qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

“პროფანირებული” ქრისტიანობის შესახებ

 იღუმენი პეტრე მენშერინოვი

 

იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი – მოსკოვის საპატრიარქოს ბავშვთა და ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრის თანამშრომელი

ფაქტია, რომ მოვლენა, რომელსაც მე “პროფანირებულ ქრისტიანობა”-ს ვუწოდებ, ეკლესიურ ცხოვრებაში არსებობს. ის მომდინარეობს ეკლესიის რაობის არასწორი გაგებიდან, როდესაც იგნორირებულია ეკლესიური ცხოვრების ორი ფუნდამენტური პრინციპი: ქრისტოცენტრულობა და სინერგია. ქრისტიანობაში არსებობს ფასეულობათა იერარქია და მთავარი მასში თავად ქრისტე, მისი ღვთაებრივი პიროვნებაა. ის არის ,,ალფა და ომეგა, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს”(გამოცხ. 1: 8); ის არის ,,გზა, ჭეშმარიტება და ცხორება”, “აღდგომა და ცხორება” (იოანე 14:6; 11: 25;).

მორწმუნისათვის ქრისტე ყველაფერია (წმიდა მარკოზ ეფესელი). ქრისტიანის ცხოვრების მიზანია ქრისტესთან შეერთება, მასში და მისით ცხოვრება და მასში ხსნისა და მშვიდობის, სიხარულისა და უკვდავების აღმოჩენა; სწორედ ამ და არა რაიმე სხვა მიზნისათვის დააფუძნა ღმერთმა ეკლესია დედამიწაზე, სადაც საიდუმლოებებში მონაწილეობით, სულიწმიდით, მორწმუნე ადამიანი უფალ იესოს უერთდება. ეკლესია არ არის მხოლოდ ადამიანის ინდივიდუალური სრულყოფის საშუალება. ქრისტეში პიროვნება ჭეშმარიტი ცხოვრების სისავსეს პოულობს, ხოლო შედეგად სხვა ადამიანებთან ჭეშმარიტ ერთობას. ამასთან, ეკლესიისათვის სავსებით არაარსებითია ადამიანი ამქვეყნად ცხოვრობს, თუ უკვე იმქვეყნიურ სამყაროშია გადასული, რადგანაც ეკლესიაში არ არსებობს სიკვდილი. ის არა მხოლოდ მორწმუნეთა ერთობა, ანდა სპეციფიკური ორგანიზაცია, არამედ თავისი არსით ქრისტეს სხეულია და ქრისტოცენტრულობის პრინციპიც აქედან გამომდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში უკლებლივ ყველაფერი იესო ქრისტესაკენ უნდა იყოს მიმართული.თავისი არსებობის 2000 წლის მანძილზე, ეკლესიამ სულიერი, კულტურული, სოციალური და სხვა უამრავი სახის სიმდიდრე დააგროვა, რომელიც იმ ფორმათა და მოვლენათა მრავალფეროვნებაში გამოიხატება, ადამიანური ყოფის ყველა სფეროს რომ სწვდება.ყველა ეს ეკლესიური ფორმა და მოვლენა მხოლოდ იმისათვის არსებობს, რომ ამა თუ იმ სახით აზიაროს ადამიანი იესო ქრისტეს. თუკი ჩვენ, ამა თუ იმ მიზეზის გამო გარეგნულ ეკლესიურ ფორმებს მივიღებთ, როგორც თავისთავად ფასეულობას, ქრისტეს კონტექსტის გარეშე, დიდ შეცდომას დავუშვებთ, რადგან ამით მთავარს მეორეხარისხოვანით, არსებითს ფორმალურით შევცვლით, რადგანაც ქრისტეს გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, თუნდაც ეკლესიაში.სიტყვა სინერგია ნიშნავს ,,ერთობლივ ქმედებას” ღმერთისა და ადამიანის თანაშემოქმედებას. ეკლესიის კუთვნილი ღვთის მადლი არასოდეს მოქმედებს ძალადობრივად, ავტომატურად; ღმერთი ყოველთვის აღიარებს ადამიანის თავისუფლებას და მისგან ელის გაცნობიერებულ და თავისუფალ რელიგიურ აქტივობას. რელიგიურ ცხოვრებაში ეს პრინციპი ყოველმხრივ დაცულია; ეკლესიაში ყველაფერი დაფუძნებულია ქრისტიანის პასუხისმგებლობით აღსავსე ცხოვრებაზე. აქ არაფერია ფორმალური, ,,ბრმა” ან, რაც თითქოს ,,თავისთავად” ხდება, ადამიანის ნების გარეშე. ეკლესიური ცხოვრების ზემოთდასახელებული პრინციპები არსებობენ არა განყენებულად, არამედ ყოფა ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირში; ქრისტოცენტრულობიდან და სინერგიიდან გამომდინარეობს ზნეობრივი შრომის აუცილებლობა ქრისტესთან შესაერთებლად, რადგანაც ძველი აღთქმის ადამისაგან მივიღეთ დაცემული ბუნება, საჭიროა შრომა ამ ბუნების მიდრეკილებებისადმი წინააღმდეგობის გასაწევად და ძალისხმევა ღმერთის მცნებების შესასრულებლად, რის მეშვეობითაც ადამიანი ქრისტეს მადლს იღებს. ასეთი ქრისტიანობა ბევრს არ სჭირდება, ამას მრავალი მიზეზი აქვს: თავისუფლების შიში, ზნეობრიობის დაუფასებლობა და სხვა.ჭეშმარიტი, “რთული” ქრისტიანობის საპირისპიროდ, არსებობს სხვაგვარიც, უფრო მეტად გავრცელებული. ასეთი ქრისტიანობა ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება ქრისტიანობა ქრისტოცენტრიზმის გარეშე და მაგიზმი ქრისტიანობა სინერგიისა და ზნეობრივი ძალდატანების გარეშე. სარწმუნოების გაორებულობა, რაც ტრადიციულად დამახასიათებელია რუსეთისათვის, წარმოადგენს მრთლმადიდებლური და წარმართული რიტუალების შეთავსებას. ეკლესიის 70 წლიანი დევნის და ადამიანთაგან ელემენტარული ეკლესიური წიგნიერების დაკარგვის შემდეგ, ეს გაორება ახლაც დიდ პატივშია და მიზანმიმართული მწყემსმთავრული ძალისხმევით ფართოდაა გავრცელებული. ჩვენს თანამედროვეობაში ეს მოვლენა უკვე არა მხოლოდ ივანე კუპალას კოცონზე ხტომა და შელოცვა მკითხაობაა, არამედ ცხოვრების განსაზღვრული მიმართულებაც. ის ჩვენს რელიგიას ქრისტეს აშორებს, ხოლო მის ადგილზე დაცემული სამყაროს რეალიებს აყენებს. შეხედულებათა ამ სისტემის მიზანი არის არათვით უფალი და ცხოვრება მასში, არამედ სწრაფვა სრული მიწიერი კეთილდღეობისკენ და ამიტომ თავად უფალი და მისი მცნებები არავის აინტერესებს; ამასთანავე საგულისხმოა, რომ ეკლესიური ფორმები კარგავენ თავის მთლიანობას და ხდებიან ნახევრადწარმართულნი.ყველაფერი ეკლესიური, რასაც შეეხება წარმართობა, პროფანირდება და უხამსი ხდება; ასე რომ, ბევრი ადამიანი ეკლესიად მოიაზრებს არა ქრისტესა და ქრისტიანულ ცხოვრებას, არამედ ხალხურ წეს-ჩვეულებებს, სხვადასხვა “სასწაულებს” და სხვა მსგავსს…

აი, ეს არის ნამდვილი პროფანაცია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან და ადამიანთათვის აუცილებელ საგნებზე ბედნიერებაზე, სიკვდილზე, სერიოზული საუბრის მაგივრად ჩვენ ვლაპარაკობთ კულიჩებსა და პასკებზე.

მაგიური შეხედულების თანახმად, სულიერი სამყარო ადამიანისგან, მისი შინაგანი მდგომარეობისგან დამოუკიდებელია. პიროვნება მისი პასიური ნაწილია, დეტალი, მექანიკური სათამაშო მიღმიერი სამყაროს უხილავ ტალღებზე. შესაძლოა, ვიქონიოთ ზემოქმედება ამ სამყაროზე ისე, რომ მივიღოთ გარკვეული სავარაუდო შედეგი. ამისათვის, განსაკუთრებულმა განდობილმა პირმა, ქურუმმა ან მაგმა ზუსტად უნდა შეასრულოს ესა თუ ის რიტუალური ქმედება და თუკი ყოველი გარემოება დეტალურად იქნება გათვალისწინებული და ამგვარად შესრულდება მოქმედება, შედეგი გარანტირებულია მიუხედავად ადამიანის შინაგანი მდგომარეობის, მისი რწმენის, შეხედულებების, საქმეების, ზნეობრივი მდგომარეობისა და ა.შ. მთავარია, რომ განდობილმა პირმა გაითვალისწინოს ყოველი წვრილმანი და სკურპულოზურად ზუსტად შეასრულოს განსაზღვრული სახის ქმედება; როცა მაგიზმი აღწევს ეკლესიაში, ის საფუძვლიანად ამახინჯებს ადამიანის შინაგან წყობას, ისე რომ იგი ფაქტიურად აღარცაა ქრისტიანი, თუმცა გარეგნულად შესაძლებელია ფრიად ეკლესიური ადამიანის იერი ჰქონდეს.

მაგიზმი ეკლესიაში უპირველესად ღვთისა და ადამიანის ურთიერთ-დამოკიდებულებას ამახინჯებს, აუკუღმართებს თავად სწავლებას ღმერთის შესახებ. ღმერთი წარმოჩინდება არა როგორც მოყვარული მამა, არამედ როგორც რაღაც აბსტრაქტული პრინციპი; არა როგორც მამობრივი სიყვარულის განხორციელება, არამედ როგორც საიდუმლო უფროსის მიმართ შიშით დაქვემდებარების გრძნობა. ადამიანსა და ღმერთს შორის შეუძლებელი ხდება პირადი ურთიერთობა, რაცაა საფუძველი და არსი ჩვენი რელიგიისა. მის ადგილს კი იკავებს ფორმა¬ლურ_იურიდიული დამოკიდებულებები.

ღვთისმოსაობა ზნეობრივი სფეროდან გადადის მარტოოდენ განსაზღვრული გარეგნული წესების შესრულებაში. მაგიური თვალსაზრისი ჩერდება იმაზე, რომ ღმერთს სჭირდება მხოლოდ სწორად და დროზე შესრულებული რიტუალი და ამის გარდა ადამიანი ღვთის წინაშე არაფრითაა პასუხისმგებელი და მათი ურთიერთდამოკიდებულება ამით მთლიანად ამოიწურება. რა დასკვნა შეიძლება ყოველივე ამისგან გამოვიტანოთ? ის, რომ ჩვენში ეკლესია გადაიქცა მართლმადიდებლური წესის თეთრ მაგიად. ხშირად ადამიანი ქრისტესთან თავს ვერ გრძნობს მსუბუქად და კომფორტულად, რადგანაც ის მთავარ მცნებად ითხოვს: ,,შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა” (მარკოზი 12: 30).

ეს მოითხოვს დიდ ზნეობრივ ძალისხმევას, გულის მიმართებას ღვთისადმი. ბევრისათვის ეს მოუხერხებელია, ამბიონებიდანაც არცთუ ხშირად მოისმენთ ამის შესახებ. მწყემსმთავართთათვის უფრო იოლია, გამოვიდნენ ქურუმების როლში, აღავლინონ ,,ლოცვა_ვედრება” მიიღონ საფასური და ამით ამოწურონ ეკლესიის ფუნქცია. ადამიანებს უფრო ეადვილებათ სანთლების ანთება, მოსახსენებლების დაწერა და ა. შ. იმ იმედით, რომ ისინი ავტომატურად მოახდენენ საჭირო მაგიურ ქმედებას იმის მაგივრად, რომ გაერკვნენ საკუთარ ცხოვრებაში და ის სახარების თანახმად მოაწყონ. აქედანვე მოდის საეჭვო ისტორიების ორომტრიალიც და პროფანაციაც.

ნამდვილი, ეკლესიური და სახარებისეული, ქრისტიანობა ადამიანის გულში აღსრულდება. ის მოკრძალებულია, არ არის ეფექტებსა და სანახაობებზე აგებული, შორსაა თავისშექცევისგან; მოითხოვს გულისხმიერებასა და საკუთარი თავისადმი ყურადღებით თვალყურის დევნებას. ის გარკვეულწილად მშრალია და ყოველდღიური; და თუკი ადამიანი არ ცხოვრობს ამით, მაშინ მას უჩნდება ამ “სიმშრალის” გარეგნულად აყვავების სურვილი, თუნდაც რელიგიური ეფექტებით. ამის შესახებ ჯერ კიდევ X1X საუკუნეში წერდა წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. აქედანაა სასწაულები, ნიშნები, წინასწარმეტყველებები სამყაროს აღსასრულზე“, “სტარცების” ძიება, იაფფასიანი აპოკალიფტიკა, ნაციონალიზმი და ა. შ.

ყველაფერი ეს მთლიანად შეესაბამება პროფანაციის განსაზღვრებას, რომელთა თაობაზეც ჯერ კიდევ I საუკუნეში წერდა პავლე მოციქული: ,,ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებთა ზღაპართაგან იჯმენ, ხოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა” (1 ტიმოთე 4:7). ასე და ამგვარად, ზემოთქმულის საფუძველზე განვსაზღვროთ, რომ პროფანირებული ესაა გარეგნული, შინაგანის გარეშე, ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ეკლესიური ცხოვრება სულიერი და ზნეობრივი შრომის გარეშე. რაშია ამის მთავარი საფრთხე? ყველა გარეგნულ ფორმას, მათ შორის ფოლკლორულს, სავსებით აქვს არსებობის უფლება; მხოლოდ ერთი პირობით: როდესაც მათ ქრისტიანული ფასეულობების იერარქიაში თავისი ადგილი უკავიათ. როდესაც ეს იერარქია ირღვევა, მაშინ აღსრულდება ის, რაზეც ამბობს უფალი: მარილი ეკლესიისა განქარდება (შდრ. მათე 5; 13).

ჩემს სამოძღვრო პრაქტიკაში არაერთხელ შევხვედრივარ შემდეგ მოვლენას. ცხოვრობს ადამიანი თანაბარი, მშვიდი და აწყობილი ცხოვრებით; მას სავსებით აკმაყოფილებს გუმბათები და ზარები, სანთლები, მოსახსენებლები და პარაკლისები მაგრამ მოდის რაღაც სერიოზული ცდუნება, გამოცდა, განსაცდელი თუ ხიფათი, მაგალითად ნარკომანია, ალკოჰოლიზმი ახლობლებისა, ანდა შინაგანი გაციება რწმენაში, სულიერი დაღლილობა და ა. შ.

იგულისხმება, რომ ადამიანი დახმარებისთვის მიმართავს ეკლესიას და უეცრად აღმოჩნდება, რომ გუმბათები და ზარები, მოსახსენებლები და დაუჯდომელები, ბერები (,,სტარცები,,) ვერაფერს შველიან, სხვა რამ კი მას ეკლესიაში არ უსწავლია; მისთვის არ აუხსნიათ, რომ ყველაფერი ეს ეკლესიისთვის გარეგნული ,,ანტურაჟია” ქმედითი მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის ადამიანის ქრისტესაკენ პირადი, ზნეობრივი და სულიერი სწრაფვის გამოხატულებაა, არ აუხსნეს არა ბოროტგანზრახულად, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე ეკლესიურ იდეოლოგიაში გაბატონებულია სწორედაც პროფანირებული, ფსევდოეკლესიური ქრისტიანობა. როგორც ყოველგვარი ტყუილი, ასეთი ქრისტიანობაც რეალობასთან შეჯახებისას ფიასკოს განიცდის ადამიანებს ეკლესიის მიმართ იმედგაცრუება ეუფლებათ, შორდებიან მას, რასაც ვხედავთ არა მხოლოდ ბევრი ქრისტიანის პირად ცხოვრებაში, არამედ ისტორიულ მასშტაბითაც.

რაშია გამოსავალი? რა ვაკეთოთ? ამაზე საპასუხოდ დაგვეხმარება კიდევ ერთი ციტატა ერთ-ერთი ეკლესიური ადამიანის ნააზრევიდან “ადამიანის საგანმამათლებლო და ინტელექტუალური დონე არაფერია ღვთის შემეცნებისას”. აი, ამას კი ვერაფრით დავეთანხმები, რასაც ობსკურანტიზმი ეწოდება, ანუ განათლების, კულტურისა და მეცნიერების უგულებელყოფა.

სამწუხაროდ, ასეთი ზნეობრივი სიმახინჯე ეკლესიურ ცხოვრებაში ფართოდაა გავრცელებული. ერთმა სახელგანთქმულმა სასულიერო პირმა, რადიოთი გამოსვლისას განაცხადა: მე მოხარული ვარ, რომ ვარ გაუნათლებელი; წმიდა მამები სხვა რაღაა საჭირო ქრისტიანისთვის?

სწორედაც წმიდა მამები იყვნენ თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანები, სიწმიდესთან და სულიერებასთან ერთად გამორჩეულნი თავიანთი მაღალი ინტელექტუალური დონით. ეკლესიაში შეიქმნა უდიდესი კულტურა, ფილოსოფია და მეცნიერება. ობსკურანტიზმს არაფრის შექმნა არ შეუძლია, ის მარგინალური ბუნებისაა და მას მხოლოდ ძალუძს დააკონსერვოს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ეკლესიის ჭეშმარიტი სიწმინდე პროფანაციის დონეზე დაიყვანოს. აქ ძევს პასუხი შეკითხვაზე “რა ვაკეთოთ?”

მივიღოთ განათლება, შევითვისოთ ცოდნა და კულტურა, გავიაზროთ თანამედროვეობა სახარებისეული და ეკლესიური თვალსაზრისით და შევწყვიტოთ სამყაროს პროფანირებული, შეზღუდული ხედვა..

მთარგმნელი თევზაძე ზაზა
ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ: www.lib.ge-დან