qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

სიყვარულის შესახებ*

 

 

წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი

(949-1022)

 

 

(აგრეთვე იმის შესახებ თუ როგორია სულიერ კაცთა გზანი და საქმენი.
აქვეა ნეტარყოფა იმათი, რომლებიც გულისმიერ სიყვარულს ფლობენ)

ძმანო და მამანო! თუმცა მწადია, სულის მარგებელი რამ გაუწყოთ თქვენ, მაგრამ თვით ქრისტე, ჭეშმარიტება მოწამეა იმისა, რომ ვეკრძალვი მე თქვენს სიყვარულს, რადგან ვიცი უღირსება ჩემი. ამის გამო მარადჟამს დუმილს ვარჩევდი როგორც ეს უწყის უფალმა და არც არასოდეს ავწევდი თავს, რომ არ მეხილა კაცის სახე, რადგან მგმობდა მე სინდისი. სწორედ რომ უღირსებით ვიჩინე ყველა თქვენგანის წინამძღვრად, თითქოს და ვიყო მე გზის მცოდნე, მე, რომელმაც ისიც კი არ ვიცი ფეხს სად ვაბიჯებ, რომელიც წვერსაც კი არ შევხებივარ იმ გზისა, ღვთისკენ რომ მოგვიძღვის. არცთუ მცირედი ურვა და წუხილი მიპყრობს, რადგან მე, გლახაკი, გამომარჩიეს წინდამძღვრად თქვენდა, უპატიოსნესთა, თუმცა თქვენგანვე მმართებს წინამძღვრობა, როგორც უმცირესს ჟამითა და ასაკით, ამასთან გამოუცდელს, რამეთუ არ ძალმიძს ჩემივე ცხოვრებიდანაც დავიმოწმო რამ და ამ გზით დაგმოძღვროთ თქვენ, დაგმოძღვროთ და შეგახსენოთ რჯულისა და საღმრთო ნების შესახებ. ასე რომ, რასაც გაუწყებთ, ვიცი, რომ ჩემს მიერ არაფერი ქმნილა მათგან. ისიც კარგად ვუწყი, რომ უფალი და ღმერთი ჩვენი ფუჭად მესიტყვეს როდი ნეტარყოფს, არამედ მას, ვინც სიტყვას საქმე წაუმძღვარა. „ნეტარი არის, ამბობს, ვინც ქმნა და ასწავლა: დიდი ეწოდება მას ცათა სასუფეველში.“ (შდრ. მათე 5,19). ამგვარ მოძღვარს მოწაფეებიც ყურს უგდებენ და მისდამი ბაძვას ეშურებიან, თუმცა იმდენად სიტყვებიდან როდი ირგებენ, რამდენადაც აღანთებთ მათ მოძღვრის კეთილი საქმეები და აიძულებთ იგივე ქმნან; თვით მე ამგვარ საქმეთა უმეცარი ვარ და კარგსაც ვერაფერს ვხედავ ჩემში, მაგრამ გეაჯებით და გევედრებით ყველა თქვენგანს, საყვარელნო ძმანო ჩემნო, არათუ ჩემს ამღვრეულ ცხოვრებას ჭვრეტდეთ, არამედ საუფლო მცნებებსა და წმინდა მამათა შეგონებებს, რადგან მათ, ჩვენს მნათობთ, იმგვარი არაფერი დაუწერიათ, რაც წინდაწინვე თვით არ უქმნიათ, რა საქმეშიც ისინი თავად არ წამრატებულან.

ამიტომ, გვქონდეს ჩვენ ერთი ზიარი გზა, – მცნებანი ქრისტესი, – რაც აგვიძღვება ზეცად, ღვთისკენ. თუმცა სხვადასხვა გზებს აღწერს სიტყვა, მაგრამ არათუ ბუნებაში აქვს მას სხვაობა, არამედ ყოველი ჩვენგანის შეძლებისა და წადიერების შესაბამისად მრავალ გზად განიყოფა იგი, რადგან იმ მგზავრთა მსგავსად, რომლებიც სხვადასხვა ადგილებიდან და ქალაქებიდან გამოდიან, ჩვენც მრავალი სხვადასხვაგვარი საქმითა და მოღვაწეობით ვიწყებთ წისნვლას, ვეშურებით კი მიახლებას ერთ სავანესთან, – ცათა სასუფეველთან, საღვთო კაცთა საქმენი და გზანი სულიერ სათნოებათა აზრით უნდა გავიგოთ. ვინც სათნოებათა გზას დაადგება, მართებს მას, ერთ მიზანს ესწრაფოს, რომ სხვადასხვა ადგილიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსულებმა, როგორც ითქვა, შეაღწიონ ერთ ქალაქში, – ცათა სასუფეველში, შეუვრდენ იქ ერთ მეუფეს, ღმერთსა და მამას, და ქრისტესთან თანამეუფების ღირსად იჩინონ. ქალაქი ესე, – ერთადერთი და არა მრავალი, – მოასწავებს სათნოებათა წმინდა და განუყოფელ სამეულს, უფრო კი – პირველს მათ შორის, რომელიც არის (ასე ამბობენ) ამავე დროს უკანასკნელიც, როგორც სრულყოფა სიკეთეთა და მათ შორის უპირეტესი. ვამბობ სიყვარულს, რომლის მიერ და რომლის წიაღ და საფუძვლდა ყველა რწმენა და აღმოცენდა სასოება, რომლის გარეშე არ არსებობს არც ერთი არსი, არცთუ ოდესმე იარსებებს. მრავალია მისი სახელი, მრავალგვარია მისი საქმე, უმრავლესია ნიშანდებანი და უფრო ბევრი -საღვთო თვისება, მაგრამ ბუნება ერთი აქვს მას, – ყოვლად ფარული ერთნაირად ანგელოზთაგან თუ კაცთაგან ანთუ ყველა იმ ქმნილებისაგან, რომლებიც ჩვენთვის, შესაძლოა, უცნობი იყო. უწვდომელია მისი გულისხმა („ლოღოს“), მიუახლებელია მისი დიდება, უკვლევია მისი ზრახვანი; საუკუნოა იგი, რადგან უჟამოა; უჭვრეტელია, რადგან ვერსაწვდომია, თუმცა კი გულისხმავყოფ მას. მრავალგვარია მშვენება მისი, – ამ ხელთუქმნელი, წმინდა სიონისა. ვინც მიეცემა მისდამი ჭვრეტას, აღარ ალხენს მას გრძნობადი სახილველი, არცთუ ქვეყნიურ დიდებას ესწრაფვის იგი.

მაცადეთ, მე, უპირველესად მცირედ ვეზრახო მას, მცირედ ვესიტყვო, რომ მასვე ვუძღვნა, რაოდენი ნდომაც მაქვს მისი, რადგანაც, საყვარელნო მამანო და ძმანო, რაწამს მოვიხსენე მშვენებანი შეურყვნელი სიყვარულისა, ჩემს გულშიმ ყისვე აღმოცენდა მისი ნათელი, წარმიტაცა მისმა სიტკბომ და მომესპო ხორციელი რამ ყველა გრძნობა. მთელი არსებით გავუცნაურდი ამ ცხოვრებიდან და დამავიწყდა ამჟამნიდელი. შემდეგ კი, – არ ვიცი, როგორ გამოვთქვა, -კვლავ შორს განმიდგა ეს ნათელი და მე ჩემივე უძლურების გლოვად დამტოვა. ჰოი, სიყვარულო ყოვლადსაწადელო, ნეტარი არის ვინც ამბორს-გიყო შენ, რადგან აღარ იდომებს იგი ვნებიან ამბორს მიწითშობილი მშვენებისადმი; ნეტარი არის, ვინც შენ შეგეწნა საღვთო ტრფობით, რადგან განუდგება იგი მთელ ქვეყანას და ყველა კაცთაგან ახლომყოფი არავისგან არ შეირყვნება. ნეტარი არის, ვინც ეამბორა შენს სიტურფეებს, ვინც იშვებს მათგან უსასრულო გულისთქმით სავსე, რადგან განწმენდს მის სამშვინველს წყალი და სისხლი, შენგან უხრწნელად რომ მოწვეთავს. ნეტარი არის, ვინც წადიერად შეგეტკბო შენ! კეთილცვალებით შეიცვლება ის სულიერად და განიხარებს სამშვინველით, რადგან შენ ხარ სიხარული მიუთხრობელი. ნეტარი არის, ვინც შეგიძინა შენ. ასეთი ვინმე არად შერაცხავს ამქვეყნიურ საგანძურებს, რადგან თავად ხარ სიმდიდრე, ჭეშმარიტად დაულეველი. ნეტარი არის, სამგზის, ნეტარი, ვინც შენ ითვისე, რადგან იგი, ხილულ დიდებას მოკლებული, იქნება ყველა დიდებულზე ზედიდებული, ყველა პატივზე უმეტესად პატივდებული და ღირსეული. ქების ღირსია, ვინც შენსკენ ილტვის; ხოლო უმეტეს საქებელი, ვინც შენვე გპოვებს. მაგრამ უფრორე ნეტარია, ვინც თვით იყვარე, ვინც შენ ითვისე, ვინც შენ განსწავლე, ვინც დაიმკვიდრა შენს წიაღში, ვინც შენს მიერ მიიღო საზრდო, – ქრისტე უკვდავი, ქრისტე ღმერთი ჩვენი.

ჰოი საღვთოო სიყვარულო, სად შემოიცავ ქრისტეს, სად იფარავ მას? რად განგვეშორე ჩვენ, რაჟამს მიიქვი მაცხოვარი სოფლისა? მცირედით მაინც განაღე კარი ჩვენ უღირსთათვის, რომ ჩვენც ვიხილოთ მაცხოვარი, ჩვენთვის ვნებული; ჩვენც ვერწმუნოთ მის მოწყალებას, ვერწმუნოთ, რომ აღარ მოვკვდებით მას შემდეგ, რაც მას ვიხილავთ. განიღე ჩვენთვის შენ, რომელიც კარად ექმენ უფლის ხორციელ განცხადებას, შენ, რომელმაც სძალე უფლის უშურველნი და უძლეველნი ნაწლევნი ყველა ჩვენგანის ცოდვათა და სენთა ტვირთად: შენ, რომელიც არ განგვაგდებ ჩვენ და არ გვეტყვი: „არა გიცნი თქვენ“ (მათე 25, 12; ლუკა 13, 15.27); დაემკვიდრე ჩვენთან, რომ შეგვიცნო შენგან უცნობნი, დაემკვიდრე ჩვენთან, რომ მეუფემ შენი წყალობით ჩვენც მოგვხედოს სიგლახაკეში. რაჟამს ის მოვა, ჩვენს სანაცვლოდ შენვე ისტუმრე, რადგან ყოვლად უღირსნი ვართ; იქნებ გეზრახოს, შენი უფალი, შეყოვნდეს მცირედ და შენთან ერთად ჩვენც გვიწყნაროს, – ჩვენ, ცოდვილნი, – რომ შევუვრდეთ მის უხრწნელ ფერხთა! კეთილად უთხარ ჩვენს შესახებ და მეოხ გვეყავ, მოგვიტევოს ბოროტებათა თანანადები, რომ შენს მიერ კვლავ გვეღირსოს უფლის მონობა, უფლისმიერი მზრუნველობა, უფლისგან საზრდო. თუნდაც არ ვიყოთ თანამდებნი, მაინც იგივე სასჯელი დაზღვევა იქნება, თუკი წარვმწყდებით შიმშილისა და სიგლახაკეში.

შენდობა გვეცი, ჰოი წმინდაი სიყვარულო, და გვაშურვე სიკეთენი უფლისა, რომელთა სიტკბოს შენს გარეშე ვერვინ იგემებს. ვინც შენ ღირსებით არ გსათუთობს, ვისაც ჯეროვნად არ ჰყვარობ შენვე, – ასეთი ვინმე, თუნდაც სრბოდეს, ვერ ეწევა თავის საწადელს. ყოველი მსრბოლი, ვიდრე განლევს თავის სარბიელს, ეჭვებში არის, ხოლო იგი, ვინც შენგეწია ანდა ვისაც შენვე ეწიე, ყოვლად მტკიცეა, რადგან შემ ხარ რჯულის სრულყოფა, შენ, რომელიც შემიპყრობ და აღმანთებ მე, რომელიც მძლავრად აღმიგზნებ გულში უსაღვრო სურვილს ღვთისა მიმართ, ძმათა ჩემთა და მამათა მიმართ. შენ ხარ მოძღვარი წინასწარმეტყველთა, თანამსრბოლი მოციქულთა, ძალი მოწამეთა, შთაბერვა მამათა დამოძღვართა, სრულქმნილება ყველა წმინდანისა, აწ კი – ხელამპყრობელი ამჟამინდელი მსახურებისა.

შემინდეთ, ძმანო, რადგან მცირედ წარმიტაცა სამოძღვრო სიტყვამ; იქმოდა ამას სურვილი სიყვარულისა, რომლის ხსენებით, ღვთაებრივი დავითის თქმისებრ, კვლავ „განიხარა ჩემმა სულმა“ (ფს. 15, 9; 72, 21; შდრ. 76, 4), კვლავ უგალობა მან სასწაულებს სიყვარულისას. ვევედრები თქვენს სიყვარულსაც, ძალისამებრ ესწრაფეთ მას, სარწმუნოებით სრბოდეთ მისკენ და თუ ეწევით, აღარასოდეს გამტყუნდება თქვენი იმედი. ამაოა და ყოვლად ურგები ყოველგვარი გულმოდგინება, ყოველგვარი ღვწა და გარჯა, თუ არ მივილტვით შემუსვრილი სულის წიაღ სიყვარულისკენ. არანაირ სხვა სათნოებას, საუფლო მცნების არანაირ აღსრულებას არ შეუძლია საჩინო-ყოს ქრისტეს მოწაფე, რადგან ამბობს თვით უფალი: „ამით გიცოდიან ყოველთა, რამეთუ მოწაფენი ხართ უკუეთუ იყუარებოდეთ ურთიერთას“ (იოანე 13, 35).

სიყვარულის გამო „ხორცი გახდა სიტყვა და დაემკვიდრა იგი ჩვენში“; მანვე სიყვარულისთვის განკაცებულმა, ნებსით დაითმინა ყველა ცხოველმყოფელი ვნება, რომ გამოეხსნა ჯოჯოხეთის მახეთაგან მისი ქმნილება, ადამიანი, აღედგინა იგი და ცად აეყვანა. სიყვარულის გამო ისრბოლეს მოციქულებმა ამ მშფოთვარე სარბიელზე. სიტყვისმიერი ანკესითა და ბადით მოითხევლეს მათ მთელი ქვეყანა, კერპთ სიცოფის სიღმიდან ამოზიდეს იგი და ცხონებულყვეს სასუფევლის ნავსაყუდელში. სიყვარულისთვის დათხიეს სისხლი მოწამეებმა, რადგან არ წარწყმიდეს მათ ქრისტე. სიყვარულის გამო წადიერად ანაცვალეს სული კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას ღმერთშემოსილმა მამებმა და ქვეყნიერების წინამძღვრებმა; და ჩვენც, გლახაკნი, შევუდექით თქვენს წინამძღვრობას, ჰოი, უპატიოსნესნო მამანო და ძმანო ჩვენო, რომ ძალისამებრ ვბაძოთ მათვე, რომ ვივნოთ თქვენთვის, დავითმინოთ თქვენი გულისთვის და აღვასრულოთ ყოველივე აღსადგენად და სარგებლად თქვენდა, რომ წარგადგინოთ ღვთის ტრაპეზზე, ვით სრული მსხვერპლი, ვით სულიერი მრგვლივდასაწველი, რადგან თქვენ ხართ ნაშობნი ღვთისა, რომლებიც ღვთისგან მემებოძეთ, როგორც შვილები, როგორც ნაწლევნი და თვალნი ჩემნი. სამოციქულო სიტყვათაებრ, თქვენა ხართ ჩემი სიქადული (შდრ. II კორ. 1, 14), ბეჭედი ჩემი მოძღვრებისა (შდრ. I კორ. 9, 2). ამიტომ, ყოვლითურთ ესწრაფეთ, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო ჩემნო, ურთიერთის სიყვარულით ემსახუროთ ღმერთს და, აგრეთვე, იმას, ვინც თქვენ ირჩიეთ სულიერი მამის სახედ (თუმცა სრულიად უღირსი ვარ); დაე, ჩვენმიერი ერთხობითა და სრულქმნილებით იხაროს ღმერთმა; ვიხარებ მეც, გლახაკი, როდესაც ვხედავ თქვენეული საღვთო ყოფის წინსწრაფულად მარადიულ წარმატებას უმჯობესისკენ რწმენით, სიწმინდით, საღვთო შიშით, კრძალვით, მწუხარებითა და ცრემლებით, რომელთა მიერ განიწმინდება შინაგანი კაცი და აღივსება იგი საღვთო სინათლით, რაჟამს შემუსრვილი სულისა და დამდაბლებული გონების წიაღ სულიწმინდა მთლიან ყოფს მას. სიხარული ჩემი გაკურთხებს თქვენ და შეგძენთ თქვენ წარუწყმედელსა და ნეტარ ცხოვრებას იესო ქრისტეს მიერ, უფლისა ჩვენისა. – დიდება მისდა უკუნისამდე, ამინ!

______________________

1ძეგლის ორიგინალის მეცნიერული პუბლიკაცია ეკუთვნით ბ. კრივოშეინს და ჟ. პარამელს, რომლებმაც სამ ტომად გამოსცეს წმ. სვიმეონის კატექეზისები (იხ. Ѕγméon le Nouveau Théologien, Catéchèses , ed. par B.Krivocheine, J. Paramelle, t. I-III, Paris, 1963-1965; მესამე ტომს ერთვის წმ. სვიმეონის ორი „სამადლობელი“). წინამდებარე თარგმანი აღნიშნულ გამოცემას ეფუძნება.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და
კომენტარები და
ურთო ედიშერ ჭელიძემ.
წყარო: ჟურნალი “გული გონიერი”