qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

ქრისტიანული შეხედულება კატასტროფებზე

 

 ალექსანდრე ტკაჩენკო

 

 

ყოველთვის, როდესაც მსოფლიოში დიდი მასშტაბის კატასტროფა ხდება, – როგორიც, ვთქვათ, ავარია საიანო-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურზე, ან სულ ახლანდელი მიწისძვრა და ცუნამი იაპონიაში, – მაშინვე ჩნდება შეხედულება (და მათ შორის ქრისტიანებშიც), რომ ეს ღვთის სასჯელია კონკრეტული ადამიანების ან ხალხების კონკრეტული ცოდვების გამო. და მიუთითებენ კიდეც, თუ რა ცოდვების გამო ღმერთმა დაახრჩო (დაასხივა, დაწვა, გაანადგურა დანგრეულ სახლში და ა.შ.) ცოდვილები, რომლებმაც ცოდვები არ მოინანიეს.

ზოგი ეთანხმება ამ თვალსაზრისს: ” გადაშალე ბიბლია, და ნახავ ღვთის რისხვისა და სასჯელის უამრავ მაგალითს!” სხვანი უარყოფენ , როგორც ჰუმანიზმის თანამედროვე წარმოდგენებთან შეუსაბამოს.მაშ, მოდით, წმინდა წერილის ტექსტსა და წმინდა მამათა განმარტებებზე დაყრდნობით ვნახოთ – რამდენად შეესაბამება ასეთი ლოგიკა ცოდვის გამო ღვთიური სასჯელის მართლმადიდებლურ გაგებას.როცა საუბრობენ ბოროტების წარმოშობაზე, მის მიზეზებსა და არსზე, ხშირად გამოსჭვივის რაღაც უსიამოვნო, ზნეობრივი სმენისათვის მიუღებელი. ალბათ, იმიტომ, რომ ერთის მხრივ,, აქ დგას რეალური ადამიანური ტკივილი და დარდი, მეორეს მხრივ – ცივი გონება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ამ ტკივილთან და მშვიდად განიხილავს მის შემადგენელ კომპონენტებს, თან თითქოს გეუბნება:” აი, ხომ ხედავ, ყველაფერი ემთხვევა. სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო”. თუმცა, არა მგონია, ბოროტებისაგან დატანჯულმა ადამიანმა ამისაგან შვება იგრძნოს.ბიბლიაში არის ეპიზოდი, როდესაც მრავალტანჯულ იობთან, ერთ საათში რომ დაკარგა ყველაფერი, რაც გააჩნდა, – შვილები, ქონება, ჯანმრთელობა,- მივიდნენ მეგობრები. ამ ტრაგიკული სურათით შეძრწუნდნენ და შეშინდნენ… და ისხდნენ მის წინ მიწაზე შვიდი დღე და შვიდი ღამე; არავის არაფერი უთქვამს მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტი იყო მისი სატანჯველი (იობ 2:13). მეგობარს ვერაფრით შველოდნენ და მხოლოდ მის გვერდით რჩებოდნენ და როგორც შეეძლოთ მის უბედურებას იზიარებდნენ. მაგრამ შვიდი დღის გასვლის შემდეგ, მეგობრები შეეცადნენ იობის უბედურება მისივე ცოდვებით აეხსნათ. და ამ საკითხში მართალნი არ აღმოჩნდნენ, რადგანაც თვით ღმერთმა ამხილა ისინი.ცნობილი რუსი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი სემიონ ლუდვიგის ძე ფრანკი წერდა: ”ავხსნათ” ბოროტება ნიშნავს “დავასაბუთოთ” და ამდენად ,”გავამართლოთ” ბოროტება. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება თვით ბოროტების არსს, როგორც არაკანონიერის, რაც არ უნდა იყოს, ბოროტებასთან მიმართებაში ერთადერთი სწორი მიდგომა ისაა, რომ უარვყოთ ის, მოვიშოროთ, და არა “ავხსნათ” და ამით დავაკანონოთ ანდა “გავამართლოთ” ის”.

“ბავშვის ცრემლს” ვერაფრით ახსნი. მხოლოდ შეგიძლია მოწმინდო, სიყვარულითა და თანაგრძნობით ანუგეშო, და თუკი ამის შესაძლებლობა არ გაქვს, უბრალოდ იტირო მასთან ერთად. ხოლო ადამიანის უბედურების ნებისმიერი რაციონალური ახსნა სულიერად გვაშორებს იმათ, ვინც ისედაც ცუდადაა, მტირალი ბავშვი იქნება ეს თუ მიწისძვრისგან დაზარალებული ხალხი. და ორმაგად დამთრგუნველია ნებისმიერი ცდა რელიგიურად ავხსნათ ეს უბედურებები. დიახ, ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან, რომ ცოდვა შობს ტანჯვასა და სიკვდილს, მაგრამ თუკი ჩვენ გავთამამდებით და ამ ცოდნიდან უნივერსალურ ფორმულას შევქმნით, რომ ნებისმიერი უბედურება პირადი ცოდვის შედეგია, მაშინ იობის მეგობრებს უნდა შევუერთდეთ. ისინიც ხომ ადანაშაულებდნენ მართალ იობს იმ ათასგვარ ცოდვაში, რაც მას არ ჩაუდენია. ანდა, ანალოგიურად, ავხსნათ ქრისტეს ვნებანი, ღვთისმშობლის სულიერი ტანჯვა გოლგოთაზე, მოციქულებისა და წამებულთა ტანჯვა-წამება.

რეალურ ცხოვრებას აბსტრაქტულ სქემად ვერ აქცევ, განსაკუთრებით ისეთ პრიმიტიულად, როგორიცაა “ადამიანმა ცოდვა ჩაიდინა ღმერთმა დასაჯა”. და როდესაც საუბარია მთელი ხალხის ტანჯვაზე სტიქიური უბედურების დროს, ამ კატასტროფის ახსნა გაბრაზებული ღმერთის მოქმედებით მხოლოდ კერპთაყვანისმცემლური რელიგიების პოზიციიდან თუ აიხსნება, მაგრამ არა სახარებაში გაცხადებული წარმოდგენებით ღმერთზე. მართალია, ძველ აღთქმაში არის განრისხებული ღმერთის სახე, რომელიც შურს იძიებს ბოროტების გამო, რომელიც ღუპავს ცოდვილებს, მაგრამ ძველი აღთქმა გაცხადებული იქნა მხოლოდ ერთი კონკრეტული ხალხისათვის, გამომდინარე მათი განვითარების ინტელექტუალური, ზნეობრივი და ზოგადკულტურული დონიდან. ხოლო იმ დროს ისრაელის ხალხის ეს დონე არაფრით განხვავდებოდა მის გარშემო მცხოვრები კერპთაყვანისმცემლების დონიდან. და მრისხანე ღმერთის სახე, რომელიც ხალხს მათი ცოდვების გამო სჯიდა, გაცილებით უფრო გასაგები და ახლობელი იყო მათთვის. წმინდა იოანე ოქროპირი პირდაპირ წერს ამაზე: ”როდესაც გესმის სიტყვა “მრისხანება” და “სიბრაზე” ღმერთთან მიმართებაში, ნუ გულისხმობ ნურაფერს ადამიანურს: ეს ლმობიერების სიტყვებია. ყველაფერი მსგავსი უცხოა ღმერთისათვის ხოლო ასე ამბობენ იმიტომ, რომ უხეშმა ხალხმა გაიგოს”. კი არ დაღუპო, არამედ გადაარჩინო…

ქრისტეს ხორცშესხმული ღმერთის – მოსვლით ნებისმიერი იგავთქმა, სახეები თუ კულტოროლოგიური განმარტებები ზედმეტი და უაზრო გახდა. სახარებისეული თხრობა ქრისტეზე პირდაპირ, ყოველგვარი ალეგორიის გარეშე აჩვენებს, თუ რა თვისებები გააჩნია ღმერთს სინამდვილეში. შეუძლია თუ არა მას მართოს სტიქიები? დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ქრისტე არ აღგვის პირისაგან მიწისა ქალაქებს თავისი მცხოვრებლებითურთ, პირიქით – ამშვიდებს ქარიშხალს, რომელმაც ასე დააშინა გალილეველი მეთევზეები. ციდან ცეცხლს კი არ ატეხს ერეტიკოს-სამარიტელებს, პირიქით უკრძალავს თავის მოწაფეებს მოიქცნენ ძველაღთქმისეული ტრადიციით: მან წინდაწინ მიავლინა მაცნეები. ისინი გაემგზავრნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა გაემზადებინათ მისთვის. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან პირი იერუსალიმისაკენ ჰქონდა მიმართული. ეს რომ დაინახეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ, უთხრეს:” უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა’. მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა :”არ იცით, ვისი სულისანი ხართ? ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების
დასაღუპავად, არამედ სახსნელად!’ და წავიდნენ მეორე სოფელში (ლუკა 9;52-56).

სახარების ფურცლებზე ღმერთზე წარმოდგენების ისეთი სისრულეა წარმოჩენილი, რომ რომელსაც თვით ქრისტეს მოწაფეებიც კი ვერ იგებენ ჯეროვნად. “კი არ დაღუპო, არამედ გადაარჩინო!” როგორ გავიგოთ ეს სიტყვები, თუკი მათში საუბარია იმავე ღმერთზე, რომელმაც ოდესღაც, ნოეს პერიოდში თქვა: აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს (დაბ 6;17). თითქოს და ეს პირდაპირი მითითებაა კატაკლიზმის იმ მიზეზზე, რომელმაც წარღვნისწინა კაცობრიობა დაღუპა: ღმერთმა გაანადგურა ადამიანები მათი ცოდვების გამო. ბიბლიის ასეთ გაგებაზე იყვნენ აღზრდილი მოციქულები, მსგავსად ამისა შეეცადნენ ისინი გასწორებოდნენ სამარიელთა სოფელსაც ცოდვილებს, რომელთაც უარი თქვეს მესიის მიღებაზე. და, აი ამ დროს ესმით ქრისტეს საყვედური იმაზე, რომ მათი გაგება ღმერთისა და ცოდვილების ურთიერთობაზე არასწორია. მსგავს საყვედურს მოგვიანებით, გეთსიმანიის ბაღში მოისმენს მოციქული პეტრე, მახვილით ხელში რომ შეეცდება ქრისტეს დაცვას ტაძრის დაცვის რაზმისგან. თუკი ყურადღებით განვიხილავთ სახარებაში აღწერილ ყველა მსგავს სიტუაციას, დასკვნა მხოლოდ ერთია: ქრისტემ ანუ ხორცშესხმულმა ღმერთმა მრავალჯერ აჩვენა თავისი შეუზღუდავი ძალაუფლება ბუნებასა და სტიქიებზე, მაგრამ არც ერთხელ არ გამოუყენებია ეს ძალა ადამიანთა დასასჯელად მათი ცოდვებისთვის.ის საოცრებებით ახდენდა საკვებისა და სასმელის დანაკლისის შევსებას, კურნავდა ავადმყოფობებს, უბრუნებდა ხალხს მხედველობას და მოძრაობის შესაძლებლობას, მკვდრებს აღადგენდა. მაგრამ სახარებაში ვერსად ვნახავთ ადგილს, სადაც მოთხრობილია, რომ ქრისტემ მოავლინა წარღვნა ან გამოიწვია მიწისძვრა. და აქ, უკვე დგება არჩევანი ორ განმარტებას შორის; ან ძველ და ახალ აღთქმაში ორი სხვადასვა ღვთაებაა აღწერილი; ანდა ძველი აღთქმის ტექსტები ახლაც სახარებისეული გამოცხადების გათვალისწინებით უნდა გავიგოთ. პირველი ვარიანტი კარგადაა ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში მდიდარი სინოპელი გემთმფლობელის მარკიონის მიერ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მატერიალური ყოფიერების შემოქმედი, რომელიც მოქმედებს ძველაღთქმისეულ ისტორიაში, იყო “ყოველგვარ თანაგრძნობას მოკლებული სამართლიანობის ღმერთი’, მაგრამ მასზე მაღლა სხვა, უზენაესი ღვთაება დგას. ამ ღმერთს ადამიანები შეეცოდა და გაუგზავნა თავისი ხორცშესხმული შვილი იესო, ტიბერიუსის მმართველობის ჟამს .მარკიონის ეს სწავლება “ორი აღთქმის ორ ღმერთზე” ეკლესიამ მაშინვე უარყო და მწვალებლობად ჩათვალა.

ხოლო შეხედულებას ძველი აღთქმის ისტორიაზე წარღვნის შესახებ, რომელიც სახარების სწავლებითაა შევსებული, ბიბლიის ერთ-ერთ განმმარტებელთან წმ. ეფრემ ასურთან ვპოულობთ. ის საუბრობს ნოეს მიერ გაწეულ მრავალწლიან და შრომატევად საქმიანობაზე უზარმაზარი გემის აშენებისას, და საოცარ სიტყვებს წარმოთქვამს:” ასეთი მძიმე შრომა დააკისრა ღმერთმა მართალ ნოეს, რადგანაც არ სურდა წარღვნა მოევლინა ცოდვილების თავზე”. წმ. ეფრემ ასური თვლიდა, რომ ღმერთს არ სურდა წარღვნა და ელოდა, რომ ნოეს შრომის შემხედვარე ადამიანები მოინანიებდნენ ცოდვებს. ასეთი გაგება სავსებით ეთანხმება ქრისტეს სახარებისეულ სახეს, რომელიც ეხმარებოდა და კურნავდა ცოდვილებს, მიუხედავად იუდეველი კანონმდებლების უკმაყოფილებისა, მესიისაგან სულ სხვაგვარ ქცევას რომ ელოდნენ.

მზე ემალება უსინათლოებს?

ბავშვი, რომელიც ქვიშაში თამაშობს, სულ იოლად დაანგრევს მის მიერვე აგებულ ციხე-კოშკებსა და სხვა ფორმებს, თუკი რაღაცით არ მოეწონება ისინი. მაგრამ უგუნურება იქნებოდა მსგავსი ქცევა ყოვლის შემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთისათვის მიგვეწერა. განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ რომ საუბარი ბიბლიურ წარღვნაზე იმ დროინდელი დედამიწის მოსახლეობაზეა, და არა ქვიშისგან გაკეთებულ სათამაშოებზე.

შეუძლია თუ არა კაცობრიობის შემქმნელსა და მაცხოვარს იმავდროულად მისი მკვლელიც იყოს? ამ კითხვაზე ვრცელ პასუხად ჩაითვლება ღირსი ანტონ დიდის მსჯელობანი: ”ღმერთი კეთილია და მიუკერძოებელი და უცვლელი. თუკი ვინმე კეთილგანწყობილად და ჭ჻ეშმარიტად ჩათვლის იმას, რომ ღმერთი უცვლელია, ამავე დროს უკვირს, რატომაა რომ ასეთი ღმერთი კეთილების მიმართ კეთილია, ბოროტებს ზურგს აქცევს, ცოდვილებზე განრისხებულია, ხოლო როცა ისინი ინანიებენ, მოწყალეა მათ მიმართ, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ ღმერთს არც უხარია და არც მრისხანებს, რადგანაც სიხარული და მრისხანება ვნების არსია. სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ღვთაება კარგად ან ცუდად გრძნობს თავს ადამიანების საქმეთა გამოისობით. ღმერთი სიკეთეა და მხოლოდ სიკეთეს სჩადის. ვნებით კი არავის ვნებს, რადგანაც იგი უცვლელია მარად.
ჩვენ კი, როცა კეთილი ვართ, ღმერთთან ურთიერთობას ვამყარებთ მისი მსგავსებით, ხოლო თუ გავბოროტდით, ღმერთს ვშორდებით, რადგანაც იგი ბოროტი არაა. თუკი ზნეობრივად ვცხოვრობთ, ღვთიურნი ვხდებით, ხოლო თუ ბოროტი გვძლევს, მას ვშორდებით და ვემიჯნებით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იგი განრისხდა ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები საშუალებას არ აძლევენ ღმერთს განათდეს ჩვენში, და გვაერთიანებს დემონებთან, მწვალებლებთან. თუკი შემდეგ ლოცვითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა მიტევებას მოვიპოვებთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ღმერთი მოვთაფლეთ ან შევცვალეთ, არამედ ასეთი ქმედებებითა და მიმართვებით ღვთისადმი ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და კვლავ ღირსნი ვხდებით ღვთის წყალობისა. ასე რომ თუკი ვიტყვით “ღმერთი პირს იბრუნებს ბოროტებისაგან” იგივეა, რომ ვთქვათ :”მზე ეფარება მხედველობამოკლებულებს”.

აღმოჩნდა, რომ ღმერთი არ იძიებს შურს ადამიანებზე მათი უკანონობის გამო და არ აჯილდოვებს მათ მათი სიკეთის გამო. როგორც კეთილდღეობა, ისევე ტანჯვა მხოლოდ ბუნებრივი შედეგია არა მხოლოდ ცალკელი ადამიანის, არამედ მთელი ხალხის კანონიერი თუ უკანონო ცხოვრებისა, და აქ იგულისხმება არა ღმერთის მითითებანი ადამიანის მიმართ, არამედ – თვით ჩვენი ღვთის სადარი ბუნება.

რა ვუქენით სამყაროს…

ჩვენ ღმერთის წინააღმდეგ ვმოქმედებთ ხშირად, და ვიმკით კიდეც საკუთარ თავზე ძალადობის ამ სავალალო შედეგს. მაგრამ ადამიანის ბუნება სხვა ქმნილებებიდან რაღაც განცალკევებულს ხომ არ წარმოადგენს, პირიქით, მჭიდროდაა დაკავშირებული მათთან. მეტიც, საეკლესიო გადმოცემა პირდაპირ უწოდებს ადამიანს ქმნილების გვირგვინს, მთელი შექმნილი ყოფიერების რაღაც ამოსავალ წერტილს. ამიტომაც, რაც ადამიანის სულიერ ცხოვრებაში ხდება, უცილობლად იწვევს უძლიერეს ზეგავლენას მის გარემოზე. წმინდა, წერილი პირდაპირ მოწმობს, რომ ადამის ცოდვის გამო დაწყევლილი იქნა მიწა, ცოდვით დაცემის შემდეგ მან დაკარგა უხვმოსავლიანობის უნარი, და რომ სწორედ ადამიანთა ცოდვების გამო ყოველი სულდგმული დღემდე იტანჯება.

ნათელი მაგალითი კაცობრიობის სულიერი მდგომარეობის მთელს ბუნებასთან კავშირისა ეკოლოგიური კრიზისია, რომელშიც ადამიანებმა პლანეტა ჩააგდეს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მხოლოდ ერთი ასწლეულის მანძილზე. ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში მარინა ცვეტაევა წერდა: ჩვენ ჩვენი ხელობით, ქარხნებით..რა ვუქენით სამოთხეს, რომელიც ბოძებული იყო ჩვენთვის? პლანეტა, სადაც ყოველივე მას გვახსენებს – ნივთების უნიჭო გროვად ვაქციეთ? დიდება მიჰქონდათ მდინარეებს, დიდებას აუწყებდა კლდე…ამ სამყაროში, რომელიც ასე საოცრად იყო გასულიერებული, რა შემოიტანა ადამიანმა?”

ცვეტაევას მწარე შეკითხვაზე კიდევ უფრო მეტი სიმწარით გავცემთ პასუხს: არაფერი კარგი. ტყეების განადგურება, ცხოველთა მთელი სახეობების მოსპობა , მდინარეების, ატმოსფეროს, ახლო კოსმოსის დაბინძურება…სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ეპოქის კაცობრიობის ზნეობრივი მდგომარეობა კატასტროფულად არ შეესაბამება სამყაროზე მეფობის იმ დონეს, რაც ადამიანებმა მიიღეს მეცნიერებისა და ტექნი,კის დახმარებით. რა თქმა უნდა, ოზონის ხვრელებიც, მტკნარი წყლის დეფიციტიც, გლობალური დათბობაც, რელიგიური თვალსაზრისით, ღვთის სასჯელად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანთა ვერცხლისმოყვარეობის, გემოთმოყვარეობის და დიდებისმოყვარეობის გამო ( რაც, მატერიალური წარმოებისა და მოხმარების დღევანდელი თავაშვებული განვითარების სტიმულია). მაგრამ აი, კითხვა: თუკი ლოთი ცოცხლად დაიწვა საკუთარ ლეიბზე, რომელიც სიმთვრალეში ჩაუმქრალი სიგარეტით ამოწვა, შეგვიძლია თუ არა ასეთი სიკვდილი ღმერთის სასჯელად მივიჩნიოთ?ალბათ, გონივრული იქნება ჩავთვალოთ, რომ ღმერთმ,ა საშუალება მისცა მიჰყოლოდა თავის ცოდვიან ნებას, რომელშიც ასე ჯიუტად გაატარა ცხოვრება, და რომელმაც საბოლოოდ გაანადგურა იგი .

ცხადია, მსგავსი რამ დაემართა წარღვნამდელ კაცობრიობას, ბიბლია ამბობს, რომ …უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა (დაბ. 6:5), და არ ხსნის, კონკრეტულად რაში ვლინდებოდა ეს ბოროტება. მაგრამ, ცხადია, რომ ადამიანთა ასეთი უპრეცენდენტო სწრაფვა ცოდვისაკენ უცილობლად გამოიწვევდა ასეთივე უპრეცენდენტო კატაკლიზმს ბუნებაში.

“არა თუ მე მოგაკვდენ”, არამედ “შენ მოკვდები”.

ადამიანთა ცხოვრებისეული გარემოების დამოკიდებულება მათ ზნეობრივ მდგომარეობაზე წმინდა მამებთან სულიერ კანონად იწოდება. აი, როგორ აღწერს ამას ღირსი მარკოზი ასკეტი:

“ღმერთს არ შეუქმნია სიკვდილი და ცოცხალთა დაღუპვით არ ხარობს; ის არ მოქმედებს მრისხანებით, არ იგონებს ცოდვის გამო დასასჯელ ხერხებს, არ იცვლება თითოეულის ღირსებისდა გამო, მან ყველაფერი ბრძნულად შექმნა, წინასწარგანზრახულად, რომ ყველაფერი გასამართლებულიყო სულიერი კანონით. ამ მიზეზით მან არ უთხრა ადამსა და ევას “..იმ დღეს, როდესაც თქვენ იგემებთ აკრძალულ ნაყოფს, მოგაკვდინებთ”; მაგრამ გააფრთხილა, დაარიგა და წაუყენა სიმართლის კანონი :”იმ დღეს, როდესაც იგემებ ნაყოფს, მოკვდები” 9დაბ 2:17), საერთოდაც ღმერთმა დაადგინა, რომ ყოველ საქმეს, კეთილსაც , და ბოროტსაც, უცილობლად მოსდევს შესაბამისი შედეგი. ეს მიგება ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის არ გამოიგონება, როგორც ფიქრობენ სულიერი კანონის უცოდინარნი”.

ერთი შეხედვით, აქ პირდაპირი ანალოგიის დანახვა შეიძლება მიგების კარმულ პრინციპსა ან ათეისტურ დეტერმინიზმთან, რომლის თანახმად ყოველი მოვლენა სამყაროს ცხოვრებაში მხოლოდ წინამდებარე მოვლენათა შედეგია. მაგრამ ეს ანალოგია მოჩვენებითია. ქრისტიანული სწავლების თანახმად, სულიერი მიზეზებისა და მათი შედეგების გარდა სამყაროში ყოვლისშემძლე ღმრთიც მოქმედებს, რომელსაც ძალუძს გაწყვიტოს კავშირი ადამიანურ ცოდვასა და თითქოსდა უცილობელ შედეგებს შორის. ხატოვნად რომ ვთქვათ, კარმულ სწავლებებში გაშვებული ისარი უცილობლად უნდა მოხვდეს მიზანს, თუნდაც მსროლელი უცბად მიხვდეს, რომ ისარი საკუთარ ვაჟს დაუმიზნა. ქრისტიანობაში კი ღმერთს შეუძლია ააშოროს მიზანს ასეთი “ცოდვიანი ისარი”სულ რაღაც მილიმეტრის მანძილზე.

ცოდვა – ეს ძალადობაა ბუნებაზე

როდესაც საშინელმა ცუნამიმ იაპონური ქალაქები დაანგრია და ათასობით ადამიანი დაღუპა, ცნობილმა ტელეჟურნალისტმა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პოზნერმა თავის გადაცემაში საოცრად ბრძნული სიტყვები წარმოთქვა:”ხომ არა გაქვთ შეგრძნება, რომ მრავალტანჯული ბუნება ბოლოსდაბოლოს გვკარნახობს, რომ მას მოთმინება ელევა. გვკარნახობს სხვადასხვა ხერხით. უსიამოვნოთიც კი. მე ვიტყოდი – კატასტროფულითაც. მაგრამ გვკარნახობს. ხომ არ გაქვთ შეგრძნება, რომ ყველა ჩვენგანს დაავიწყდა, რანი ვართ, ვინ ვართ, და რაზე ვართ დამოკიდებული? ბევრჯერ მითქვამს, რომ არ ვარ რელიგიური ადამიანი, ათეისტი ვარ. მაგრამ ნოეს კიდობნის ლეგენდას სხვა თვალსაზრისით რომ შევხედოთ – იყო ადამიანების რაღაც მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, და ისინი თვლიდნენ, რომ ბუნების გვირგვინს წარმოადგენენ, ხოლო თვით ბუნებას კი არაფრად აგდებდნენ. მაშინ ეს ისტორია სულ სხვაგვარად წაიკითხება, არა?’

ალბათ, ვლადიმირ ვლადიმირის ძეს გაუკვირდებოდა, რომ გაეგო, რომ მისი შეხედულება ბუნებრივი კატასტროფების მიზეზებზე არაფრით განსხვავდება ქრისტიანთა შეხედულებებისაგან. რადგანაც ცოდვა ყოველი ადამიანის ცოვრებაში სწორედაც რომ საკუთარ ბუნებაზე ძალადობაა, მისი თვისებების არადანიშნულებისამებრ მოხმარებაა უგულებელყოფაა იმ ჩანაფიქრისა, რომელიც მასში შემოქმედმა ჩადო. და, რა თქმა უნდა, ყველა ბუნებრივი კატაკლიზმი, რომელიც წარსულშიც იყო , ახლაც ხდება და, სამწუხაროდ, მომავალშიც იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ბუნების კანონზომიერი რეაქციაა ასეთ ძალადობაზე. რადგანაც სამყარო სულაც არაა რაღაც აბსტრაქტული ჯამი მისი შემადგენელი ფრაგმენტებისა. ის – ერთიანი ორგანიზმია, რომელშიც ერთი კომპონენტის დანგრევა კანონზომიერად იწვევს პათოლოგიურ ცვლილებას ყველა დანარჩენ ნაწილშიც. ამ ჭეშმარიტების გაგებამდე თანამედროვე ეკოლოგია უკვე მივიდა. ვინ იცის, იქნებ რაღაც დროის შემდეგ მეცნიერება თავის კატეგორიებში შეძლებს ახსნას მიწის ქერქის კატასტროფული ძვრების დამოკიდებულებას ბოროტ ფიქრებზე, ბოროტ სიტყვებზე, ადამიანის მუხანათურ ქცევებზე. ხოლო მორწმუნეთათვის ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის ცხადი იყო, ყოველგვარი სამეცნიერო მტკიცებულებების გარეშეც.

მაგრამ ალბათ კატეგორიულად არასწორი იქნებოდა იაპონიის მიწისძვრა მხოლოდ იაპონელების ცოდვებით აგვეხსნა.მიგების სულიერი კანონის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები იმდენად რთული შეიძლება იყოს, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ღმერთმა უწყის თუ რაშია საქმე, მან-ვინც უცოდველი იყო და ტანჯვა დაითმინა სხვათა ცოდვების გამო. მხოლოდ ერთი რამ კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ყოველი არსება ორგანულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან, და ამიტომაც ყოველ ჩვენგანს ჩვენი ცოდვებით „თავისი წვლილი შეაქვს“ ნებისმიერ სტიქიურ უბედურებაში. თუნდაც ის დედამიწის მეორე ნახევარსფეროში მოხდეს. და ბოროტება, რომელიც ამ ცოდვებითაა გამოწვეული შეიძლება სრულიად უდანაშაულო ხალხს დაატყდეს თავს. ეს აზრი დოსტოევსკიმ მკაფიო ფორმით გამოხატა თავისი გმირის – ბერი ზოსიმეს პირით- :”ყველა ყველას წინაშე ყველაფერშია დამნაშავე”. და ფიქრი ან ნებისმიერი მსჯელობა იმაზე, რომ იაპონელები საკუთარი ცოდვების გამო დაისაჯნენ ასე სასტიკად, ნებისმიერი ზნეობრივი ადამიანისათვის დაუშვებელია. იმიტომ რომ , შეიძლება ნებისმიერმა ჩვენგანმა მართლაც “მიიღო მონაწილეობა” იაპონურ მიწისძვრაში ჩვენი არასანიმუშო ცხოვრებით.

ყველაზე პატიოსანი და მართებული, რაც ამ უბედურებასთან კავშირში შეგვიძლია გავაკეთოთ, რაღაცნაირად დავეხმაროთ დაზარალებულებს, ვილოცოთ მათზე ანდა უბრალოდ ვიტიროთ მათთან ერთად. ვიტიროთ ამ საშინელ უბედურებაზე და ჩვენს მოუნანიებელ ცოდვებზე. და კიდევ, გავიხსენოთ მაცხოვრის მრისხანე გაფრთხილება:” ან რა გგონიათ,ის თვრამეტი კაცი, რომელთაც სილოამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანები, რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობენ?არა, გეუბნებით: თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!”(ლკ 13:4,5).

ავტორი: ალექსანდრე ტკაჩენკო