qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

რატომ არსებობს ჯოჯოხეთი?

 

 ვლადიმერ ლეიგოდა

 

 

ყველაზე ბუნებრივი კითხვა ურწმუნო ადამიანებისათვის – რატომ არსებობს ჯოჯოხეთი? თუ ღმერთი თვით სიყვარულია, მაშინ რატომ იმეტებს იგი ადამიანებს სამუდამო ტანჯვისთვის? პასუხი, ამ თითქოს და ამოუხსნელ კითხვაზე, სინამდვილეში მარტივია.

მთავარი აქ სხვაა. ქრისტიანობა ამ ქვეყანაზე იმის სათქმელად არ მოსულა, რომ ჯოჯოხეთი არსებობს. ჯოჯოხეთი – გარდაცვლილების ბნელი სამეფო, ქრისტიანობამდე არსებულმა თითქმის ყველა კულტურამ იცოდა. თავისი აღდგომით ქრისტემ ადამიანებს სიკვდილის კი არა, სიცოცხლის საიდუმლო გაუხსნა – სამოთხის საიდუმლო. სამწუხაროდ, ჩვენი წარმოდგენა სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე, ძალიან შორს არის ქრისტიანულისგან. სიტყვა ‘’ჯოჯოხეთი’’, ბევრ ჩვენ თანამედროვეს გაიგივებული აქვს საბჭოთა კავშირის დროინდელ ჟურნალ ‘’კროკოდილში’’(ნიანგში) დაბეჭდილ სურათებთან, ტაფები, რომლებსაც ხარბად ლოკავს ჯოჯოხეთის ალი, ცოდვილები, რომლებიც ამ ტაფებზე იხრუკებიან და რქიანი ეშმაკები, უმოწყალოდ რომ აწვალებენ ამ ადამიანებს. გარწმუნებთ, რომ ამ სურათებს არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანული გაგებით სამუდამო ტანჯვასთან. თუ ამის წარმოდგენა გსურთ, მე გირჩევთ ნახოთ თანამედროვე რუსული ფილმი, ვალერი ტოდოროვსკის ბოლო ნამუშევარი – ‘’ყრუების ქვეყანა’’. იქ არის სცენა, რომელიც არაჩვეულებრივად გადმოსცემს ჯოჯოხეთის განცდას. იმათთვის, ვისაც ეს ფილმი არ უნახავს – მთავარი გმირი – ახალგაზრდა ქალი. მისი შეყვარებული – აზარტული მოთამაშე, – რომელსაც უზარმაზარი ვალი აქვს. ქალიშვილი თავისი სიცოცხლის რისკის ფასად აგროვებს ამ თანხას, მისი შეყვარებული(მოთამაშე!) კი ვალის დაბრუნებამდე კიდევ ერთხელ სცდის ბედს და … რა თქმა უნდა, ყველაფერს წააგებს. შემდეგ გულის განმგმირავი სცენა; არც ერთი საყვედური და სალანძღავი სიტყვა, ერთადერთი რასაც ქალი ცდილობს, დაამშვიდოს შეყვარებული. ის ამბობს, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია მათ ერთმანეთი უყვარდეთ, რომ ფული არ არის მთავარი და რომ ის კიდევ იშოვის. პასუხად მამაკაცი ‘’ფეთქდება’’ და აგდებს შეყვარებულს, ყვირის, რომ არ შეუძლია მასთან ყოფნა, აწუხებს იმის შეგრძნება, რომ თვითონ უკანასკნელი ნაძირალაა, – ისევ წააგო ფული, პასუხად კი მხოლოდ სიყვარულს ღებულობს და არა გაკიცხვას. ასეთი გრძნობის მიღება არ შეუძლია, ვინაიდან ქალის ‘’სიკეთე’’ მას ‘’ტკივილს’’ აყენებს. რა თქმა უნდა, ის ამით კიდევ უფრო ‘’ცუდად’’ იქნება, რადგან ასეთი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის. დამეთანხმეთ, ძნელია ამ სიტუაციაში ქალის გამტყუნება და დაბრალება იმისა, რომ მან ‘’გაიმეტა’’ შეყვარებული სამუდამო ტანჯვისთვის. ეს გმირი, ჩემი აზრით, საკმაოდ ქრისტიანულად აღწერს ცოდვილის სულიერ მდგომარეობას და მის შეხვედრას ღმერთთან, – რომელიც თვით სიყვარულია. სიყვარული, რომელიც გწვავს და რომლის გარეშეც სიცოცხლე არ არსებობს. ადამიანი, რომელიც დიდხანს ზის ბნელ ოთახში და უარს ამბობს გარეთ გასვლაზე, აუცილებლად ბრმავდება, როგორც კი მის სახეს მზის პირველი სხივები შეეხება. და ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მას არ სურდა დღის შუქზე გასვლა და ამის გამო, მისმა თვალებმა სინათლის, ანუ სიცოცხლის აღქმის უნარი დაკარგა? ასე რომ, ადამიანი თვითონ წირავს თავს სიბნელისა და მუდმივი ტანჯვისათვის. და მაინც – ქრისტიანობა – ეს არის ‘’სასიკეთო უწყება’’(ბერძ. ევანგელიე) სიცოცხლეზე და არა სიკვდილზე. ერთადერთი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება – გავაღოთ კარი და გავიდეთ სინათლეში, სანამ გვიან არ არის. საამისო დრო, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს.

ავტორი: ვლადიმერ ლეიგოდა