qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

რას უნდა ასწავლიდეს მოძღვარი?

 

 მამა თეოდორე გიგნაძე

 

მოძღვარი მრევლს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობას უნდა ასწავლიდეს

ღმრთის მადლით, დღეს, მრავალი ჩვენგანი მრევლად იწოდება ანუ ეკლესიის წევრია, და ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ინტერვიუ, რომელიც სწორედ მრევლის რაობას, მის დანიშნულებასა და მოვალეობებს შეეხება. ამ თემის შესახებ ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე) გვესაუბრება.

– მამა თეოდორე, საეკლესიო ცხოვრების აღორძინების კვალდაკვალ, მრავალი ადამიანი შემოვიდა ეკლესიის წიაღში, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად აქვთ გაცნობიერებული მრევლის წევრებს თავიანთი მოვალეობები, დანიშნულება. გვესაუბრეთ ამის შესახებ.

– ეკლესია არის არა უბრალოდ, ადამიანური ორგანიზაცია, არამედ – საღმრთო ორგანიზმი, ანუ ეკლესიას აქვს ღმერთკაცობრივი სტრუქტურა. ღმერთი, სულიწმინდის მადლით და ადამიანები, რომლებშიც ასევე დავანებულია სულიწმიდის მადლი, ერთიანობაში ქმნიან ეკლესიას. ანუ ეკლესია არის ადამიანთა ერთობა, რომლებიც საღმრთო ენერგიითა და ჩვენთვის განკაცებული, მომკვდარი, აღდგომილი და ზეცად ამაღლებული ღმერთკაცის სისხლით არიან გაერთიანებულნი. რადგან ეკლესია ღმერთკაცური ორგანიზმია, პავლე მოციქული ხაზს უსვამს, რომ იგი ქრისტეს სხეულია, ამიტომ მრევლის თითოეული წევრი ეკლესიაში, ცოცხალ ორგანიზმში ცოცხალ უჯრედად მოიაზრება.

ე.ი. მრევლის წევრები, ეკლესიის ცოცხალ უჯრედებს წარმოადგენენ, ოღონდ იერარქიულად დაბალ საფეხურზე მდგარნი არიან, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ეკლესიის სრულფასოვან წევრებად არ ითვლებიან. რასაკვირველია, არსობრივად, მრევლიც იგივე ცხოვრებით მაცხოვრებელია, რითაც უმაღლესი საეკლესიო იერარქი, ეპისკოპოსი, მაგრამ საეკლესიო ადმინისტრაციულ მოვალეობებში ნაკლებ როლს თამაშობენ და საიდუმლოებების აღსრულებაში მათი მონაწილეობა მინიმალურია და არა – წამყვანი. საღმრთო ლიტურგიის დროს, მღვდელი წირავს, მაგრამ მრევლი თანამწირველია იმ გაგებით, რომ ის თავის გულს უერთებს იერარქის გულს და ისინი ერთად ლოცულობენ უფლის წინაშე. ღმერთი კი თავისი კეთილი ნებით გარდამოავლენს ხოლმე სულიწმიდის მადლს, როდესაც პური და ღვინო გარდაისახება უფლის ხორცად და სისხლად, ვეზიარებით მას ეკლესიის წევრები და ისე ვერთიანდებით. მრევლი დღეს იტვირთავს იმ ფუნქციას, რასაც ადრე საეკლესიო თემი ასრულებდა. საეკლესიო თემი, ფაქტობრივად, ერთი სულიერი ოჯახი იყო. მაგალითად, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ჩემთან მოდიან და მეუბნებიან, – მამაო, თუ შეიძლება, თქვენი სულიერი შვილი გავხდები, ოღონდ აქ სიარულს ვერ შევძლებ, სხვაგან ვივლი და აქ აღსარების ჩასაბარებლად მოვალო. მე ვეუბნები, რა თქმა უნდა, შეგიძლია, მხოლოდ აღსარებებზე მოხვიდე, მაგრამ რეალურად, მრავალი მიზეზის გამო, მე შენს სულიერ ზრდაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ და ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ შენ ვერ გახდები შენი თემის, შენი სამრევლოს ცოცხალი ნაწილი, ვერ ისწავლი მოყვასის სიყვარულს, იმიტომ, რომ მრევლისგან მოწყვეტილი იქნები–მეთქი. იმისთვის, რომ ადამიანი სულიერად გაიზარდოს, მრავალ საჭიროებასთან ერთად, ერთ–ერთი საჭიროებაა, იყოს მრევლის ორგანული ნაწილი. მართალია, ადამიანური ურთიერთობები ეგოიზმის, შურის, ანგარების ფონზე მიმდინარეობს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენ, თითოეულ ადამიანს გვაქვს, მაგრამ ამ ყოველივეს დათმენით, ვთქვათ, მოყვასის მხრიდან ნებისმიერ არასწორ ქმედებაზე სიყვარულის მიგებით, მათი უძლურებისა და ცოდვის დათმენით, ადამიანის შეყვარებით, როგორიც ის არის, ჩვენი მხრიდან მოწყალების გაღებით და ა.შ. ასეთ ურთიერთობებში ადამიანი სწავლობს მოყვასის სიყვარულს, რაც მისი სულიერი ზრდის კეთილი ნაყოფია. ე.ი. თუ ადამიანი სულიერად იზრდება, მას მოყვასი უყვარდება და ეს, პირველ რიგში, სამრევლო ურთიერთობებში უნდა გამოვლინდეს.

– ანუ ადამიანი რომელ ეკლესიაშიც აირჩევს სულიერ მოძღვარს და გახდება მრევლი, იმ ტაძარში უნდა იაროს?

– ამის შესახებ საეკლესიო კანონმდებლობა არ არსებობს, მაგრამ რეალური ქრისტიანული, სულიერი ცხოვრება ამ პრაქტიკას ადასტურებს. ადამიანს, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, უნდა უყვარდეს ღმერთი, სასუფეველი, რომელსაც ვერ ხედავს და ნელ–ნელა იწყებს განცდას უფლისას და სასუფევლისას. მაგრამ იგი ხორციელი თვალებით, ხილულად ხედავს ტაძარს, თავის სამრევლოს, მოძღვარს. ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს, თუ ადამიანს არ უყვარს მოძღვარი, არ არის თავისი ტაძრის პატრიოტი და არ ზრუნავს მის კეთილმოწყობაზე, არ მონაწილეობს იმ პრობლემების დაძლევაში, რაც ტაძარში არსებობს, არ უყვარს ხილული და–ძმანი, რომელიც მრევლად იწოდება, მათ პრობლემებს არ ითავისებს, მათი სიხარული არ უხარია, ანუ ის, რაც ხილულია, ადამიანს არ უყვარს და მის სიყვარულს არ სწავლობს, უხილავს როგორ შეიყვარებს? განა მოციქულიც ასე არ გვასწავლის? თუ ძმა არ გიყვარს, რომელსაც ხედავ, როგორ უნდა შეიყვარო ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავო. ამიტომ აუცილებელზე აუცილებელია, ადამიანი იყოს მრევლის წევრი, რომელი სამრევლოს წევრებიც ერთი მოძღვრის სულიერი შვილები არიან. პრაქტიკა ადასტურებს, რომ ეს პიროვნების სულიერი ზრდისთვის აუცილებელია.

– საინტერესოა რეალური სურათი, ანუ დღევანდელი მრევლი საკუთარ მოვალეობას რამდენად ასრულებს და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება მას?

– ზოგი ფიქრობს, ან თუ არ ფიქრობს, შესაბამისად, ასე ცხოვრობს, რომ მრევლი არის ეკლესიის პასიური ნაწილი. არავითარ შემთხვევაში, მრევლი არაა ეკლესიის პასიური ნაწილი. როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეული წევრი არის ეკლესიის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ცოცხალი უჯრედი, და როგორ შეიძლება ორგანიზმში რომელიმე უჯრედი იყოს პასიური? ყოველ ადამიანს, მრევლის ყველა წევრს, გარკვეული ნიჭი ეძლევა, ამის შესახებ პავლე მოციქული გვასწავლის. ყოველ ჩვენგანს რაღაცა ნიჭს აძლევს უფალი. უნიჭო ადამიანი არ არსებობს. და თუ პიროვნებას ვერ უპოვია ეს ნიჭი, უნდა ევედროს ღმერთს, რომ აპოვნინოს და ამ ნიჭის შესაბამისად ემსახუროს უფალს, რაც ხილულად უნდა გამოვლინდეს ეკლესიისადმი მსახურებასა და მის ერთგულებაში. ხანდახან, მოძღვარი გამოდის ამბიონზე და მრევლს მოუწოდეს გარკვეული დავალების შესრულებისკენ, ეს ეხება, ვთქვათ, მრევლის სულიერ აღმშენებლობას, ან ეკლესიის კეთილდღეობას, ტაძრის გამშვენებას, ან რაღაც გეგმებს დასახავს, ღმრთის სიტყვის გავრცელებას, შეიძლება, პატრიარქის კურთხევას განაცხადოს, ან თავისი მოსაზრება… ამ დროს მრევლისგან ელოდება აქტიურობას, რადგან, თუ მრევლი არაა აქტიური, საქმე არ კეთდება და ძალიან სამწუხარო შედეგამდე მივდივართ ხოლმე, მრევლის უდიდესი უმრავლესობა სრულ პასიურობასა და გულგრილობას იჩენს ამ ყოველივეს მიმართ, ტაძრის გამშვენებაშიც, ეკლესიის აღმშენებლობასა და ღვთის სიტყვის გავრცელებაშიც. იმისათვის, რომ მათ ეს მოვალეობა აღასრულონ, მრევლი აქტიური უნდა იყოს, არ შეიძლება, მრევლის წევრის ქრისტიანობა დაიწყოს წირვის დაწყებისას და დასრულდეს წირვის დასრულებისთანავე. იგი აქტიური უნდა იყოს ყოველთვის და ყველგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი არის ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა, ცხონება და ეკლესიაში იმისთვის ვართ, რომ ეს უმთავრესი მიზანი აღსრულდეს.

– ასეთმა პასიურობამ, ანუ საკუთარი მოვალეობებისადმი გულგრილობამ რა უარყოფით შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს მრევლის წევრები?

– გულგრილობა არის საშინელი სენი, რომელიც სპობს ქრისტიანობას და უკეთეს შემთხვევაში, ადამიანს ფარისევლად აყალიბებს. ღმრთისმსახურებისას გარეგნული წესების შესრულებით, კმაყოფილდებიან და იმის იქით აღარ იყურებიან. გარდა ამისა, როცა ადამიანი გულგრილია, მას კიდევ ერთი პრობლემა აქვს, საკუთარ თავს ვერ აიგივებს ორგანიზმის ნაწილად, ანუ მისთვის ეკლესიური ცხოვრება დაიყვანება მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობამდე, არ შეიძლება ასეთი ეგოისტური დამოკიდებულება. ჩვენ, ეკლესიაში ერთნი ვართ და ერთობა უნდა გვქონდეს.

– საინტერესოა, მღვდელი რა მეთოდებით უნდა ცდილობდეს ასეთი მდგომარეობიდან მრევლის გამოყვანას?

– ამ მდგომარეობიდან გამოყვანისთვის, მღვდელი, პირველ რიგში, საკუთარ თავზე მუშაობას უნდა ცდილობდეს, რომ საკუთარი ცხოვრების წესით მაგალითი მისცეს მრევლის წევრებს. ისინი უნდა ხედავდნენ, რომ მათი მოძღვარი, წინამძღვარი არის არა უბრალოდ წირვის დროს, როცა უფლის წინაშე წინ წარსდგება და ლოცვას აღავლენს. არამედ იგი წინამძღვარია, ტაძრის გარეთაც, ზოგადად, ქრისტიანულ ცხოვრებაში. გარდა ამისა, მღვდელი უნდა ცდილობდეს, წირვის დროს თავისი მსახურება ისე ააგოს, რომ მრევლიც თანამონაწილე გახადოს, ანუ წირვისას, ჩემს ლოცვებში, გულსა და ქმედებებში უნდა მოიაზრებოდნენ მრევლის წევრები და უნდა ვეცადო, ჩემი შინაგანი მდგომარეობით, მრევლის თითეული წევრიც ჩავრთო ღმრთისმსახურებაში, რათა ისინიც აქტიურნი გახდნენ ამ პროცესში. გარდა ამისა, მოძღვარი მრევლს ცოცხალ ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობას, ანუ ლოცვას უნდა ასწავლიდეს. მღვდელმა მრევლს რომ ლოცვა ასწავლოს, საჭიროა, ლოცვა ჯერ თვითონ ისწავლოს. თუ მღვდელი ამას ცდილობს, მაშინ მისი ეს მცდელობა სიტყვის გარეშეც კი საცნაური ხდება მრევლისთვის. საკმარისი არ არის მარტო მოწოდება, საჭიროა, ლოცვით საქმიანობაში პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. ლოცვა, ისე როგორც ყველა სხვა საქმიანობა, ისწავლება და რადგან ლოცვა ყველაზე უმაღლესი საქმიანობაა, ამიტომ ყველაზე რთულიც არის. თუ მღვდელმა თავის თავზე არ იმუშავა, თუ თვითონ არ იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ლოცვის შესასწავლად, სხვას ვერ ასწავლის. და თუ მღვდელმა ლოცვა არ ასწავლა მრევლს, მრევლი ვერ გააქტიურდება. შეიძლება, უკეთეს შემთხვევაში, სოციალურად გააქტიურდეს. სოციალურად გააქტიურებული მრევლი კარგია, მაგრამ მთლიანობაში, ის საღმრთო საქმეს ძნელად გააკეთებს, იმიტომ, რომ სოციალურად გააქტიურებული, მაგრამ არასულიერი მრევლი, ძირითადად, საკუთარ ამბიციებზე იქნება დაყრდნობილი და როგორც წესი, ასეთ განწყობას ნაყოფი ნაკლები აქვს, ყოფით ცხოვრებაშიც და, რაც მთავარია, სულიერ ცხოვრებაში. მრევლის აქტიურობა სულიერებიდან უნდა იკვებებოდეს და არა ამბიციიდან, რომ ჩვენ მაგრები ვართ. ძალიან ბევრი რამეა მოძღვარზე დამოკიდებული. ასევე, მღვდელმა თავისი ცხოვრებით სულიერ შვილებს უნდა აჩვენოს, რომ გულგრილობა არ შეიძლება იმ პრობლემებისადმი, რა პრობლემებიც, გლობალურად არსებობს ეკლესიასა და სამშობლოში. უნდა ასწავლოს სამშობლოს ტკივილის, ეკლესიის პრობლემების გათავისება და მათი გამოსწორებისთვის ზრუნვა ქრისტიანული მეთოდებითა და საშუალებებით. მაგრამ ამ ყველაფერს ფასი დაეკარგება, თუ მოძღვრის მხრიდან არ იქნება ღმრთისაკენ გულმხურვალე სწრაფვის, ლოცვის სწავლისა და შემდეგ ამ სწავლების მრევლისათვის გადაცემის მცდელობა.

– მამაო, მახსოვს, ერთ–ერთ ქადაგებაში ძალიან საინტერესოდ საუბრობდით აღსარების საიდუმლოს შესახებ. მაშინ აღნიშნეთ მრევლის ერთ–ერთ სისუსტეზე, რომ ამ საიდუმლოს არსი ზოგიერთ ქრისტიანს გაცნობიერებული არ აქვს.

– არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ ისწავლეს აღსარების თქმა. მათთვის აღსარება არის არა საკუთარი ცოდვილობის განცდა და ღმრთის წინაშე იმ ცოდვების აღიარება, არამედ მათი აღსარება მოძღვრის წინაშე კეკლუცობამდე დაიყვანება, როდესაც საკუთარ თავზე ხშირად სიკეთის მხრიდან საუბრობენ. ან საუბრობენ ცოდვებზე, მაგრამ სირცხვილის განცდის გარეშე. აღსარება ღმერთთან საუბარია, ამიტომ იგივე ლოცვაა, ეს ის ლოცვაა, რომელ ლოცვაშიც შენ უფლის წინაშე საკუთარ თავს აშიშვლებ ცუდი მხრიდან. ამ დროს მოძღვარი შენი ლოცვის მხოლოდ მოწმეა. როდესაც აღსარებაზე მოდიან არა ღმერთთან სალოცავად, არამედ მოძღვართან სასაუბროდ, კეკლუცობად იმიტომ გადაიქცევა ხოლმე მათი აღსარებითი მდგომარეობა, რომ ადამიანებს ნიღბის ჩამოხსნა არ სურთ და იწყებენ საკუთარ პრობლემებზე, ან სიკეთეებზე საუბარს. ცოდვას თუ იტყვიან, იქვე გასამართლებელ არგუმენტებს მოაყოლებენ. ასეთ დროს პიროვნების შინაგანი მეტამორფოზა არ ხდება, რადგან თუ აღსარება სწორად არ წარიმართა, ვერ აღესრულება ის საიდუმლო, რასაც სინანული ეწოდება.

– ბოლოს, როგორი იქნება მრევლის მიმართ თქვენი სურვილები?

– მრევლის წევრებს იმას ვუსურვებ, რასაც საკუთარ თავსაც ვუსურვებ, გულმხურვალედ გვიყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ამინ!

ეფემია წიკლაური
წყარო: sana.ge