qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

მაცხოვრის სიტყვა ჯვრიდან

 

 

ავტორი: ვასილი ეგზემპლიარსკი
თარგმნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ

 

(I ნაწილი)

„მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკ. 23,34)

„ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა…“ (ლუკ. 23,43)

„დედაკაცო, აჰა ძე შენი!.. აჰა დედაჲ შენი…“ (იოან. 19,26-27)

„მწყურის!“ (იოან. 19,28)

„ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათვის დამიტევე მე?“ (მათე 27,46)

„მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“ (ლუკ. 23,46)

„აღსრულებულ არს…“ (იოან. 19,30)

 „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ  არა იციან, რასა იქმან“ (ლუკ. 23,34)

მაღალ გალავანს, ძველ იერუსალემს გარს რომ ერტყა, არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ ღრმად სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. იუდაური რელიგიის აღმსარებელთათვის დიადი ხელმწიფის ეს წმიდა ქალაქი ერთგვარ შეუვალ ზღუდეს უნდა დაეცვა გარე სამყაროს ბოროტებისა და ცდომილებათაგან. ქალაქში დაუშვებელი იყო უწმინდურება და სიბილწე. თვით ბოროტმოქმედთა და ავაზაკთა დასჯა მის კედლებს გარეთ აღესრულებოდა…

თხემის ადგილას, ამაღლებულ ბორცვზე, ქალაქის გალავნის გარეთ, ის ჯვარი იყო აღმართული , რომელზეც ჯვარს აცვეს ქრისტე. ჯვარს აცვეს, ვითარცა სჯულის დამრღვევი, ვითარცა შეურაცხმყოფელი ღმრთისა. გოლგოთიდან კარგად მოჩანდა იერუსალიმი და ის ტაძარი, უფლის „ხილული“ სამყოფელი რომ იყო ღმრთის რჩეული ერისათვის და რომელშიც იწირებოდა მსხვერპლი მომავალი გამოსყიდვის წინა სახედ. ყოველივე ჯვარცმული მაცხოვრის თვალწინ გადაშლილიყო…

სახარების მიხედვით, ქრისტე ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებში იერუსალიმის ხილვისას წუხდა, რადგან ქალაქი, ქვეყნიერების ნათლად მოწოდებული, ბოროტებაში ჩაძირულიყო; ჭვრეტდა უფალი მის მოახლოებულ ნგრევასა და განადგურებას. უფლის თვალწინ გადაშლილიყო იერუსალიმი და გულიმწუხარებასა და ტკივილს გრძნობდა, რადგან ის, ვისთვისაც სჯული იყო მოცემული, ის, ვის სახელზეც შეიწირებოდა მსხვერპლი, ვინც განუზომლად აღემატებოდა ტაძარს და მის სიწმინდეებს, ძე ღმრთისა იდევნებოდა უფლის ქალაქიდან; სამღვდელოთა და მთავართაგან უარყოფილი და ბრბოსაგან შეურაცხყოფილი, ავაზაკთა შორის შერაცხილი, ტანჯვით აღესრულებოდა ჯვარზე იმ დროს, როცა იერუსალემი პასექის დღესასწაულისათვის ემზადებოდა. პასექისთვის, რომელიცეგვიპტის მონობიდან განთავისუფლების გახსენების გარდა, წინასახე იყო მომავალი მხსნელის მოვლინებისა.

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო საშინელი და ყველაზე უფრო სამარცხვინო ჟამი დგებოდა: საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულებოდა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

საშინელი დანაშაულის გასაქარწყლებლად, საშინელი სირცხვილისაგან ადამიანთა სულების განსაწმენდად არ იქნებოდა საკმარისი ზეციური გრგვინვა, ცეცხლი სოდომისა და გომორისა. თვისობრივად სხვა რამ იყო საჭირო, ადამიანთა და ადამიანურ ურთიერთობათა სხვა კანონი, და ეს ახალი კანონი იყო: – პატიება, შენდობა, ყოვლისმიმტევებელი სიყვარული.

ჯვარცმის შემდეგ სამყაროში არ გამქრალა ყოვლისმიმტევებელი სიყვარულის გამომხატველი სიტყვები: „მამაო, მიუტევე ამათ…“ არა მარტო სტეფანეპირველმოწამემ გაიმეორა, არამედ ყოველი მორწმუნე სიხარულით და სიყვარულით წარმოთქვამდა მხსნელის სიტყვებს. ეს ყოვლისმიმტევებელი სიყვარული განახლებული ცხოვრების და განახლებული სიხარულის წყაროდ მოედინებოდა ქრისტიანულ სამყაროში. მიმტევებლობის ამ სიტყვებს მხოლოდ მას შემდეგ აქვს ძალა, რაც ისინი ქრისტემ წარმოთქვა.

მხოლოდ შენდობის სურვილი არ კმარა. საჭიროა შენდობის უფლება და მართლაც, როცა სიკეთე შეურაცხყოფილია და ზეიმობს ბოროტება, რომელსაც ამდენი უკურნებელი სალმობანი და ტანჯვა-წამება მოჰყვება, როდესაც სიცრუესა და სიბნელეს ამდენი ტკივილი მოაქვს, ვის აქვს უფლება, კი არ შეებრძოლოს ბოროტებას, არამედ შეუნდოს; შეიძულოს ცოდვა და შეიყვაროს ცოდვილი; არა განიკითხოს, არამედ გადაარჩინოს?ეს უფლება კაცობრიობას და ყოველ ადამიანს მიანიჭა ქრისტემ; მიანიჭა ჯვრიდან. მხოლოდ მას, ყოვლად უცოდველს, განკაცებულ ძე ღმრთისას, სიყვარულს და ამავე დროს ადამიანური უსამართლობის, სიძულვილის, ცილისწამების, ღალატისა დატანჯვა-წამების მთელი სისავსით მტვირთველს შეეძლო ამგვარი საბოლოო განაჩენი გამოეტანა კაცობრიობისათვის.

ამის შემდეგ მის მიმდევართ შეუძლიათ, და ვალდებულნიც არიან, იარონ მისი გზით.

არსებობს ჭეშმარიტებისა და ნათლის მარადიული დიადი წიგნი, აღსავსე ღმრთაებრივი სამართლიანობის აღსრულების მხურვალე მოწოდებებით. ესაა ფსალმუნთა წიგნი – წიგნი სულის წუხილისა – უკეთესობისა და სრულყოფილების წყურვილისა. მასში მრავლადაა ვედრებანი დიადი მსაჯულის მიმართ, რათა უსჯულოებზე მოაწიოს რისხვამ და მიეგოთ საქმეთა მათთაებრ. სიდიადე და კეთილშობილება გამოკრთის ძველი აღთქმის სიმართლის მაძიებლის ამ სიტყვათაგან.

გადიოდა საუკუნეები. თითქოს არ ისმენდა ღმერთი მართალთა ლოცვა-ვედრებას. დედამიწაზე ბოროტება ბატონობდა , სიმართლე დათრგუნულიყო, მსაჯული მოსვლას „აყოვნებდა“. ბოლოს და ბოლოს, აღივსო რა უსჯულოების ფიალა, ზეცას შეჰღაღადა მიწაზე დაღვრილმა ყოველი მართალის სისხლმა აბელიდან ბარუქის ძე ზაქარიამდე და მოვიდა ის, ვისაც მიეცა ყოველი ხელმწიფება, ვისთვისაც ცხადი იყო ამა სოფლის უსამართლობა და ბოროტება; ადამიანთა მწუხარება; ვინც უსაზღვრო სიყვარულით პასუხობდა თითოეულის ტანჯვას… ყოვლის მსაჯულ უფალს, მას, ვისაც ყოველივე ემორჩილებოდა, ზეციურიც და ქვეყნიურიც, ტახტზე მჯდომარეს ჭვრეტდა დიდი წინასწარმეტყველი დავით მეფსალმუნე. თუ ქრისტე სამეუფო ტახტზე მჯდომარე განსჯიდა, კაცობრიობისათვის განაჩენი საბოლოო იქნებოდა… მაგრამ ყოველთა მეუფემ და მსაჯულმა ადამის მოდგმის პირველი განაჩენი არასამეუფო ტახტიდან, არამედ ჯვრიდან, ჯვარცმულმა წარმოთქვა… ეს განაჩენი სამყაროს გადარჩენის, ახალი ცხოვრების, თავისუფლებისა და სიყვარულის საწყისად გაისმა. „მამაო, მიუტევე“… ეს სიტყვები ბოროტებაზე გამარჯვებაა! დიახ, გამარჯვებაა, არა ძალმომრეობით, არამედ სიყვარულით. ეს სიტყვები ბნელეთის სამყაროს შემმუსვრელ იმ ნათლად იქცა, ჯვარცმული მაცხოვრის სიდიადიდან რომგამოკრთოდა.

„ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა
იყო სამოთხესა…“ (ლუკ. 23,43)

სამი ჯვარი აღმართა პილატემ გოლგოთაზე: ორი ავაზაკთათვის და ერთი მაცხოვრისთვის.

აღსასრული მოახლოებულიყო.

შესაძლოა, ავაზაკებს ხიფათითა და ცოდვით აღსავსე ცხოვრება აგონდებოდათ;

განიცადეს კი უფლის მსგავსად გამათრახება, ტანჯვა-დამცირება? ! ალბათ, არა.

სიკვდილი მათთვისაც გარდუვალი იყო. უიმედობა და გაბოროტება ჯვარცმულ ავაზაკებს ყველა ადამიანის მიმართ დაეუფლათ.

ხედავდნენ გასისხლიანებულსა და ტანჯულ უფალს. ესმოდათ მაცხოვრის შეურაცხმყოფელი სიტყვები მღვდელმთავრებისაგან და ხალხისაგან. ეგებ სასწაულსაც ელოდნენ. სასწაულს, მათაც რომ იხსნიდა. მაგრამ მალე გადარჩენის იმედი გაუქრათ, და ეს უგულისხმონიც ქრისტეს შეურაცხმყოფელთა შორის აღმოჩნდნენ. მათ მართლა არ უწყოდნენ რას სჩადიოდნენ, იტანჯებოდნენ ხორციელად და სულიერად. უიმედობით გაბოროტებული ავაზაკები გმობდნენ უფალს, უფალი კი, უსაზღვროდ ტანჯული, გმობისა და სიძულვილის ნაცვლად აქამდე უცნობ, განსაცვიფრებელ მიმტევებლურ სიტყვებს წარმოთქვამდა…

ყოვლისშემძლე ტანჯული…

მშვიდი, მოსიყვარულე, მზრუნველი, არ სწყევლიდა მტანჯველთ, არც რისხავდა, არამედ ლოცულობდა მათთვის.

კვდებოდნენ ტანჯული ავაზაკებიც. კვდებოდნენ თვალებში სინათლემიმქრალნი, გონება დაბინდულ-დაბნელებულნი. ამ სიბნელემ ვერ შეაკავა ადამიანური სინდისის ნათელი. იმ დროს, როდესაც სჯულით „მართალნი“ სიტყვებს ვერ პოულობდნენ ჯვარცმულისადმი სიძულვილის გამოსახატავად, მათი გულები უფრო და უფრო აღივსებოდა რა ბოროტებით, ერთი ავაზაკის გული სიყვარულმა მოიცვა. გონება გაუნათდა, სული კი იმის შემეცნებამდე ამაღლდა, რომ არსებობს არაამქვეყნიური და ამ სოფელზე განუზომლად აღმატებული ცხოვრება… და აი, გმობის ნაცვლად, სინანულის ხმა გაისმა; ვხედავთ მორჩილებას ადამიანური მართლმსაჯულების წინაშე; გვესმის წმიდა აღმსარებლობა ქრისტეს სიმართლისა და ჯვარცმულ ავაზაკში გაჩნდა რწმენა უმაღლესი, არაამქვეყნიური ფასეულობებისადმი.

„სიკვდილის ღირსია!“ – გამძვინვარებულნი გაჰყვიროდნენ მღვდელმთავარნი;

ჯვარცმის აღსრულებას მოითხოვდა ბრბო;

ხელებს იბანდა უბადრუკი მსაჯული…

გაუუხეშდათ გულები „მართლებს“ (სჯულის მოძღვრებს და მასწავლებლებს).

ბრძენნი და წინამძღვარნი ბრმანი და ყრუნი შეიქმნენ სიმართლისათვის.

ჯვარცმულმა ავაზაკმა კი, არამარტო აღიარა ის ჭეშმარიტება, რომ ქრისტეს ცუდი არაფერი ჩაუდენია, არამედ ჯვარცმულსა და ტანჯულ ადამიანში უფალი შეიცნო.

„გარდამოხედინ აწ ჯუარით, რაითა ვიხილოთ და გურწმენეს“ (მარ. 15,32) -დასცინოდნენ მღვდელნი და მწიგნობარნი. უფალს თავისი ძალმოსილება რომ ეჩვენებინა, ეს ადამიანები ირწმუნებდნენ, მლიქვნელურად გაეგებოდნენ ფეხქვეშ და მონებივით მუხლებზე იღოღებდნენ. მაგრამ რა ფასი ექნებოდა ამას?ავაზაკი კი ლაპარაკობს ქრისტეს სასუფეველზე და უფალს უწოდებს მას, ვინც კაცთაშორის უკიდურესად დამცირებული და შეურაცხყოფილი ჯვარზე კვდებოდა…

საუკუნეები გვაშორებს ისტორიულ ჯვარცმას. ჯვარი, ოდესღაც დამცირებისა და შეურაცხყოფის სიმბოლო, ცხოვრების მომნიჭებელ და თაყვანსაცემ დიად რამ ნიშნად იქცა.

მაგრამ როგორ აღიქვამდა ყოველივეს ჯვარცმული ავაზაკი? მის წინაშე, ერთი მხრივ, იყო პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების ავტორიტეტი, ხოლო მეორე მხრივ- უკიდურესი დამცირებისა და შეურაცხყოფის მთელი სისავსე. ყოველივე აღიქვა, განიცადა და გაიგო მან. ავაზაკმა რამდენიმე სიტყვაში წარმოაჩინა რწმენა, რომლის მსგავსი არც მანამდე ჰქონია და არც შემდგომ ექნება ვინმეს. უჩვენა რა უფალმა კაცობრიობას ყოვლისმიმტევებლური სიყვარულით გადარჩენის გზა, მეყსეულად შედგა ამ გზაზე პირველი ადამიანი – ადამიანი უდიდესი პირადი რწმენით, პირველი მაცხოვრებელი (მკვიდრი) ქრისტეს სასუფევლისა.

უდიდესი იყო ავაზაკის რწმენა და უდიდებულესი უფლის პასუხი: „… დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“.

„უსჯულოთა თანა შეირაცხა“, გლახაკებთან ცხოვრობდა, მეზვერეთა, ცოდვილთა მეგობარი იყო და ავაზაკთან ერთად აღესრულა ჯვარზე.

განვლო საუკუნეებმა, არაერთმა მორწმუნემ გაიარა ეკლიანი გზა ქრისტესი, მაგრამ კაცთაგან არავის აღმოხდენია იმგვარად სრულყოფილი ლოცვა, ჯვარცმულ ავაზაკს რომ აღმოხდა, არც ვინმეს სმენია იმგვარი იმედის მიმცემი სიტყვები, ავაზაკს რომ ესმა ლოცვის პასუხად სამყაროს ჯვარცმული შემოქმედისაგან: – „… დღეს ჩემთანაიყო სამოთხესა“.

გოლგოთაზე სხვა რომ აღარაფერი თქმულიყო, მორწმუნეთა ცხოვრების ნუგეშად ესეც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ქადაგება ჯვრიდან ჯერ არ დასრულებულიყო.

„დედაკაცო, აჰა ძე შენი!..
აჰა დედაჲ შენი…“ (იოან. 19,26-27)

ნელ-ნელა გადიოდა დრო. რამდენიმე დღის წინ „ოსანას“ მგალობელი, ახლა კი უფლის ჯვარცმის სეირის მაყურებელი ბრბო თანდათან მცირდებოდა.

დადუმდნენ ერისმთავარნი და მღვდელნი, გინებითა და აბუჩად აგდებით ერთგვარად რომ დაიკმაყოფილეს ჯვარცმულის მიმართ სიძულვილი.

გაბოროტებულ ცნობისმოყვარეთაგან ზოგნი წასულიყვნენ, ზოგნი დადუმებულიყვნენ. შეთხელებული ბრბოდან გამოიკვეთა უფლის ახლობელი და ძვირფასი ადამიანები.

სახარება მოგვითხრობს, რომ უფალმა იხილა დედაჲ თვისი და მოწაფე, რომელიც უყვარდა. დედა უფლისა იდგა ჯვართან თავმდაბალი, შეუმჩნეველი; იდგა და ხედავდა ყოველივეს. გრძნობდა განუზომელ ტანჯვას, დამცირებას, კაცთა უსაზღვრო ბოროტებას, გარდაუვალ სიკვდილს ხედავდა…

სიტყვა უძლურია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის განცდათა გადმოსაცემად.

დუმს სახარებაც.

თუმც ეკლესიამ ამგვარად გადმოგვცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის („ვის სულშიაც განვიდა მახვილი“, ლუკ. 2,35) განცდები: – „… შენ თანა მოვკვდები, რამეთუ ვერ ვიტვირთავ ხილვად, შვილო, ნაკადულსა მაგას, ყოვლად უბიწოთა სისხლთა შენთასა“ „… ვითარ თავს ვიდებ მე უხმობასა შენსა, რომელს გაწოებდ ჩჩვილებრ წიაღთა ტვირთულსა… ვითარ ვიტვირთო ტკივილი ნაწლევთა, შვილო, ვხედვიდე რა თვალთა შენთა ძელსა ზედა მირულებულთა, რომელთა პირველ ვხედვიდი მშვენიერთა სიკეთითა, თვალიერ-მყოფელთა ყრმათასა… ვერ ვიტვირთავ მე უსულოდ დიდებასა შენსა საფლავსა შინა ძეო ჩემო, მკვდართა აღმადგინებელო; მოიხილე ტკბილო, ვითარ ესე განვლო მახვილმან შენმან მგზნებარე გული ჩემი… ჰოიმე გაბრიილ, სადა არს გიხაროდენ! სადა ხარება, სადა კურთხეულ არსი! ნათელი საშოსა დამიშრტა ჯვარსა ზედა. არა ვსტიროდე ყურიმლისცემასა შოლტითურთ დანერწყუასა ბასრობითურთ, ანუ ჯვარცმასა შენსა ქრისტე ნაღვლითურთ, ანუ ლახვარსა, აწ ვითარ მიგაწვინო, ვითარცა მკვდარი, ჰოი ძეო ჩემო… ვითარ ერმან უსჯულომან შვილო ჩემო, ტკბილო, შიშველი ძელსა ზედა უწყალოდ გიხილეს და მხეცებრივ მიგხედნეს მძვინვარებით და განჰგმირეს საღმრთო გუერდი შენი, ვითარ არა დაიხსნნეს არსნი და შეირყივნეს, არამედ სულმან შენმან დაიცვნა ყოველნი სიტყუაო…“ (ტრიოდიონი, გოდება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა).

სახარება კი გვეუბნება, რომ დედა უფლისა იდგა ჯვართან…

იქნებ ღმრთაებრივი შვილის ყრმობას იხსენებდა, მაშინვე რომ სურდათ მისი მოკვდინება ამა სოფლის თავადის მიერ აღძრულ ძლიერთ ამა ქვეყნისა. აგონდებოდა მორჩილება, სიმშვიდე, სიბრძნე ყრმა იესუსი. აგონდებოდა მოძღვარი, თავის მისადრეკი ადგილიც რომ არ ჰქონდა; დასვენება რომ არ იცოდა, მხოლოდ სიკეთეს რომ იქმოდა ადამიანებისთვის.

თვალწინ კი ჯვარცმა აღესრულებოდა ენით გამოუთქმელი ტკივილებით; ყურს მოსწვდა განსაცვიფრებელი სიტყვები: – „მიუტევე მათ…“, „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა…“

ეგებ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დედობრივი გული იმედოვნებდა, რომ ღმრთაებრივი ძე მასაც ეტყოდა სიტყვას… აი, უფალმა იხილა დედაჲ თვისი და ჰრქუამას: „დედაკაცო“ (არ უთხრა „დედაო ჩემო“, არამედ „დედაკაცო“, რადგან ის, ვისაც მთელი დედობრივი გრძნობა და სითბო მისცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა, ამს ოფლიდან გადიოდა). „აჰა ძე შენი“, აქ, ამ სოფელში, დარჩი დედად მისთვის, ვინც ჩემს მაგივრად მზრუნველობას გაგიწევს, განუგეშებს და დაგიფარავს. იყავ დედა ჩემი ერთგული მეგობრისა და ყველა ჩემი მეგობრისა. „მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: „აჰადედაჲ შენი“. მოწაფემ, რომელიც უყვარდა, მოციქულთაგან ერთადერთმა, არ მიატოვა სათაყვანებელი მოძღვარი შეჭირვებაში, სწორედ მას უთხრა: „-აჰა დედაჲშენი:“ ნუ იგლოვებ, არ დარჩე მარტო, არამედ იცოცხლე და გიყვარდეს…

და არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მარიამი დედა და უდიდესი მფარველიუფლის ყოველი ერთგული მიმდევრისა და მეგობრისა.

წყარო:orthodoxy.ge