qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

ინეტერვიუ მამა თეოდორესთან – ქართველი ჯარისკაცების მეჩეთში შესვლის შესახებ.

 

 

“ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე, ქართველი სამხედროები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, “ჯუმა მეჩეთში” მივიდნენ. მისიაში მონაწილე სამხედროები, საქართველოს სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს, ვაგიფ აქპეროვს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი მუსლიმური ტრადიციებისა და ადათ-წესების უკეთესად გაცნობა იყო. “ანალოგიური შეხვედრები, ჩვენს სამხედროებს ხელს შეუწყობს, უფრო ეფექტურად მოიპოვონ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა” – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

შეიხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ისლამის შესახებ ლექცია წაუკითხა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული შეზღუდვები, ასევე ავღანელი ხალხის ადათ-წესები გააცნო. ლექციის ბოლოს, შეიხმა სამხედროები დალოცა და მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. განსაკუთრებული უკმაყოფილება კი ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებმა გამოხატეს. ჩვენ ამ თემაზე სასაუბროდ მამა თეოდორე გიგნაძეს ვეწვიეთ.

მამა თეოდორე გიგნაძე:

– ასეთი შეხვედრა შესაძლებელია, როდესაც მიდიან ისეთ მისიაზე, სადაც ისლამური გარემო და წესებია, იმისთვის, რათა სამხედროებს იქ არსებულ გარემოზე წარმოდგენა შეუქმნან. თუმცა, სიტყვაზე, მე თუ ვიცი, რომ იქ მივალ და მუსლიმების სასულიერო პირმა უნდა დამლოცოს, ეს ცოტა გაუგებარი და არასწორი საქციელია ქრისტიანის მხრიდან.

– რატომ?

იმიტომ, რომ თუ ადამიანმა იცის და გააზრებული აქვს, რომ ის ქრისტიანია და ეს არის ჭეშმარიტება, ის სხვის დალოცვას არ საჭიროებს. თუ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს შემთხვევით შევხვდი და მან საკუთარი სურვილით დამლოცა, ამას კეთილ ნებად მივიღებ. ათეისტმაც რომ დამლოცოს, – ჯანმრთელად იყავიო, – მაგასაც კი მივიღებ, აბა, რატომ დამლოცეო, ხომ არ ვეტყვი. ანუ გააჩნია სიტუაციას, – ჩვენ ძალზე ხშირად ერთი შეხედვით ვაფასებთ ამა თუ იმ მოვლენას. თუკი ეს იყო ტრენინგი, ან სწავლება, ამაში ახალი არაფერია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დროს, ავღანეთში ჯარისკაცებს რომ გზავნიდნენ, მაშინაც ტარდებოდა სპეციალური ტრენინგი, იმაზე, თუ რა ხდებოდა ავღანეთში. მაგრამ თუ ადამიანს იქაური ყოფა-ცხოვრება აინტერესებს, ინსტრუქტორმა უნდა ასწავლოს და ვერ ვხვდები, რა საჭიროა სასულიერო პირი?!.

– იმის თქმა გინდათ, რომ ეს ცოდვაა?

– ვიმეორებ, საბჭოთა კავშირის ავღანეთში ჯარები რომ შეჰყავდა, მათაც უტარებდნენ ტრენინგებს, მაგრამ სპეციალისტები და არა სასულიერო პირები. მნიშვნელობა ხომ აქვს, სად ხდება შეხვედრა, მეჩეთში თუ დარბაზში, ანუ სადმე, ნეიტრალურ ადგილას... მეც მიწევს ხოლმე ლექციების ჩატარება სხვადასხვა ადგილას, მაგრამ მე იქ ღვთისმსახურებას კი არ აღვასრულებ, არამედ, ქრისტიანობაზე ვუკითხავ ლექციებს, რა დროსაც მე მათ ტაძარში კი არა, დარბაზში, ან სადმე ისეთ, ნეიტრალურ ადგილას ვხვდები… ამიტომ თუ ამაში დევს რაღაც ისეთი გამიზნული, რომ მოდი, იმათი დალოცვაც მივიღოთ და რა მნიშვნელობა აქვს, ვისგან იქნება, ანუ კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე, ეს შესაძლოა რელიგიური აღრევის მცდელობა იყოს და ეს ჩემთვის მიუღებელია. პირადად მე, ჯარისკაცი რომ ვიყო, მეჩეთში არ შევიდოდი და მუსლიმ მოლას თავს არ დავალოცინებდი. თუ მოლა თავად, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე დამლოცავდა, ამაზე პროტესტი არ მექნებოდა. საინტერესოა, ვისი იდეა იყო, მოლას დაელოცა ავღანეთში მიმავალი ქართველი სამხედროები…

– იმ სამხედროებს თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის უფროსიც ახლდნენ…

– მერე ისეთი სპეციალისტთან მიეყვანათ გასაუბრებაზე, რომელიც ასეთ საკითხებში ერკვევა. ცოტა უცნაური ფაქტიც კი არის, – ქართველი ბიჭები იქ იმიტომ მიდიან, რომ ომია, ხომ ასეა? ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი უწევთ. მათი იდეოლოგიის მიხედვით, ყველა მუსლიმი ერთმანეთის ძმა არის და აქ მცხოვრები მუსლიმი რომ რჩევებს აძლევს იქ ჩასულ ქრისტიანს – გარემოს შეგუება რომ არ გაგიჭირდეს, მე გასწავლიო, – არ არის უცნაური?.. ეს ხომ აბსურდია… ეს იგივეა, ქრისტიანულ ქვეყანაში რომ მიდიოდეს ჯარი და მე ვასწავლიდე, მართლმადიდებლებით დასახლებულ სოფლებში როგორ უნდა მოიქცნენ, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და მოხერხებულად დახოცონ მტერი. მგონი, ლოგიკის პოვნა ძნელია…

– დეკანოზმა დავით ქვლივიძემ, ეს ფაქტი რუსეთის მიერ საზღვრების გადმოწევასთან დააკავშირა, – “ამ ჯარის პატრონებს უნდათ, რომ ღმერთმა დაიფაროს ეს ჯარი და ეს ქვეყანა? რუსეთი კი არა ყველა გადმოწევს საზღვრებს, თუ ღმერთმა ჩვენზე ხელი აიღო, ყველა გადაგვივლის” – განაცხადა მან…

– თუ დეკანოზი ამაში იმას გულისხმობს, რომ რაიმე ცოდვის გამო ვისჯებით, ეს სხვა თემაა, მაგრამ საერთოდ, ამ ქვეყანაზე შემთხვევით არაფერი ხდება, – ყოველი განსაცდელი ღვთის დაშვებით არის. იცით, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს შოუს, თანაც უნიჭოსა და უინტერესოს. ვითომ მუსლიმებს კი არა, ტერორისტებს ვებრძვითო, უბრალოდ არასერიოზულია. ამას აჯობებს, ჩვენს ჯარისკაცებს მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან ჰქონდეთ ურთიერთობა და მუსლიმ ჯარიკაცებს კიდევ, თუკი რელიგიური მოთხოვნილებები აქვთ, თავიანთ სასულიერო პირებთან დაკავშირების საშუალება მისცენ. მათთვის საჭირო თემებზე კვალიფიციური სპეციალისტები უნდა ესაუბრებოდნენ, როგორც ეს ნორმალურ ქვეყანაში ხდება და არა სასულიერო პირები… არა მგონია, ამერიკულ ჯარში ტრენინგებს მოლები ატარებდნენ… რაც ნაკლები შოუ დაიდგმება, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, რადგან ასეთი რამ არც სახელმწიფოს უხდება, არც ჯარს და არც ჩვენ სარწმუნოებას.

წყარო: kvirispalitra.ge