მოხდა ასე, რადგან ადამიანი არ იყო თავისუფალი, არამედ რჯულს იყო დამონებული. რჯული მისთვის არ იყო გზა ჭეშმარიტებისა და ქრისტეს შეცნობისაკენ, როგორც მოსეს შემთხვევაში. მრავალი საუკუნით ადრე შეიცნო მოსემ ქრისტე, ჯერ კიდევ განუკაცებელი ძე ღმერთი, ამიტომ არჩია ეგვიპტის ფარაონის კარზე ბრწყინვალე ცხოვრებას ქრისტესთვის ყვედრება, როგორც პავლე მოციქული ამბობს.

ქრისტე რა შუაშია? სად იყო მაშინ განკაცებული ძე ღმერთი?

მოსეს მდგომარეობა იყო ასეთი.
ასევე უნდა ყოფილიყო ძველ აღთქმაში.

მაგრამ ვინაიდან ადამიანი მიდრეკილია მონობისკენ, მას უჭირს თავისუფლება და ჭეშმარიტება მისთვის გადაიქცა ერთგვარ რჯულის მონობად.

ანუ ქრისტეს შეცნობაში ადამიანებს ხელი შეუშალა არა რჯულმა (რჯული ყოველთვის კეთილია) არამედ მონობამ.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სახარებაში ერთდროულადაა აღწერილი სინაგოგის მთავრის შვილის აღდგინება და მრავალი წლის განმავლობაში სისხლმდინარე ქალის განკურნება. მათ ერთმანეთთან ფაქტიურად კავშირი არ აქვთ, გარდა ქრონოლოგიურისა - ისტორიაში პარალელურად ხდება ეს ორი მოვლენა. აქვე ვიცით, რომ შემთხვევით არაფერი ხდება.

სისხლმდინარე ქალის განკურნება სიმბოლურად ნიშნავს ადამიანის დაცემული ბუნების კურნებას. მიცვალებულის აღდგინება კი - ჩვენი მკვდარი სულის გაცოცხლებას.

სული მკვდარია იმიტომ, რომ ის ღმერთს ვერ გრძნობს, ვერ ხედავს, ვერ განიცდის და არც უნდა, რომ ღმერთთან იყოს. ადამიანი, რომელსაც არ უნდა ღმერთთან ყოფნა, ადამიანი, რომელიც არ ეძებს ღმერთს, მკვდარია ისევე, როგორც ხორციელად მკვდარი.

სისხლმდინარე დედაკაცს რჯული უკრძალავდა შეხებოდა მაცხოვარს, ადამიანს, სხვა მამაკაცს. ამიტომ მიდის ჩუმად და ეხება. აქ ერთმანეთს უპირისპირდება რჯული და დედაკაცის გულმხურვალე მისწრაფება, ქრისტესთან მივიდეს და ქრისტეს ძალმოსილება მასში შევიდეს. ანუ ერთ მხარეს არის ქრისტე, მეორე მხარეს - რჯული, რომელიც ასევე ღმერთის მოცემულია. ეს დაპირისპირება ხდება არა იმიტომ, რომ რჯული ცუდია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ახალი აღთქმის პერიოდში შევედით, რომელშიც ადამიანი მაღლდება რჯულზე - უფალი ამბობს, რომ კაცი არ შექმნილა შაბათისთვის, არამედ შაბათი შეიქმნა კაცისთვის.

ამ დედაკაცის შემთხვევაში ვხედავთ საოცარ რელიგიურ თავისუფლებას: მან იცის, რომ რჯულს არღვევს, მაგრამ რჯულის დარღვევა მას დანაშაულად არ შეერაცხა იმიტომ, რომ ამას აკეთებს ქრისტეს შემეცნებისთვის, იმისთვის, რომ ერთობაში იყოს ქრისტესთან და მისი ძალით განიკურნოს. უფალი იწყნარებს დედაკაცის საქციელს, აქებს კიდეც მას და დედაკაცი იკურნება.

მეორე შემთხვევა - სინაგოგის მთავრის შვილის მკვდრეთით აღდგინება. რა გარემოება იყო მაშინ იუდეაში? სჯულის მოძღვარნი და აი, ამგვარი სინაგოგის მთავარნი ქრისტეს გამოუტანენ სასიკვდილო განაჩენს ცოტა ხანში, ამ დროს კი სინაგოგის მთავარი ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიდის და არა უბრალოდ სთხოვს, მუხლსაც კი მოუდრეკს იესო ქრისტეს. მან შეიმეცნა იესო ქრისტე და დასაჩუქრდა შვილის სიცოცხლით, შვილის მკვდრეთით აღდგინებით.
ანუ, ერთ შემთხვევაში კურნება, მეორე შემთხვევაში - გაცოცხლება, ორივე შემთხვევას წინ უსწრებს საოცარი თავისუფლება ძველი აღთქმის პარადიგმებისა და შტამპებისაგან.
იმ ჩარჩოებისაგან, რომლებიც ზღუდავდა ადამიანს, ქრიტე შეეცნო.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ყველაფერი ჩვენში ღვთის ძიებას უნდა დავუკავშიროთ.

ბავშვის დაბადება სრული სიხარული მხოლოდ მაშინაა, როდესაც მზად ხარ იმისთვის, რომ ეს ბავშვი უფალს აღუზარდო და აცნობიერებ, რომ ეს პატარა არსება არ არის შენი, არამედ ღმერთისაა.

იგი იმ დღიდანვე გახდება უბედური, როგორც კი შენ მას უღმერთო ხელებში ჩაიგდებ და უღმერთობისკენ წარმართავ. იმ დღიდან ბავშვი უბედურია.

ბედნიერია კი იმ წამიდან, როგორც კი ქრისტიანულ აღზრდას მიიღებს და სწორ გზაზე დადგება.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

❓რისი უნდა გვეშინოდეს წირვაზე დგომისას?

🔴 ტრაპეზი, როგორც ჩვენი უფლის გამოწვდილი ხელი

ღმერთი ბედნიერია და უნდა, რომ შენც მასავით ბედნიერი იყო.
არა ცხოველივით, არა პატარა ლეკვივით, რომელიც დაკუნტრუშებს, არა წიწილასავით, რომელიც კრუხის ფრთებქვეშაა, არა ჭიასავით, რომელიც ფოთოლს ჭამს, არა პეპელასავით, რომელიც დაფარფატებს, არამედ მას უნდა, ბედნიერი იყო ღმერთივით.

ამიტომ პეპლისგან, ჭიისგან, წიწილისა და ლეკვისგან განსხვავებით ღმერთმა ჩვენ ჩვენი საკეთებელი დაგვიტოვა.

ოღონდ ეს საკეთებელი იცით, როგორი საკეთებელია?
ღმერთის საკეთებელს ჰგავს. ამიტომაც არის რთული. განსაკუთრებით რთულია კი მაშინ, როცა ჩვენ ჩვენს ღმერთობას ვერ ვეგუებით და პირუტყვობა გვინდა.

ღმერთის საკეთებელი რომ დაგვიტოვა, ამიტომაც ჭირს ქრისტიანობა. ამიტომაც ვართ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე. ღმერთის საკეთებელი კი იმიტომ დაგვიტოვა, რომ ღმერთივით ბედნიერი უნდა მას რომ ვიყოთ.

სრული თავისუფლება, სრული შენი პიროვნული გადაწყვეტილებითა და არჩევანით, შეუდრეკელი ნებისყოფითა და მიზანსწრაფულობით, რომელსაც ვერაფერი გადაახვევინებს არჩეული გზიდან და ვერაფერი დაამარცხებს იმიტომ, რომ ღმერთივით ყოვლისშემძლე ხარ შენს პიროვნულ გადაწყვეტილებაში და ამავე დროს, იმ სისპეტაკით, იმ სისუფთავითა და სიწმიდით, რომელიც მხოლოდ ღმერთშია და სხვაგან არ არსებობს.

ამიტომ არის ჩვენი საკეთებელი ასეთი რთული. ამიტომ ვდგავართ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე და ამიტომ ითხოვს უფალი ჩვენგან: ვიცი, რამდენი რამ გინდა, მაგრამ ჯერ შენი სულის ცხონებას მიხედე, ჯერ ღმერთისკენ ისწრაფე და მე ვიცი, შენ რა გჭირდება და ყოველივე მოგეცემა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

შენ ვალდებული ხარ, იყო ღვთის ტაძარი.
თუ არა, უკეთეს შემთხვევაში - პირუტყვი ხარ.
უარეს შემთხვევაში - დემონი.

თუმცა, თუ შენ პირუტყვობას აირჩევ, აუცილებლად გადემონდები იმიტომ, რომ ვალდებულებას, რომ ღვთის ტაძარი ყოფილიყავი, ყური არ ათხოვე...

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

❓რატომ სჭირდება ადამიანს აუცილებლად ლოგიკური აზროვნება სულიერ ცხოვრებაში? (ამონარიდი)

ფარისევლური სული, ის სული კი არ არის, რომელმაც ქრისტე ვერ იცნო, ფარისევლური სული სხვა სულია. ფარისევლური სული ისაა, რომელმაც ქრისტე რაღაცნაირად იცნო, მაგრამ შეიძულა, ვერ აიტანა მისი არსებობა სამყაროში. აი, ეს არის ფარისევლური სული და ეს განწყობა, სამწუხარო განწყობა ეკლესიაშიც არსებობს.

ეს ის სულია, რომელიც ქრისტეს ვერ იტანს მის უმთავრეს გამოვლინებებში - ევქარისტიულ ცხოვრებასა და იესოს ლოცვაში.

ეს ის სულია, რომელიც ვერ იტანს ინტენსიურ ევქარისტიულ ცხოვრებას, ანუ ცხოვრებას მადლიერებით, რომელიც გულისხმობს ცხოვრების გარკვეულ წესს და ხშირ ზიარებას. არიან ადამიანები, მათ შორის სასულიერო პირები, სხვათა შორის, მაღალი იერარქებიც და მათგან მოწამლული მრევლი, რომლებიც ვერაფრით მიხვდნენ, რომ ხშირად უნდა ეზიარონ.

მეორე, რაშიც ფარისევლური სული ვლინდება, არის იესოს ლოცვის ვერ ატანა.
იესოს ქრისტეს აუტანლობა ვლინდება აგრეთვე სამრევლო ცხოვრებაში იმით, რომ მრევლის წევრებს ერთმანეთი არ უყვართ. არ შეიძლება გიყვარდეს ქრისტე, თუ არ გიყვარს შენს გვერდით მდგომი ადამიანი, რომელიც შენთან ერთად ქრისტეს სისხლსა ხორცს ეზიარება.

არ უყვართ ადამიანებს ქრისტე. პირველი, რომ ევქარისტიული ცხოვრება არა აქვთ. მეორე, რომ ებრძვიან იესოს ლოცვას. ასევე ის, რომ ებრძვიან სამრევლო ცხოვრების აღმშენებლობას იმით, რომ არ უნდათ ერთმანეთი, თავისთვის უნდათ ქრისტიანობა - მე და ქრისტე, ესენი ვინ არიანო?! - არ გამოვა ასე!

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჩვენ ახალი აღთქმის პერიოდში ვართ.
მაგრამ შეიძლება, ქრონოლოგიურად 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდეთ, შინაგანი მდგომარეობა კი ძველი აღთქმის მოქალაქისა გვქონდეს.

მაგალითად, ქრისტიანისთვის, რომელიც დედ-მამას შეურაცხყოფს, ხშირად გვითქვამს: დალოცვილო, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ხარ, როცა მშობლის შეურაცხყოფა შეგიძლია. ძველ აღთქმაში იმყოფები და ავლენ იმ თვისებებს, რომლებზეც პავლე მოციქული ამბობს ახალი აღთქმის ადამიანების მისამართით, რომ ამ თემებზე საუბარიც კი სირცხვილია.

ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ახალი აღთქმის ეკლესიაში იყოს, პრობლემები კი ძველ აღთქმაში ჰქონდეს. შინაგანი მდგომარეობით იყოს ძველ აღთქმაში.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

შეხვედრა ათენში, ქართველებთან.

ქრისტე მხოლოდ თავისუფლებით შეიმეცნება.
აქედან გამომდინარე, ქრისტეს შემეცნების უმაღლესი გამოვლინებაა ისიქაზმი და ევქარისტიული მსახურება.

ისიქაზმი მაძლევს საშუალებას განვთავისუფლდე სხეულისგან, ანუ სხეულზე მიჯაჭვულობისგან ამ სამყაროში, რასაც სიკვდილის მოდელირებას, გარდაცვალების მოდელირებას ვუწოდებთ ხოლმე. განვთავისუფლდე ამ პირობითობისგან და წავიდე დინების საწინააღმდეგოდ - ეს არის ისიქაზმი, განსაცვიფრებელი მოვლენა მართლმადიდებელ ეკლესიაში.

როდესაც ჩვენ ვებრძვით ისიქაზმს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ამით ვებრძვით თავისუფლებას, ადამიანებს კი ვუტოვებთ ქრისტესთან ურთიერთობისა და ქრისტეს შემეცნების ერთადერთ საშუალებას - მხოლოდ თეორიულს, რომელიც გზაა ან ფანატიზმისკენ, ან ხიბლისაკენ, ან ულტრალიბერალური ურთიერთობებისკენ ეკლესიაში.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ევქარისტიული მსახურების დროს, როდესაც მღვდელი მსახურობს მრევლთან ერთად, ჩვენი მოქმედება ღმერთთან ერთობაში იმგვარია, რომ ჩვენ ვთავისუფლდებით დროისა და სივრცის კატეგორიებისგან, ანუ იმ მოცემულობისა და ჩარჩოებისგან, რომელსაც ეს სამყარო იძლევა - დრო, სივრცე და ფიზიკა, ანუ მატერია.

ჩვენ ევქარისტიის დროს ქრონოლოგიურად არ ვიმყოფებით 21-ე საუკუნეში, არამედ ვიმყოფებით ორი ათასი წლის წინ იქ, სადაც უფალმა აღასრულა საიდუმლო სერობა.

ჩვენ წირვისას სივრცის თვალსაზრისითაც არ ვიმყოფებით აქ, ტაძარში, არამედ ვიმყოფებით გოლგოთაზე - ეს არის ფუნდამენტური სწავლება მართლმადიდებლობისა.

ჩვენ არად დაგიდევთ მატერიალურ კანონებს და ჩვეულებრივი პური და ღვინო ხდება ხორცი და სისხლი იესო ქრისტესი - ეს არის ქრისტიანობა.

ვისაც ამის არა სწამს, ჩემი რჩევაა, დღეს არ ეზიაროს და წავიდეს.
მაგრამ ვისაც ამის გვწამს, კეთილი ვინებოთ და გავხდეთ გულმხურვალენი ქრისტეს მაძიებლობაში, რაც არ არსებობს ისიქაზმის გარეშე. სწორედ ისიქაზმი და ევქარისტიული მსახურება არის ის, რაც ადამიანს აბსოლუტურად ათავისუფლებს იმ მოცემულობისგან, რომელსაც ეს სამყარო ჰქვია და აძლევს მას საშუალებას ქრისტეს შემეცნებისა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

❓რას ნიშნავს სულის სიკვდილი?

❓რა უნდა გვითხრას უფალმა შეხვედრისას? (ამონარიდი)

[custom-facebook-feed]

 

[ყველა]